მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

 

მიწის ნაკვეთებზე სპორადული და სისტემური  წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონი 2019 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიაა.

„ვინაიდან, მიწის პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კანონპროექტი მიზნად ისახავს 2016 წელს დაწყებული რეფორმით დასახული მიზნის სრულად განხორციელებასა და ამ დროისთვის უკვე აპრობირებული, ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ოთარ დანელიას განცხადებით, რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ, კერძოდ: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.

სტატისტიკური მონაცემებით, რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება შედის. ხოლო ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობა დღეში 5000-ს აჭარბებს.

2019 წლის მაისის მდგომარეობით, სააგენტოში 86 400 -ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200 -ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში  სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. 4900 -ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება კი განხილვის პროცესშია.

 

121

 

მსგავსი

 

ისრაელის მერძევეობის სექტორში რეფორმა განხორციელდება

29 ოქტომბერს, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მ...