ეფექტური კომუნიკაცია მეწარმეთა ასოციაციის დახმარებით - აიოვას შტატის გამოცდილება

მეწარმეთა გაერთინების ისეთი ფორმა როგორიცაა ასოციაცია მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული წარმოებების ასევე მთლიანად სექტორის განვითარებისთვის, რადგან ის ეხმარება მეწარმეებს და მთლიანად სექტორს დაიცვან საკუთარი ინტერესები.

მეწარმეთა გაერთიანების წარმატების ერთ-ერთ მაგალითს აიოვას შტატის მერძევეობის ასოციაცია წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეიქმნა.

აიოვას შტატის მერძევეობის ასოციაცია (ISDA – Iowa State Dairy Association - http://www.iowadairy.org), აიოვას შტატის საკანონმდებლო ორგანომ 1876 წელს დაარეგისტრირა. იმ დროისათვის არსებული პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც ასოციაცია მუშაობდა შემდეგი იყო - მაღალპროდუქტიული პირუტყვის მოშენება, სილოსის წარმოების პროგრამის განვითარება, კარაქის ხარისხის გაზრდა და ბრძოლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზთან. ეს პრობლემები წლების განმავლობაში რჩებოდა აქტუალურად. ISDA-მ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მერძევეობის სკოლის „ეიმესის“ (Ames) გახსნაში.

ასოციაციის ფოკუსი დღეს - ეფექტური კომუნიკაცია მწარმოებლებს, მომხმარებლებს, კანონმდებლებსა და გარემოს დაცვის ორგანიზაციებს შორის.

საერთო ჯამში, ასოციაციის საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც შტატის რძის მწარმოებლების ინტერესების ლობირება. ის მონაწილეობას იღებს საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესში, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს როგორიცაა მაგალითად წყლის გამოყენება ან ნაკელის უტილიზაცია, რომელთა გადაწყვეტაც პირდაპირ გავლენას ახდენს სარძეო ფერმის მუშაობაზე და მერძევეობის სექტორის განვითარებაზე.

ასოციაცია მონაწილეობს საკანონმდებლო საქმიანობაში აიოვას შტატის დონეზე და ამავდროულად შეუძლია გააგზავნოს სარეკომენდაციო წერილები/ხედვა/წინადადება აიოვას შტატიდან კანონმდებლობისთვის ფედერალურ დონეზე.

ბევრ ადამიანს მმართველობაში, რომლებიც იღებენ მერძევეობის სექტორთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს წარმოდგენა არა აქვს თუ რა არის ფერმა და არ ფლობს ინფორმაციას იმაზე თუ როგორ იწარმოება რძე, ასოციაცია ეხმარება მათ გაიგონ რა არის სასოფლო-სამეურნეო წარმოება და აძლევს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს. ამ მიზნით პოლიტიკური სეზონის დაწყებამდე ასოციაცია წარადგენს ე.წ. „აგრარული პოლიტიკის წიგნს“, სადაც გადმოცემულია მერძევე ფერმერების კონსოლიდირებული ხედვა სხვადასხვა საკითხის გადაჭრაზე. ეს საკითხები შეიძლება იყოს რძის წარმოება, ნაკელის უტილიზაცია, ნებისმიერი რამ რაც გავლენას ახდენს სარძეო ფერმის ფუნქციონირებაზე. ამ წიგნს, რომელიც დაახლოებით 50 გვერდიანია უგზავნიან შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს.

გარდა ამისა ასოციაცია თანამშრომლობს სხვა სასოფლო-სამეურნეო ჯგუფებთან და სექტორის ასოციაციებთან, მაგალითად საქონლის, ღორის  ხორცის, მარცვლეულის და სხვა მწარმოებლებთან, რათა ერთად იმოქმედონ სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ასოციაციის საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური საკითხებით და ის არ ერევა საფასო პოლიტიკაში. ფასწარმოქმნა - ბიზნესის საქმეა, აშშ-ს პირობებში კი - კოოპერატივების.

ასოციაციის წევრობა

ასოციაციის წევრები - ფერმერები. წლიური შენატანი შეადგენს 50 აშშ დოლარს. თუმცა არსებობს შესაძლებლობა სხვა დაინტერესებული პირებისთვის სექტორიდან (მიმწოდებლები, კონსულტანტები) მიიღონ მონაწილეობა ასოციაციაში ასოციაციის წევრების დონეზე. საწევროს რაოდენობა ამ შემთხვევაში რა  თქმა უნდა შედარებით მცირეა და შეადგენს წლიურ 25 აშშ დოლარს. შესაბამისად ხმის მიცემის უფლებაც შეზღუდულია. სპონსორებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სარძეო ფერმების განვითარებით, მაგალითად ტექნიკის მიმწოდებელი ფერმებისთვის - დელავალი - არსებობს შესაძლებლობა გახდეს კორპორატიული წევრი. წლიური შენატანი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და შეადგენს 250-დან 2500 დოლარამდე წელიწადში.

სპონსორობის კიდევ ერთი სახე - სექტორის სპონსორები. კოოპერატივები, მაგალითად Dairy Farmers of America, რომლებიც იხდიან 7500 აშშ დოლარს წლიურად. კოოპერატივები იღებენ მონაწილეობას ასოციაციის მუშაობაში, რათა დარწმუნდნენ რომ მათი ფერმერები იღებენ მხარდაჭერას საკანონმდებლო საკითხებში.

ამდენად, ფერმერს შეუძლია იყოს კოოპერატივის წევრი და ასევე ასოციაციის წევრი, ამასთანავე თავად კოოპერატივიც იყოს ასოციაციის წევრი. მაგრამ ამასთან ყველა იხდის თავის საწევროს  - როგორც კოოპერატივი ასევე ფერმერი.

ახლა ასოციაციის წევრების რაოდენობა 400 ფერმერს შეადგენს (როგორც ცალკეული ფერმერები ასევე ოჯახები), თუმცა აიოვაში დაახლოებით 1200 ფერმაა. ზუსტად ახლა იგრძნობა ფერმერების ინტერესი ასოციაციის მიმართ, რადგან მეწარმეები ხედავენ დიდ სარგებელს ასოციაციაში მონაწილეობისგან, ამიტომ მისი წევრების რაოდენობა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება.
მიუხედავად იმისა რომ ყველა ფერმერი არ წარმოადგენს ასოციაციის წევრს, ასოციაცია ყველას ინტერესს წარმოადგენს, რადგან მუშაობს მერძევეობის სექტორის პოლიტიკური საკითხების ყველა სპექტრზე.

საინტერესოა, რომ რძის პროდუქტების საკითხებით დაკავებულია სხვა ასოციაცია - შუა დასავლეთის მერძევეობის ასოციაცია (MIDWEST DAIRY ASSOCIATION), რომელიც აერთიანებს 7400 საოჯახო მეურნეობას და 38 მილიონ მომხმარებელს შუა დასავლეთის 10 შტატიდან (მინესოტა, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, აიოვა, ილინოისი, მისური, კანზასი, არკანზასი და აღმოსავლეთ ოკლაჰომა). ეს ასოციაცია შედის Dairy Management Inc.-ში. (DMI) – ნაციონალური კომპანია, რომელიც მუშაობს რძის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდაზე აშშ-ში, ასევე ამერიკული რძის პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე.

ასოციაციის პროგრამები ფინანსდება თავად ფერმერების მიერ აუცილებელი შენატანების პროგრამის საშუალებით (check-off). ფედერალური კანონის თანახმად, აშშ-ს ყველა ფერმერი წარმოადგენს ამ პროგრამის (აუცილებელი შენატანი) წევრს: ფერმერის მიერ გაყიდული ყოველის ასი ფუნტი რძიდან (45,4 კგ), შემოსავლის მიუხედავად 15 ცენტი ირიცხება პროგრამის ანგარიშზე. ეს ფინანსური სახსრები თავს იყრის შუა დასავლეთის ასოციაციაში, რომელიც მას იყენებს რძის პროდუქტების მოხმარების პოპულარიზაციისთვის, კონკრეტული ბრენდის თუ მწარმოებლის მითითების გარეშე. მგავსი სქემა მუშაობს არა მარტო რძის არამედ სხვა ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.

მუშაობის სტრატეგიები

ასოციაციის მარკეტინგის ბიუჯეტი 30 მილიონს აშშ დოლარს შეადგენს და ასოციაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარავს შუა დასავლეთის 10 შტატს, რომლებიც აწარმოებენ აშშ-ს რძის წარმოების 12%-ს.

ეს სახსრები ნაწილდება სხვადასხვა პროგრამებზე: 0.15 დოლარი შენატანიდან 0.05 დოლარი ირიცხება ნაციონალურ პროგრამაში, რომელიც მუშაობს ამერიკელი მწარმოებლების მიერ ნაციონალურ დონეზე წარმოებული რძის პროდუქტების განვითარებაზე. დარჩენილი 0.10 დოლარი კი რეგიონალური პროგრამების მიერ გამოიყენება, რომლთა მიზანია რძის პროდუქტების მოხმარების რეკლამირება და პოპულარიზაცია. აქ იგულისხმება ასევე ის პროგრამები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ, პატარა ქალაქებში.

ინფორმაციის გავრცელება ხდება ტელევიზიის, გაზეთების, ბაზრობების, მომხმარებლისთვის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით სადაც მომხმარებელს აცნობენ რძის პროდუქტების სარგებლიანობას და ღირებულებას.

ასოციაცია ცდილობს იმუშაოს ბაზრის ლიდერებთან, მაგალითად, სწრაფი კვების მსხვილ ქსელებთან (McDonalds, Taco Bell და სხვა) რადგან ისინი დიდი რაოდენობით ყველს და სხვა რძის პროდუქტს იყენებენ წარმოებაში. თუ ლიდერები ცვლიან პოლიტიკას, მაშინ სხვებიც იღებენ მათგან მაგალითს და აღარ არის საჭირო მათი დარწმუნება.

ასოციაციის მიერ ჩატარებული მარკეტინგული კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომხმარებელი დიდი ყურადღებით ეკიდება კვების პროდუქტების შემადგენლობას. მარგარინის შემადგენლობა კი უფრო გრძელია ვიდრე კარაქის. ეს ინფორმაცია მივიდა McDonalds-ის ხელმძღვანელობამდე, რომელიც თავისი პროდუქციის წარმოებაში ძირითადად მარგარინს იყენებდა. McDonalds-ის მიერ კარაქზე გადასვლის შემდეგ კარაქის მოხმარება რესტორნების ქსელში რძის ექვივალენტში ყოველწლიურად 3.180.000 კილოგრამით გაიზარდა.

თავის მხრივ, ასოციაცია აქტიურ რეკლამას უკეთებდა McDonalds-ის ამ ნაბიჯს და ავრცელებდა ინფორმაციას როგორც ფერმერებში ასევე მომხმარებელში. ამ კამპანიში ასოციაციის მხრიდან ყოველ ინვესტირებულ დოლარზე McDonalds-ი 20 დოლარს დებდა.

მთავრობამ გააანალიზა აუცილებელი შენატანების პროგრამის ეფექტურობა - ამონაგებმა იმ 15 ცენტიდან რომელსაც ფერმერი იხდის 5% შეადგინა.

საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ესტუმრნენ Iowa State Dairy Association-ს და Midwest Dairy Association-ს FAO/EBRD-ის ერთობლივი პროექტის - „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზითფარგლებში.

მასალის გამოყენების პირობები

 

352

 

მსგავსი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 18-07-18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში ექსტენსიური ფერ...

დიდ ბრიტანეთში რძის პროდუქტები შესაძლოა ფუფუნების საგნად იქცეს

გავლენიანი გამოცემა „The Guardian” ლონდონის ეკონომიკის სკოლის ახალ კვლევაზე საუბრობს,...

 

comments powered by Disqus