გაზრდილი რძის წარმოება - ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა - 2020-Iკვ

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ნედლი რძის წარმოება 107 მილიონ ლიტრს უდრიდა, რაც 5%-ით უფრო მეტია ვიდრე 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი. აღსანიშნავია რომ 107 მილიონი ლიტრი პირველი კვარტლისთვის რეკორდულად მაღალი ნიშნულია მინიმუმ 2014-2020 წლებში (რა პერიოდისთვისაც ოფიციალური სტატისტიკა შესადარისია).

ადგილობრივი ნედლი რძის წარმოების ცვლილებას პირუტყვის სულადობისა ან/და მისი პროდუქტიულობის ცვლილება განაპირობებს. საქართველოსთვის წარმოების აღნიშნული ზრდის მთავარი გამომწვევი პირუტყვის სულადობის ზრდა გახლავთ - პროდუქტიულობის სწრაფ მატებაზე არც ოფიციალური წყაროების სტატისტიკა მიგვანიშნებს, არც GeorgianDairy-ს გამოკითხვა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველი აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (მრპ) საერთო რაოდენობა წინა წლის იმავე თარიღთან შედარებით 18.1 ათასი სულით გახლავთ გაზრდილი; მრპ-ში შემავალი ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა კი - 6.6 ათასით.

ცნობისათვის, ფური და ფურკამეჩი არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად გვაძლევს რძეს, მეწველი ძროხების რაოდენობას საქსტატი ცალკე ითვლის. მეწველთა რაოდენობა სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება, თუმცა მისი საშუალოწლიური  რაოდენობის მიღება შესაძლებელია ადგილობრივი ნედლი რძის წლიური წარმოების საქართველოში ძროხების საშუალო პროდუქტიულობაზე გაყოფით.

პირუტყვის რაოდენობის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად შეგვიძლია ჩავთვალოთ:

  • ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის კლების ტენდენცია
    • გასულ ორ კვარტალში ჯამში დაახლოებით 10,000 სულით ნაკლები მრპ გავიდა ქვეყნიდან ვიდრე იმავე პერიოდში ერთი წლით ადრე
    • რაშიც დიდი წვლილი მრპ-ს საექსპორტო წონაზე დაწესებულ საკანონმდებლო შეზღუდვებს მიუძღვით
  • ცოცხალი პირუტყვის იმპორტის უწყვეტი ნაკადები
    • გასულ ორ კვარტალში დაახლოებით 1450 სული მრპ-ს იმპორტი განხორციელდა
    • 2018 წლიდან საქართველო ძირითადად ჯიშიანი სანაშენე მრპ-ს იმპორტს ახდენს, რაც დადებითად მოქმედებს როგორც სულადობაზე, ისე პროდუქტიულობაზე
    • თუმცა მთლიან ჯოგთან შედარებით იმპორტირებულის წილი საკმაოდ მცირეა და დადებითი ეფექტიც ზომიერია
  • შემცირებული დაკვლა
    • 2020 წლის პირველ კვარტალში 27,900-მდე მრპ დაიკლა, რაც 24%-იანი წლიური შემცირებაა
    • დაკლული წონა კი 27%-ით შემცირდა

საინტერესოა რომ ერთი შეხედვით დადებითი დინამიკის მიუხედავად, რეკორდულადაა გაზრდილი რძის ფხვნილის იმპორტიც. ჩვენს მიერ გამოკითხული გადამამუშავებლები აცხადებენ რომ ბაზარზე ბევრად ნაკლები რძე მოიპოვება ვიდრე უწინ, შესაბამისად ფხვნილის იმპორტის ზრდა გასაკვირი არ არის, თანაც ბოლო დროს ფხვნილი იაფდება და ამას სავალუტო რისკების დაზღვევაც დაემატა.

საერთო ჯამში მივიღეთ რომ მეტ ნედლ რძეს ვაწარმოებთ, მაგრამ გადამამუშავებლებს ნაკლებ ნედლ რძეზე მიუწვდებათ ხელი. ეს შესაძლოა იმით აიხსნას რომ საქართველოში ნედლი რძის ფართოდ გავრცელებული მოძველებული ტექნოლოგიებით წარმოება და რეალიზაცია წამგებიანია. შესაბამისად, პირველადი მწარმოებლების უმეტესობა, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით აწარმოებენ რძეს, ამცირებენ მის რეალიზაციას და/ან თავად გადაამუშავებენ თუ მოიხმარენ მას.

ის რომ ბაზარს ნაკლები ნედლი ნედლი რძე მიეწოდება და პარალელურად მისი წარმოება გაზრდილია, დიდი ალბათობით სიტუაციას გაურთულებს რეგისტრირებულ გადამამუშავებლებს, რადგან გამძაფრდება კონკურენცია ე.წ. „იატაკქვეშა“ თუ არარეგისტრირებულ წარმოებასთან. ეს კონკურენცია სავარაუდოდ უფრო მეტად დაასტიმულირებს ფხვნილის იმპორტს და გაზრდის ფალსიფიკაციის რისკებს. ამით პოზიციები შეუსუსტდებათ როგორც კეთილსინდისიერ რძის მწარმოებლებს, ისე მის გადამამუშავებლებს. საბოლოო ჯამში ეს არ უნდა აწყობდეთ არც მომხმარებლებს.

ლოგიკურია თუ ზარალდებიან პირუტყვის ექსპორტიორებიც, რადგან იძულებულნი არიან მათთვის მომგებიან წინადადებაზე უარი თქვან, პირუტყვი აღარ გაყიდონ და ნაწილობრივ მაინც ჩაერთონ რძის წარმოებაში (რომლის რეალიზაციაც მათთვის წამგებიანი იქნება, რადგან ისინი არ არიან პროფესიონალი მერძევე ფერმერები). როგორც ჩანს ისინი პირუტყვის დაკვლაში და რეალიზაციაშიც ვერ ხედავენ გამოსავალს: ადგილობრივი დაკვლა შემცირებულია, ხორცის ექსპორტის მასშტაბები კი ძალიან მცირეა და ცოცხალი პირუტყვის ექსპორტს კვლავ ბევრად ჩამორჩება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით რძის წარმოება გაიზარდა, თუმცა ჯერ-ჯერობით დამარცხებული უფრო მეტი ჩანს ვიდრე გამარჯვებული. ბოლოსთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ რადგან რძის წარმოების მონაცემები წინასწარია, შესაძლებელია მომავალში მათი კორექტირება მოხდეს და ოდნავ სხვა სურათი დავინახოთ.

 


მონაცემთა წყაროები:

საქსტატი - რძის წარმოება, სასაკლაოების სტატისტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

155

 

მსგავსი

 

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი - 2020 წლის აპრილი

 

სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებიანობის ცვლილება...