მერძევეობის მხარდამჭერი პროგრამის დეტალები

საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში (5 მაისის განცხადებით პროგრამას დაემატა კიდევ სამი რეგიონი, ქვემო ქართლი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი) მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამა ხუთწლიანია და მისი ბიუჯეტი 16 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც სქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD) აიღო. პროექტის განმახორციელებელია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროექტის დეტალებზე ჩვენთან პროგრამის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ ისაუბრა.

რა არის პროგრამის მიზანი და ვინ არიან მისი პოტენციური ბენეფიციარები?

პროგრამის მიზანია რძის ხარისხის ზრდა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ფერმერების ხელშეწყობით, რომელთაც ყავთ მაქსიმუმ 20 მეწველი ფური. თუმცა, პროგრამა მოიცავს ასევე რძის გადამუშავების, პირუტყვის საკვების წარმოების და ვეტერინარიის მხარდაჭერის კომპონენტებსაც.

რას აფინანსებს აღნიშნული პროგრამა?

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ძირითადი საშუალებების შეძენა ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე. მაგალითისთვის, რძის პირველად მწარმოებელს შეუძლია მოითხოვოს თანადაფინანსება საწველი დანადგარის შესაძენად ან, თუნდაც, პირუტყვის სადგომის რემონტისთვის. ვეტერინარის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსდეს ავტომობილის, ან ვეტერინარული დანადგარების შეძენა, ოფისის მოწყობა.

აუცილებელია თუ არა ბენეფიციარს ყავდეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, იმისათვის რომ მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში?

იმ შემთხვევაში თუ განაცხადი გაკეთებულია საკვების წარმოების, რძის გადამუშავების ან ვეტერინარიის მიმართულებით, არ არის აუცილებელი პირუტყვის ყოლა, პროექტის მხრიდან ამას ყურადღება არ მიექცევა. თუმცა, პროგრამას აქვს სხვა ტიპის მოთხოვნები, მაგალითისთვის, მომსახურების პროვაიდერი, ანუ ვეტერინარი ან ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი, უნდა იყოს 18-35 წლამდე მამაკაცი, ხოლო ქალის შემთხვევაში 18-40 წლის ჩათვლით. ასევე, ვეტერინარის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი/სერთიფიკატი. იგივე ასაკობრივი შეზღუდვები ვრცელდება ცხოველის საკვების პირველად მწარმოებელზეც.

პროგრამა ითვალისწინებს ფერმერების დახმარებას მხოლოდ სამ რეგიონში იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, რა პრინციპით მოხდა რეგიონების შერჩევა და იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან?

პროგრამის პირობები IFAD-ის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, მათ მიერ მოწვეული სპეციალისტები ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ადგილობრივ ბაზარს. ჩვენთან კონსულტაციები იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, ჩვენ ვართ მხოლოდ განმახორციელებლები.

საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელ საწარმოს, რძის შემგროვებელ პუნქტს და პირუტყვის საკვების მწარმოებელს განაცხადთან ერთად ევალებათ ბიზნეს გეგმის წარდგენა, დანარჩენ შემთხვევაში კი ბიზნეს მოდელის. დაეხმარება თუ არა ARDA ბენეფიციარებს ბიზნეს გეგმის მომზადებაში?

ამ პროგრამის შემთხვევაში ჩვენ არ ვეხმარებით პოტენციურ ბენეფიციარებს ბიზნეს გეგმის დაწერაში, თუმცა რა თქმა უნდა მივაწოდებთ მათ დამატებით ინფორმაციას კითხვების შემთხვევაში.

პროგრამა დაყოფილია ინოვაციის და ადაპტაციის ფაზად, რას გულისხმობს ეს ფაზები?

როგორც უკვე ცნობილია, პროგრამა 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ინოვაციის ფაზა მოიცავს პირველ 24 თვეს, ხოლო შემდეგ გადავდივართ ადაპტაციის ფაზაზე. ადაპტაციის ფაზა, ინოვაციის ფაზისგან განსხვავდება თავისი პირობებით, მცირდება როგორც თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი, ასევე მაქსიმალური თანხა. მაგალითისთვის, თუ ინოვაციის ფაზაში რძის პროგრესული მწარმოებელი (ისინი ვისაც ჰყავს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20 მეწველი ფურისა), მიიღებს მაქსიმუმ 80%-იან თანადაფინანსებას და მაქსიმალური თანხა 26 000 ლარს შეადგენს, ადაპტაციის ფაზაში თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი 60%-მდე მცირდება, ხოლო თანხა 20 000 ლარით განისაზღვრება.

პროგრამის ფორმატის თანახმად, წინასწარაა განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა და წლიური ბიუჯეტი. 2020 წელს დაფინანსდება 60 ბენეფიციარი და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ლარი იქნება. თორნიკე კაპანაძის განცხადებით დაფინანსდებიან ის ბენეფიციარები, რომლებიც პირველები გააკეთებენ განაცხადს.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

2445

 

მსგავსი

comments powered by Disqus