ქართულ რძის ნიშანს უკვე რვა კომპანია ფლობს

 

ქართული რძის ნიშანი კიდევ 5 კომპანიამ აიღო. „ცეზარი“, „შუამთა“, „ორი ნაბიჯი“, „განძა მილქ“ და „ჯავახეთის მდელოები“ ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებმაც ნედლი რძის აღმნიშვნელი ბრენდირება ცოტა ხნის წინ აიღეს. აღნიშნულ კომპანიებამდე ქართულ რძის ნიშანს „ყველის ქოხი“, „მილკენი“ და „წინწყარო +“ ფლობდნენ.

ნიშანი „ქართული რძე“ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კავკასიის რესურსცენტრის“ მიერ ჩატარებულ ურბანულ მომხმარებელთა ეროვნული კვლევის საფუძველზე შეიქმნა. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას სურს იყიდოს ნედლი რძისგან დამზადებული ნატურალური, როგორც ისინი თავად უწოდებენ „ეკოლოგიურად სუფთა“ პროდუქტი, რომელიც, მათივე განმარტებით,  სუფთა ბალახით ნაკვები ცხოველისგან მიღებული სუფთა რძით მზადდება შესაბამის და უვნებელ საწარმოო პირობებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას უჭირს განასხვავოს ასეთი პროდუქტი მაღაზიებში არსებული სხვა რძის პროდუქტებისგან. ქართული რძის ნიშანი მომხმარებელს ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.

ინფორმაცია ქართული რძის ნიშნის შესახებ

„ქართული რძე" არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს  ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. ნიშნის გამოყენება შეეძლებათ იმ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს.

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშანს. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს აუდიტს საწარმოებში, რათა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ნიშნის გამოყენების კრიტერიუმებს და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭებაზე. ინსტიტუტი ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშნის ვებგვერდს, ქმნის რძის გადამამუშავებელი საწარმოების მონაცემთა ბაზას, რომელიც აიტვირთება ვებგვერდზე, და ლობირებას გაუწევს რძის მეწარმეებს მათთვის საჭირო და  მნიშვნელოვან საკითხებზე.

ინსტიტუტი უფასო კონსულტაციას გაუწევს ქართული რძის ნიშნის ბაზაში დარეგისტრირებულ მეწარმეებს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბაზრის კვლევების და მარკეტინგის საკითხებზე.

ვის შეუძლია მიიღოს ნიშანი?

საწარმოს შეუძლია მოიპოვოს ნიშნის გამოყენების უფლება  იმ პროდუქციაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

საწარმო უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეესტრში

საწარმოს უნდა ჰქონდეს აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოს  მიერ

საწარმოს უნდა ჰქონდეს დანერგილი ან დანერგვის ეტაპზე უნდა იყოს  HACCP

საწარმო უნდა იყოს მოქმედი და აწარმოებდეს პროდუქციას განაცხადის წარდგენის დროს

საწარმოს უნდა ჰქონდეს რძის სექტორში მუშაობის მინიმუმ სამთვიანი გამოცდილება

საწარმო უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ ნედლი რძით, რომელსაც აგროვებს ფერმერებისგან, რომელთა საქონელი თავისუფლად ძოვს საძოვრებზე წელიწადში მინიმუმ ექვსი თვე, ხოლო ზამთრის საკვების ძირითადი ნაწილი ბალახზე დამზადებული საკვებს წარმოადგენს

რძის პროდუტები არ უნდა შეიცავდეს რძის ფხვნილს ან მცენარეულ ცხიმს

როგორ ხდება ნიშნის ადმინისტრირება?

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ადგილზე ამოწმებს იმ საწარმოს, ვისაც შევსებული აქვს განაცხადი ნიშნის გამოყენებაზე:

ატარებს იმ რძის პროდუქტების ლაბორატორიულ ანალიზს, რომელსაც უნდა მიენიჭოს ნიშანი.

ფორმდება თანამშრომლობის ხელშეკრულება რძის საწარმოსა და საქართველოს ბიზნესს ინსტიტუტს შორის

თუ შემოწმებამ დადებითად ჩაიარა, საწარმო იხდის ყოველთვიურ გადასახადს ყველის შემთხვევაში 100 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი პროდუქტების შემთხვევაში, როგორებიცაა მაწონი, არაჟანი, კარაქი - 50 ლარს, თითო სახეობის პროდუქტზე, თვეში.

საწარმო, რომელიც ხდება ნიშნის მომხმარებელი, საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტისგან სხვადასხვა სახის დამატებით მომსახურებას ღებულობს.

 როგორ გავაკეთო განაცხადი?

რძის საწარმოებს შეუძლიათ ნიშნის გამოყენების უფლების მოპოვებისთვის შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი ონლაინ ან ჩამოტვირთონ ის.

116

 

მსგავსი

comments powered by Disqus