კამეჩის და თხის თანამედროვე ფერმები - „აჭარა ჯგუფის“ ახალი პროექტი საქართველოში

„აჭარა ჯგუფი“ წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობისა და აგრომეწარმეობის სფეროში. პროექტი „უდაბნო იქნება აგროწარმოებისა და ტურიზმის ორგანული შერწყმა. ასეთი მასშტაბის აგრო-ტურისტული პროექტი ჯერ არ გაკეთებულა საქართველოში. კომპლექსური პროგრამის განსავითარებლად, ჯგუფს  ამ დროისთვის ათვისებული აქვს 5,000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. 2000 ჰექტარზე უკვე გაშენებულია ნუშის ბაღი, 20 ჰექტარზე კენკრა და 8 ჰექტარზე ქართული ენდემური ვაზის ჯიშები.  

პროექტი „უდაბნო“ უკვე მეცხოველეობის განვითარებასაც მოიცავს. 2019 წლის ბოლოს „აჭარა ჯგუფმა“ 32 კამეჩი და 32 თხა ჩამოიყვანა იტალიიდან. ჩვენ ვისაუბრეთ ქ-ნ ნინო კვერნაძესთან,  პროექტის დირექტორთან.

-  საქართველოსთვის კამეჩი არ არის უცხო. რატომ გადაწყვიტეთ  ხმელთაშუაზღვის (Mediterranean buffalo) ჯიშის კამეჩი ჩამოგეყვანათ?

იტალია ერთერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა მეკამეჩეობის კუთხით. ყველასთვის არის ცნობილი კამეჩის მოცარელა (Mozzarella di bufala campana), რომელიც გამოირჩევა მისი მრავალფეროვნებითა და ელასტიკური ტექსტურით და რომელსაც ხშირად უწოდებენ "ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს დედოფალს". ამიტომაც, მეკამეჩეობის 300 მილიონ ევროიანი ინდუსტრია არ იშურებს რესურსებს კვლევისა და სელექციისთვის.

ხმელთაშუაზღვის კამეჩი გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობით (2000-2200 ლიტრი / 270 დღეზე). ადგილობრივი ცხოველები კი ბევრად ნაკლებ რძეს იწველიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხმელთაშუაზღვის ჯიშის კამეჩისთვის კახეთის ჰავასთან ადაპტაცია და ამ გარემოში მისი გენეტიკური პოტენციალის მიღწევა შედარებით მარტივი არის, რადგან საქართველოს კლიმატი იტალიის მსგავსია.

ჩვენი ცხოველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მუდმივად ვუტარებთ აცრებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ჩვენს თხებს დამატებით ბრადზოტზეც ვცრით, კამეჩებს კი პასტერელოზზე.

-   თხებიც განსაკუთრებული ჯიშის არის?

ალპური თხები (Chamoisee Alpine goat) გვყავს ჩამოყვანილი. ეს ჯიში გამოირჩევა გრძელი ლაქტაციის პერიოდით და მაღალი ხარისხის რძით. ამ ცხოველის ლაქტაციური მონაწველი 270 დღეზე საშუალოდ 1000-1100 ლიტრია, რაც ადგილობრივი ძროხის პროდუქტიულობის მაჩვენებლის მსგავსია. 

ალპური თხის რძე არის უფრო ჯანმრთელი, რადგან ეს პროდუქტი ნაკლებ ცხიმს (3,4%) შეიცავს, ძროხის რძესთან შედარებით, რომელშიც ცხიმის შემცველობა არის 4% და მეტი. თხებმა მარტში უკვე დაიწყეს მოგება.

-   რითი იკვებებიან ცხოველები?

საკვებწარმოება პირუტყვის ჩამოყვანამდე დავიწყეთ და ერთი წლის მარაგი მოვამზადეთ. ჩვენი ცხოველების რაციონი მიმსგავსებულია იმ რაციონს, რომელიც იტალიაში ჰქონდათ. გვაქვს კომბინირებული, ბაგურ-საძოვრული კვების სისტემა.

ცხოველებს ვაძლევთ ადგილობრივი წარმოების იონჯას. მათ ასევე ვკვებავთ ჩვენი სპეციალისტის მიერ სპეციალურად შერჩეული, თხაზე და კამეჩზე ცალკეულად მორგებული, კომბინირებული საკვებით, რომელშიც სხვადასხვა მარცვლოვნები, ვიტამინები და მინერალები შედის გრანულირებული სახით. ცხოველებს საძოვრადაც ვუშვებთ ხოლმე მინდვრებში.  

უახლოეს მომავალში ვაპირებთ საკვებ რაციონს სენაჟი (წვნიანი საკვების სახით) დავამატოთ. ამასთანავე, კალიფორნიის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნუშის  ჩენჩო არის ღირებული ელემენტი მეწველი ძროხების რაციონში. ამიტომ, სამომავლოდ, ამ საკვები პროდუქტითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს ცხოველებს.

-   სპეციალური საწველი სისტემა კამეჩებისთვის არ არსებობს. როგორ გამართავთ ამ პროცესს?

ჩვენი კამეჩები დაიწყებენ მოგებას მაისში. პირველ ეტაპზე წველა მოხდება მობილური საწველი აპარატებით. შემდგომში კი ცენტრალიზებული საწველი დარბაზის შექმნას ვაპირებთ. ზოგადად, კამეჩების და ალპური თხების მოვლა შედარებით ადვილია. ჩვენს ჯოგს მუდმივად 6 ადამიანი უვლის. დიდ ყურადღებას ვაქცევთ კვებას - გვყავს კვების ტექნოლოგები, რომლებიც გვიდგენენ რაციონებს სხვადასხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.

სადგომებში და ველზე მაქსიმალურად ვიცავთ ზოო-ჰიგიენის ნორმებს. ამასთანავე, ჩვენს ცხოველებს, თავიანთი სურვილიდან გამომდინარე მუდმივად აქვთ წვდომა წყალთან. თხები კი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან დასალევი წყლის ხარისხის მიმართ.

-  კამეჩისა და თხის რძის განთქმული პროდუქტები ჩაფიქრებულია მომავალი სასტუმროსთვის, რომელიც უდაბნოში აშენდება. მანამდე, სად შეიძლება დავაგემოვნოთ განსაკუთრებული რძის პროდუქტები?

ვაპირებთ რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებასაც.  ამ ეტაპზე საჭირო დანადგარების ჩამოსვლას ველით.

კამეჩისა და თხის რძისგან ძირითადად ისეთი პროდუქტის წარმოებას ვაპირებთ, როგორიცაა კამეჩის მოცარელა, სულგუნი, იმერული ყველი და თხის ყველის სხვადასხვა სახეობები. ასევე, ვგეგმავთ შევქმნათ კამეჩის მაწონიც, რომელიც ძალიან მოთხოვნადია და დეფიციტური.  ვფიქრობ, რომ ამ პროდუქტს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ გასტრონომიული ტურიზმის ფარგლებში.

პროექტ „უდაბნოს“ რძის პროდუქტების დაგემოვნება პირველ რიგში „აჭარა ჯგუფის“ სხვადასხვა ობიექტებზე იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ კი ვფიქრობთ ქართულ ბაზარზეც გავიტანოთ ჩვენი ნაწარმი.   

-   ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გიწევთ თქვენი გეგმების შეცვლა?

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ჩვენც შეგვიქმნა გამოწვევები. აღსანიშნავია ის, რომ უცხოელი კონსულტანტები, რომლებთანაც შეთანხმება გვაქვს თანამშრომლობის შესახებ, ვერ ჩამოდიან არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ამიტომ ონლაინ რეჟიმში გვიწევს ბევრი საკითხის გავლა. რაც შეეხება ისეთ სამუშაოებს, რომელთა გაჩერებაც შეუძლებელია სოფლის მეურნეობაში, მუშაობა მიდის შეუჩერებლივ, ყველანაირი ნორმისა და წესის დაცვით. რისკები მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი.

 

904

 

მსგავსი

 

გაზრდილი რძის წარმოება - ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა - 2020-Iკვ

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ნედლი რძის წარმოება 1...

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი - 2020 წლის აპრილი

 

სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებიანობის ცვლილება...

 

comments powered by Disqus