COVID-19-ის შედეგად მოსალოდნელია რძისა და რძის პროდუქტების გაძვირება

რამდენიმე დღის წინ, კომერსანტმა გაავრცელა სტატია, საიდანაც ირკვევა, რომ მომავალში სანტემ პროდუქციაზე შესაძლოა ფასები გაზარდოს. ეს მაშინ, როცა სახელმწიფო აზღვევს იმპორტირებული რძის ფხვნილის ფასებს სავალუტო რყევებისგან და ამავდროულად მსოფლიო ბაზარზე რძის ფხვნილის ფასები იკლებს.

ერეკლე გამყრელიძემ ჩვენთან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს მათი პროდუქტის ფასები - როგორც კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული დაბრკოლებები, ასევე შიდა ბაზარზე მიმდინარე მოვლენები.

კოვიდ-19-ით გამოწვეულ ფაქტორებს შორის, სანტეს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია შესაფუთ მასალებს ევროპის ქვეყნებიდან ყიდულობს, შესაბამისად ლარის გაუფასურების გამო, მათ გაეზარდათ შესაფუთ მასალებზე გაწეული ხარჯები. სახელმწიფოს მიერ რძის ფხვნილის ფასების სავალუტო რყევებისგან დაზღვევის პროგრამაში კი სანტე ვერ მოხვდა, რადგან კომპანია არ წარმოადგენს რძის ფხვნილის რეალიზატორს და შესყიდვებს მხოლოდ საკუთარი წარმოებისთვის ახორციელებს.

გაიაფდა თუ არა სანტესთვის მშრალი რძე მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე ტრენდის შესაბამისად?

ამ კითხვაზე ერეკლე გამყრელიძე გვპასუხობს, რომ მიუხედავად მსოფლიოში მშრალ რძეზე ფასების კლებისა, ეს ტენდენცია ჯერ არ ასახულა სანტეს შესყიდვებზე, რადგან მათ კონტრაქტები მომწოდებლებთან ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ძველი ფასებით, გააფორმეს. ერეკლე აღნიშნავს, რომ მშრალ რძეზე ფასების კლება საქართველოს ბაზარზე მოგვიანებით აისახება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, სანტეს გენერალური დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს კომპანიამ რძის შესასყიდი ფასები საშუალოდ 15%-ით გაზარდა. ფასები გაზრდილია როგორც ინდუსტრიულ ფერმებში ასევე შინამეურნეობებში. ინდუსტრიულ ფერმებში სანტემ რძის ფასები გაზარდა, რადგან ფერმერებს გაეზარდათ იმპორტირებული პირუტყვის საკვებზე დანახარჯები. მოსახლეობაში რძის ფასების ზრდას სანტეში ორი ფაქტორით ხსნიან, წელს მათ შემგროვებელ პუნქტებში რძის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ამასთან ერთად გაიზარდა კონკურენცია რძის გადამამუშავებლებს შორის. სანტეში წელს არა აქვთ რძის გაიაფების მოლოდინი.

ერეკლე გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის სანტეს პროდუქციაზე ფასები არ არის გაზრდილი და მიმდინარე თვეში არ იგეგმება ფასების გადახედვა, თუმცა, თუკი მომდევნო თვეში რძის ფასებზე და ვალუტის გაცვლით კურსზე არსებული ტენდენციები შენარჩუნდება, მათ შესაძლოა გადახედონ ფასებს.

დღეს, საქართველოში, ინდუსტრიული ფერმებში რძის შესყიდვის ფასის ზრდას ადასტურებს საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან არქანია. მისი თქმით, სანტესა და საქართველოს მერძევეობის ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა ინდუსტრიული რძის ფასის მცირედით ზრდა, თუმცა, მიღებული ფასი კვლავ ვერ უზრუნველყოფს ბიზნესის სრულფასოვან რენტაბელურობას.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მხარეთა შორის ინდუსტრიული რძის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო: „მოლაპარაკებებში ჩართული მხარეთა ძალისხმევით, დღეს ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებას მაღალხარისხიანი რძის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ შემსყიდველთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი ფერმების განვითარებისთვის. მხარეთა შორის სამუშაო პროცესები დღესაც გრძელდება, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ ისეთი ფასწარმოქმნის მექანიზმი, რომელიც სამართლიანი იქნება, როგორც ფერმერისთვის ასევე გადამამუშავებლისთვის. თუმცა, მხოლოდ მხარეთა ჩართულობა ვერ გამოიწვევს სასურველ შედეგებს, თუ არ მოხდა სახელმწიფოს მხრიდან მეტი დახმარება და სათანადო ღონისძიებების გატარება ინტენსიური ფერმების განვითარებისათვის.” - განაცხადა ლევან არქანიამ.

კომერსანტის ინფორმაციით სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების 100%-აინი წილის მფლობელი „ლაქტალის ჯგუფი“ გახდა, რომელიც აქამდე კომპანიის 85%-ს ფლობდა.

 

283

 

მსგავსი

comments powered by Disqus