აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ თვეში აღდგენილსა და ქართულ (შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში ნაწარმოებ) ნედლ რძეს შორის მეორე ყველაზე მაღალი სხვაობა დაფიქსირდა ჩვენი დაკვირვების პერიოდში. აღსანიშნავია რომ სხვაობა ყველაზე დიდი მიმდინარე წლის ივნისში იყო.

*GeorgianDairy-ს შეფასება დღგ-ს ჩათვლის შემთხვევაში. მონაცემთა წყაროები: GeorgianDairy.org - ნედლი რძის ფასი ქართულ შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში; ფინანსთა სამინისტრო - საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა; საქართველოს ეროვნული ბანკი - გაცვლითი კურსი.

აგვისტოში 100 ლიტრი, 2.5%-იანი ცხიმიანობის რძის აღდგენა 113.90 ლარი ჯდებოდა, რაც ჩვენი დაკვირვების პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პარალელურად, ნედლი რძის მოსახლეობისაგან ან ექსტენსიური ფერმებისაგან შეძენა საშუალოდ 86.00 ლარად იყო შესაძლებელი. სხვაობა ამ ორ ფასს შორის ყველაზე მაღალი მიმდინარე წლის ივნისში იყო (29.40 ლარი), აგვისტოში კი მეორე ყველაზე მაღალი სხვაობა გვაქვს (27.90 ლარი) ჩვენი დაკვირვების პერიოდისთვის.

მაღალი ხარისხის ნედლი რძის შეძენის ღირებულება ქართული მსხვილი ინტენსიური ფერმერებისაგან 100 ლიტრზე 110-140 ლარის ფარგლებში მერყეობს.

შეიძლება ითქვას რომ რძის აღდგენა ქართველ გადამამუშავებლებს წლიურ ჭრილში მიმდინარე წლის თებერვლიდან უძვირდებათ. 2019 წლის აგვისტოსთვის კი აღდგენა 10%-ით უფრო მეტი ჯდება ვიდრე ერთი ის წლით ადრე ჯდებოდა. წლის დასაწყისთან შედარებით, აგვისტოში, ფხვნილით დამზადებული რძე დაახლოებით 27.00 ლარით იყო გაძვირებული (100 ლიტრისთვის).

შეგახსენებთ რომ აღდგენილი რძის ღირებულებას 3 ძირითადი კომპონენტით ვითვლით:

  1. იმპორტირებული ფხვნილის ფასი აშშ დოლარში
  2. იმპორტირებული კარაქის ფასი აშშ დოლარში
  3. გაცვლითი კურსი

2019 წლის აგვისტოში:

  • ფხვნილის იმპორტის საშუალო ღირებულებამ 249$ შეადგინა 100 კილოგრამზე (CIF) – ასეთი მაღალი ფასი წლებია არ დაფიქსირებულა
  • 100 კილოგრამი კარაქის შედარებით იაფად შემოტანა 415$-ად შეიძლებოდა
  • დოლარის საშუალოთვიური გაცვლითი კურსი რეკორდულ 2.93 ლარამდე გაიზარდა

იანვარ-აგვისტოს პერიოდში ნახსენებ 27.00 ლარიან გაძვირებაში:

  1. რძის ფხვნილის ფასზე აშშ დოლარში, +18.00 ლარი მოდის
  2. იმპორტირებული კარაქის ფასზე აშშ დოლარში, +0.20 ლარი
  3. გაცვლითი კურსზე კი +8.80 ლარი

შესაბამისად, რძის აღდგენის გაძვირების მთავარი გამომწვევი იმპორტირებულ ფხვნილზე ფასების ზრდაა. საერთაშორისო ბაზარზე ფხვნილის ფასი გამყარდა - ეს ნაწილობრივ რძის წარმოების შემცირებას უნდა მივაწეროთ (ზოგიერთ საკვანძო რეგიონში), ნაწილობრივ ევროპაში ფხვნილის საინტერვენციო მარაგების ამოწურვასა და პარალელურად რძის ფხვნილზე მოთხოვნის ზრდას.  USDA-ს მიხედვით, ფხვნილზე ფასის მნიშვნელოვანი კლება მომავალ თვეებში მოსალოდნელი არაა.

ლარის კურსის გაუფასურებას ორჯერ უფრო ნაკლები ეფექტი ჰქონდა ვიდრე ფხვნილის გაძვირებას. კარაქის ეფექტი გაძვირებაზე მინიმალურია, რაც ინდოეთიდან პერიოდულად შემოტანილი იაფი კარაქის დამსახურებაა.

რაც შეეხბა ადგილობრივი შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმებისაგან რძის შეძენას, ფასები გაძვირებულია ნომინალურად, თუმცა რეალურ ჭრილში კლების ან ზრდის ტენდენციები არ შეინიშნება. ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს რომ წლიდან წლამდე, ყოველი ლიტრი გაყიდული რძით მიღებული შემოსავლით, შინამეურნეობას თუ ექსტენსიურ ფერმას, დაახლოებით იგივე რაოდენობის სამომხმარებლო პროდუქტის შეძენა შეუძლია. ამიტომ რძის რეალიზაციაში რეალური მოგების ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია წარმოების დახვეწა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება. 

 


მეთოდოლოგია

აღდგენილი რძის ღირებულება, ლარი/ლიტრი საშუალოდ თვეში

  1. კარაქით, 2.5% ცხიმიანობის აღდგენილი რძე = რძის ფხვნილის ღირებულება * 0.1 + კარაქის ღირებულება * 0.03 + 0.05

სადაც:

  • რძის ფხვნილის ღირებულება = იმპორტის საშუალო ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040210
  • კარაქის ღირებულება = შედარებით იაფი კარაქის იმპორტის ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040510
  • “+0.05” = აღდგენასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, წყალი ა.შ. [შეფასება]

განმარტება წონებზე: 1 ლიტრი აღდგენილი რძისთვის გამოიყენება 0.1 კგ ფხვნილი და 0.03 კგ კარაქი; 0.03 კგ კარაქი (82.5%) შეიცავს დაახლოებით 25 გრამ ცხოველურ ცხიმს (რაც საჭიროა აღდგენილი რძის 2.5%-იანი ცხიმიანობისთვის)

  1. აღდგენილი რძე დღგ-ს ჩათვლის გამოყენების შემდეგ = A / 1.18

ნედლი რძე, საშუალოთვიური ფასები, ლარი/ლიტრი

ფასები ფერმის კართან არა-მაღალინტენსიური მერძეული ფერმებისთვის

მონაცემთა წყაროები

ფინანსთა სამინისტრო - რძის ფხვნილისა და კარაქის იმპორტი (საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა)

ეროვნული ბანკი - საშუალოთვიური გაცვლით კურსი

GeorgianDairy - ადგილობრივი რძის ფასების (რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა)

 

 

 

334

 

მსგავსი