მერძევეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამა დამატებით სამ რეგიონში განხორციელდება

5 მაისს, IFAD-ის პროგრამების ხელმძღვანელმა საქართველოში ლალი დურმიშიძემ, საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამას კიდევ სამი რეგიონი დაემატება.

დონორ ორგანიზაციასა და სახელმწიფოს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ, ამ ეტაპზე, პროგრამას დაემატება კიდევ სამი რეგიონი, ქვემო ქართლი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი (თავდაპირველად განსაზღვრული იყო მხოლოდ იმერეთის, სამეგრელოს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ჩართვა პროგრამაში). 

პროგრამაში შეტანილი ცვლილებები ჯერ არ ასახულა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ARDA-ს ვებ-გვერდზე. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება სააგენტოს ვებ-გვერდზე მხოლოდ მას შემდეგ აისახება, როცა გამოქვეყნდება შესაბამისი დადგენილება, პროგრამაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული სამი რეგიონიდან განაცხადების მიღებაც სწორედ ამ დადგენილების მიღების შემდეგ მოხდება. პროგრამაში შეტანილი ცვლილებების ოფიციალურად ასახვა, სავარაუდოდ, მომდევნო 10 დღის ვადაში მოხდება.

რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, რეგიონების დამატების მიუხედავად 2020 წლის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, იგივე რჩება, რაც სამ მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, როგორც ARDA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შესაძლებელია ბიუჯეტი შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება განაცხადების რაოდენობაზე.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ინტერვიუს.

326

 

მსგავსი

comments powered by Disqus