აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2018 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა

ნედლ რძის ფასთან ერთად, საინტერესოა თუ როგორ შეიცვალა ქართულ ბაზარზე მისი კონკურენტის, აღდგენილი რძის, ღირებულება. ადგილობრივი ნედლი რძის ფასებზე ნახევარი წლის შეჯამებას შეგიძლიათ წინა სტატიაში გაეცნოთ, ამ სტატიაში ძირითადად აღდგენილი რძის ღირებულებაზე ვკონცენტრირდებით, თუმცა, რაღა თქმა უნდა მას შევადარებთ ნედლი რძის ფასებთან.

მიმდინარე წელი იმპორტირებული კარაქით (ი.კ.) აღდგენილი რძის, ისევე როგორც ნედლი რძის, მაღალი ფასებით დაიწყო. პირველი კვარტლის განმავლობაში ამ ორი პროდუქტის ღირებულებას[1] შორის სხვაობა მინიმალური გახლდათ, თუმცა მეორე კვარტალში ის დაახლოებით 25 თეთრამდე გაიზარდა. მართალია რომ იმპორტირებული კარაქი და ფხვნილი გაიაფდა (რასაც კურსის ვარდნამაც შეუწყო ხელი), მაგრამ მათი გაიაფება იმდენად დიდი არ ყოფილა რომ ი.კ-ით აღდგენილი რძე ნედლ რძეზე მეტად გაიაფებულიყო.

უცხიმო აღდგენილი რძე (ნაცრისფერი ხაზი) რა თქმა უნდა ზემოთხსენებულ პროდუქტებზე იაფი ჯდება.

მისი ღირებულება საინტერესოა იმით, რომ ეს პროდუქტი პრაქტიკულად რძის ფხვნილი და წყალია, რაც აღდგენილი რძისთვის აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ცხიმის დამატება იმპორტირებული კარაქის გარდა სხვა, ხშირად უფრო იაფი გზებითაც შეიძლება

პირველ კვარტალში, სხვაობა უცხიმო აღდგენილ რძესა და ი.კ-ით აღდგენილ რძეს შორის საშუალოდ 43 თეთრს შეადგენდა, მეორე კვარტალში კი - 37-ს. ეს იმას ნიშნავს რომ 1 კგ  ი.კ-ით აღდგენილ 2.5%-იან რძეში 25 გრამი ცხიმის ღირებულება სწორედ ეს 43  - 37 თეთრი გახლდათ. აღსანიშნავია რომ ნედლი რძის ფასების მინიმუმშიც კი (წელს მაისში - 66 თეთრი/კგ), უცხიმო აღდგენილი რძის ღირებულება 10 თეთრით უფრო იაფი გახლდათ.  

საინტერესო სტატისტიკური დეტალები 2018 წლის პირველი ნახევრისთვის:

  • გაიაფდა ფხვნილის იმპორტირება. 2018 წელს, 6 თვის ჯამში, კილოგრამის იმპორტის ღირებულება 1.86$-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 2.02$-ს
  • ივნისისთვის 1კგ ფხვნილის იმპორტის ფასი 1.75$-ს გაუტოლდა
  • კილოგრამი კარაქის იმპორტი საშუალოდ 5.06$ დაჯდა, რაც შარშანდელზე 1.3%-ით იაფია
  • მიუხედავად შემცირებული საშუალო ფასისა (დოლარში), იმპორტირებული კარაქის ფასების ქვედა ზღვარი გაზრდილია - იმპორტირებული კარაქი შარშან უფრო იაფად შეიძლებოდა გვეშოვნა ვიდრე წელს
  • ფხვნილის საყოველთაო გაიაფებას საქართველოში ექსპორტიორი ქვეყნების მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა: ის პრაქტიკულად აღარ შემოდის თურქეთიდან და ირანიდან; სანაცვლოდ, გაიზარდა ისეთი ქვეყნების წილი როგორიცაა გერმანია, აშშ და ნიდერლანდები
  • ქვეყნების მიხედვით კარაქის იმპორტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა და მთავარ შემომტანებად კვლავ უკრაინა, ბელარუსი, საფრანგეთი და ფინეთი გვლევლინებიან
  • დოლარის გაცვლითი კურსის 6 თვის საშუალო შარშანდელზე ოდნავ მცირეა, გარკვეულწილად იმპორტის წამახალისებელი ფაქტორია

მართალია რომ იმპორტირებული კარაქის ღირებულების ქვედა ზღვარმა აიწია, მაგრამ 2018 წლის მეორე ნახევრისთვის, ჩვენ მაინც ველოდებით რომ ი.კ-ით აღდგენილი რძის ღირებულება შარშანდელის ან უფრო დაბალ დონეზე შენარჩუნდება. ამას ძირითადად იაფი რძის ფხვნილი განაპირობებს, რომლის სწრაფი გაძვირება საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია. რა თქმა უნდა პროგნოზის გამართლებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დოლარის გაცვლითი კურსი და მის დონეზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.


[1] მოცემულ ფასებში არ შედის საქართველოს შიგნით ტრანსპორტირების ხარჯები. ნედლი რძის ფასებში არ შედის პასტერიზაციის დანახარჯები, აღდგენილი რძის ღირებულებაში კი უშუალოდ აღდგენის დანახარჯები.

მასალის გამოყენების პირობები

125

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასები, ოფიციალური სტატისტიკა - 2018 წლის ივლისი

 

რძის წარმოების, საშუალო წველადობისა და სულადობის მაჩვენებლები ინტენსიურ ფერმებში

 

comments powered by Disqus