მონბილიარდი - პერსპექტიული მერძეული ჯიში ქართველი ფერმერებისთვის

სარძეო მეურნეობის დაარსებისას ან არსებული ნახირის ჩანაცვლებისას მერძევე ფერმერები ხშირად დგანან ამოცანის წინაშე თუ რომელი ჯიში შეარჩიონ ან თუნდაც რომელი ჯიშთან შეაჯვარონ საკუთარი საქონელი. ბუნებრივია ფერმერები ჯიშის შერჩევისას მთავარ მიზანად ოპტიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღებას ისახავენ და ხშირად ყურადღება ექცევა მხოლოდ კონკრეტული ჯიშისთვის დამახასიათებელ წველადობის მაჩვენებელს, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან მაღალი წველადობა ყოველთვის მაღალ მოგებას არ ნიშნავს. საქონლის ჯიშის შერჩვევისას ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო და ის მეურნეობაში არსებული რესურსების, შესაძლებლობების, ადგილობრივი კლიმატური და სხვა სახის პირობების მიხედვით უნდა მოხდეს.

საქართველოში უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა სუფთა ჯიშის მერძეული საქონელი. ჩვენთან შედარებით უკეთ იცნობენ შვიცის ჯიშს, რომელსაც საქართველოში მოშენების შედარებით უფრო ხანგძლივი ისტორია აქვს, ჰოლშტეინს, რომელიც დღეს ბევრ მერძეულ მეურნეობაშია, ასევე მეტნაკლებად იცნობენ სიმენტალის, ფლეკვის და ჯერსის ჟიშებს, მაგრამ არსებობს სხვა მერძეული ჯიშებიც, რომლებსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ და ჩვენი პირობების გათვალისწინებით მერძევე ფერმერებისთვის საკმაოდ პერსპექტიულ და  საინტერესო ჯიშად შეიძლება ჩაითვალოს. ერთ-ერთი ასეთია ფრანგული მონბილიარდის ჯიში, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოლულარული ხდება. ამ ჯიშის ბევრი ძლიერი მხარის გამოყენებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს საქართველოში სარძეო ფერმების ეფექტიანობის გაზრდის მიზნების მიღწევას. 

დღეს საქართველოში პოპულარული გახდა ჰოლშტეინის ძროხების იმპორტი, რომელიც მსოფლიოში კომერციულ ფერმებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიშია და უდავოდ რეკორდსმენია წველადობის მხრივ, მაგრამ ამ ჯიშის ყოლა მერძეულ მეურნეობაში ინტენსიური კვებაზე დაფუძნებული მოვლა-შენახვის განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფას მოითხოვს, რასაც მენეჯმენტის მაღალი სტანდარტები და მართვის კარგად ორგანიზებული, გამართული კომპლექსური სისტემა სჭირდება. ეს თავის მხრივ სათანადო ცოდნას და ადამიანურ, ფინასურ, მატერიალურ რესურსებზე და მაღალი დონის ვეტერინარულ მომსახურებაზე წვდომას მოითხოვს, ამიტომ, მერძეული საქონლის ნაკლებად ინტენსიური საძოვარული შენახვის მქონე ქართველი ფერმერებისთვის, შესაძლებელია უფრო მისაღები სხვა ჯიშები იყოს.

მონბილიარდის (Montbéliard) ჯიშის წარმოშობის ისტორია  საფრანგეთის აღმოსავლეთით, ფრანშ-კონტეს რეგიონში, შვეიცარიის საზღვართან ახლოს,  მე-18 საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც აქ შვეიცარიის ბერნის კანტონიდან ანაბაპტისტი მენონიტები გადმოსახლდნენ. მენონიტმა ფერმერებმა,  რომლებიც განთქმული იყვნენ საქონლის სელექციის ცოდნით, თან წამოიყვანეს ბერნული ჯიშის საქონელი, რომელიც დიდი ხნის სელექციის შედეგად უფრო ჰომოგენური, დიდი ზომის და უფრო მაღალპროდუქტიული იყო ვიდრე ადგილობრივი ფრანგული ჯიშები. 

ამ დროისათვის საფრანგეთის ამ რეგიონში ადგილობრივი საქონელი, რომელთაც აერთიანებდნენ კონტეს ჯიშის საერთო სახელის ქვეშ, ძირითადად ორ  ტიპად იყო დაყოფილი: მთაში გავრცელებულ წითელი ფერის ტოურაში (Tourache) და დაბლობებში გავრცელებულ ხორბლისფერი შეფერილობის ფემელინის (Fémeline) ტიპად. ტოურაში გამოიყენებოდა როგორც რძის საწარმოებლად, ასევე, როგორც ძლიერი საქონელი, ხე-ტყის მასალის საზიდავად, რადგან ხე-ტყის მასალის დამზადება, მესაქონლეობასთან ერთად, საფრანგეთის ამ რეგიონში  ადგილობრივი ფერმერების ძირითადი ტრადიციული საქმიანობა იყო და დღემდე ასეთად რჩება. ფემელინი შედარებით მომცრო ტანის საქონელი იყო. თუმცა მკვეთრი განსხვავება ამ ორ ჯიშს შორის არ იყო და საქონელი სტანდარტული არ იყო.

ადგილობრივმა ფერმერებმა მენონიტებისგან გადმოიღეს სელექციური შეჯვარების მაგალითი და იყენებდნენ მათ ბუღებს საკუთარ საქონელთან შესაჯვარებლად.   მეთოდური სელექციისა და შეჯვარების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი ჯიში, რომელიც ელზასურ ჯიშს ეძახდნენ და იმ დროისთვის უკვე ცნობილი ჯიში იყო. სახელი მონბილიარდი ჯიშს, საფრანგეთის ამავე სახელწოდების მონიბილიარდის რეგიონის მიხედვით, პირველად 1872 წელს ეწოდა ამ ჯიშის საქონლის ლანგერის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში მონაწილეობისას.  1889 წლიდან ჯიში ოფიცილურად ცნეს და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა ფრანგული საქონლის ჯიშების ეროვნულ რეესტრში. გასული საუკუნის 60-70 წლებში ჯიშის შეჯვარება მოხდა წითელ-ჭრელ ჰოლშტეინთან სარძეო პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

მონბილიარდის ჯიში მიეკუთვნება წითელ-ჭრელი ძროხების ჯგუფის იურულ განშტოებას, ამიტომ იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რაც სიმენტალისა და ფლეკვის ჯიშის საქონელი, რომელთა წარმოშობა ასევე შვეიცარიის იურის მთებიდანაა, მაგრამ უფრო მეტად მერძეული მიმართულების ჯიშია. 

საკუთარი საქონლის რეალიზაციისა და ექსპორტის მიზნით მონბილიარდის მომშენებელმა ადგილობრივმა ფერმერებმა დაარსეს კოოპერატივი „კოოპექსი“. კოოპარტივს გააჩნია საქონლის სარეალიზაციო შემაგროვებელი-ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც ათას სულამდე საქონლის შენახვაა შესაძლებელი მათ რეალიზაციამდე და საკრანტინო პერიოდში. კოოპერატივი ასევე ახდენს საქონლის გაყინული სპერმის წარმოებას და რეალიზაციასაც. კოოპერატივი აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ხელოვნური განაყოფიერების კოოპერატივთან „გენიატესტი”, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების მომსახურებასთან ერთად ახორციელებს სასელექციო საქმიანობას. მონბილიარდის უშობელი დეკეულების და ფურების რეალიზაცია ბევრ ქვეყანაში ხდება, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ირანში, რუსეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიიის ქვეყნებში და სხვა.  ქართველი მერძევე ფერმერები კოოპერატივ „კოოპექსს“ მონბილიარდის ჯიშის და კოოპერატივის საქმიანობის გასაცნობად ეწვივნენ ბურგუნდია-ფანშ-კონტეს რეგიონის, დუს დეპარტამენტში.

მონბილიარდი ძირითადად მერძეული მიმართულების საქონელია, მაგრამ გააჩნია უკეთესი  მეხორცული მახასიათებლებიც ვიდრე ჰოლშტეინის ჯიშს. ამ ჯიშის ძროხა თეთრი და წითელი ლაქების შეფერილობის ძროხაა, უმეტესად თეთრი ფერის თავით, ბუნებრივად რქიანი.

ზრდასრული მონბილიარდის ფურები მიდაოში 135-140 სმ სიმაღლისაა, საშუალო წონით 685 კგ, კუროები კი 148 სმ და 1000 -1200 კგ-ს იწონიან.

საფრანგეთში მონბილიარდს ჯიშის  400 ათას სულ საქონელთან შესახებ არსებული ოფიციალური  ჩანაწერების მიხედვით  ზრდასრული ფურის საშუალო მონაწველი 7486 ლიტრია,  3.9% ცხიმის და 3.45% ცილის შემცველობით. ხშირ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მიღწეულია საძოვრების და ძირითადად თივაზე დაფუძნებული რაციონების გამოყენებით რძის გადამამუშავებელი  საწარმოების მოთხოვნის საფუძველზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი ფერმერები მაღალხარისხიანიან თივას ამზადებენ,  ბალახის სეზონზე 2-3-ჯერ დროული გათიბვით, ხოლო საძოვრების ბალახოვანი საფარი მდიდარია ნაკვეთმორიგეობითი ძოვებით საძოვრების სწორი მენეჯმენტის გამო.

მოგების შემდგომაც მონბილიარდი კარგ ენერგეტიკულ ბალანსს ინარჩუნებს. ისინი ნელა იწყებენ წველადობის პიკზე ასვლას, მაგრამ დიდხანს ინარჩუნებენ მაღალ წველადობას ლაქტაციის მეორე ნახევარშიც.

იმისათვის, რომ მოეხდინათ კონცენტრატების მოხმარების და წონამატის ოპტიმიზირება, ასევე ხელი შეეწყოთ მონბილიარდის რეგიონში არსებული ბუნებრივი უხეში საკვების უფრო ეფექტიანი მოხმარებისთვის, გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაწყდა მონბილიარდის სელექციის პროგრამაში ჩაერთოთ კონცენტრირებული და უხეში საკვების კონვერსიის მაჩვენებლის გაუმჯობესება. სელექციის პოლიტიკა ითვალისწინებდა საკვების კონვერსიის  მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას საკვებზე დანახარჯების შემცირების მიზნით.

თუმცა მონბილიარდის ფურები მონაწველის მხრივ ვერ აღწევს ისეთ შთამბეჭდავ შედეგებს როგორსაც ჰოლშტეინები, ხორცის ხარისხით ის ჰოლშტეინისას აჭარბებს.  მათი კარკასი მიჩნეულია საკმაოდ ხარისხიანად, დიდი წონის, კარგი შეხორცების და ცხიმის ნაკლები შემცველობის გამო.

სწრაფი ზრდის უნარისა და კარგი შეხორცების გამო მონბილიარდის ხბოები და მოზვერი კარგად ფასობს, რამაც ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მერძევე ფერმერების შემოსავლებზე. ასევე მეტი ღირებულება გააჩნია ასაკის გამო გამოწუნებულ ძროხას ვიდრე სხვა მერძეულ ჯიშებს, რადგან  წარმოქმნიან კარგი ხარსხის კარკასს ჭარბი ცხიმის გარეშე.

ჩვეულებრივ იკვლება სამი თვის სახორცე მოზარდი და 14-15 თვის მოზვერი, რომელთა ცოცხალი წონა შესაბამისად 130-180 კგ-ს და 470-570 კგ-ს აღწევს, ნაკლავის გამოსავლიანობით 70% და 57%.  მონბილიარდის ფურის ცოცხალი წონა თითქმის 700 კილოგრამს, ხოლო ხარი 1200 კილოგრამამდე აღწევს.

მონბილიარდის სხვა ჯიშებთან შეჯვარებით გამოყვანილი მოზვრები ასევე უფრო მაღალფასიანია და დამატებით ზრდის ფერმერთა შემოსავლებს.

აღმოსავლეთ საფრანგეთის მთების მკაცრმა კლიმატმა და ცვალებადმა გარემო პირობებმა, სადაც მოხდა მონბილიარდის ჯიშის წარმოშობა, ეს ჯიში ჩამოაყალიბა გამძლე ჯიშის ძროხად, რომელსაც შეუძლია აიტანოს ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებები, როგორც ძალიან ცივი, ასევე ძალიან ცხელი ამინდის პირობები, სხვადასხვა სახის მოვლა-შენახვის სისტემასთან შესანიშნავი ადაპტაციის უნარით. მონბილიარდზე სიცხე ნაკლებ გავლენას ახდენს და შეუძლია ასეთ პირობებშიც მოიხმაროს დიდი რაოდენობით უხეში საკვები, რაც მას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს მისი საწარმოო მაჩვენებლები ცხელ კლიმატის მქონე რეგიონებში მოშენების შემთხვევაშიც.

ამასთან ვინაიდან ამ რეგიონის ფერმერების ძირითადი საქმიანობა  ხე-ტყის მასალის დამზადება იყო, მათ სჭირდებდათ ძლიერი საქონელი, რომელიც შეძლებდა ეზიდა მძიმე ტვირთი. შესაბამისად მრავალი წლის მანძილზე ადგილობრივი საქონელის გადარჩევა ამ ნიშნის მიხედვით ხდებოდა.

ყველა ეს თვისებები მონბილიარდს ხდის გამძლე, ადვილად მართვად ჯიშად, რომელსაც შეუძლია ადვილად ადაპტირება ყველანაირ გარემოსთან.

ზამთარში სადგომში არსებული ნაკელისა და სისველის და ზაფხულში საძოვარზე შორ მანძილზე სიარულის გამო ძროხებს ძლიერი ჩლიქები და კიდურები სჭირდებათ. მონბილიარდი, რომელიც წარმოშობილია მთიან რეგიონში გაააჩნია ძლიერი ჩლიქები და კიდურები - მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც მიმზიდველია ქართველი მერძევე ფერმერებისთვის.

მონბილიარდი ხანგძლივი პროდუქტიული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა, სტატისტიკურად ნახირში ფურების 25%  მე-5 ლაქტაციაში იმყოფება. ისინი დიდხანს ცოცხლობენ და ინარჩუნებენ ნაყოფიერებას, რაც ამცირებს სარემონტო ჩანაცვლების ხარჯებს, რაც ფერმერისთვის უფრო მეტ ხბოს და დამატებით შემოსავალს ნიშნავს. სარემონტო ჩანაცვლება ძვირია, ამიტომ ისეთი ძროხების ყოლა, რომლებიც დიდხანს შენახვა შესაძლებელია მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველა მერძეული ფერმერისთვის. ამასთან ეს ნახირში ფურების წუნდების უფრო მომგებიანი სტრატეგიის ქონის შესაძლებლობას იძლევა, რადგან წუნდება ძირითადად ნებაყოფლობითია, ანუ იმ ძროხების, რომელთაც მცირე მონაწველი და რძეში პროტეინის ან ცხიმის დაბალი შემცველობა გააჩნიათ ან სომატური უჯრედების მაღალი  რაოდენობა, ვიდრე იძულებითი, მაგალითად უნაყოფობის ან კიდურების პრობლემების გამო.

აღწარმოების უნარის მხრივ მონბილიარდი ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია. ის განაყოფიერების მაღალი უნარით ხასიათდება და ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაშიც კი მაკეობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამ ჯიშის ძროხა ინარჩუნებს სხეულის კარგ კონდიციას ლაქტაციის პერიოდში, რაც დადებით გავლენას ახდენს მის ნაყოფიერებაზე და ჯანმრთელობაზე.

მინესოტას უნივერსიტეტის კვლევებით დადგინდა რომ მონბილიარდის მდედრში უფრო მეტი ქალური ჰორმონებია ვიდრე ჰოლშტეინში. გავის სტრუქტურა, განიერი, ძლიერი სხეულის აგებულება უზრუნველყოფს მონბილიარდის ძროხის კარგ ნაყოფიერებას.  

მონბილიარდის მოგებებს შორის ინტერვალი 20 დღით ნაკლებია ჰოლშტეინთან შედარებით. უშობელის განაყოფიერების მაჩვენებელი 10 პუნქტით უფრო მაღალია ვიდრე ჰოლშტეინის და 15 პუნქტით უფრო მაღალი მეორე ლაქტაციის დროს.

მონბილიარდის სხეულის აგებულება და გავის სტრუქტურა ხელს უწყობს იოლ მშობიარობას. განიერი და ძლიერი სხეულისა და მუსკულატურის გამო მას ყოველთვის კარგი ნასუქობა ახასიათებს.

საუკუნეების მანძილზე მონიბილიარდის მომშენებლები ყველის მწარმოებლები იყვნენ, ამიტომ სელექციისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ რძეში მყარი ნაწილაკების შემცველობას და ცურის ჯანმრთელობას. მონბილიარდის რძე საუკეთესოა სასმელი რძისა და რძის სხვა  პროდუქტების,  განსაკუთრებით კი ყველის,  საწარმოებლად ცილებისა და კაპა-კაზეინ B-ს მაღალი დონით შემცველობის გამო. სელექციის პროგრამაში ჩართულია ასევე ბეტა კაზეინის შემცველობაც.

მონბილიარდის რძე ტრადიციულად გამოიყენება პოპულარული შვეიცარული ყველის სახეობების ემენტალის და გრუიერის საწარმოებლად.  ასევე ცნობილი ფრანგული ყველის კომტეს საწარმოებლად მხოლოდ წმინდა ჯიშის მონბილიარდის რძეა ნებადართული. მცირე დეტალი: მეწველი ფურის საკვებში არ შეიძლება გამოყენებული იყოს სილოსი, რადგან მასში არსებული ნივთიერებები უარყოფით გავლენას ახდენენ ამ სახეობის ყველის წარმოების პროცესზე. ეს ნიშნავს, რომ ძროხებს შეუძლიათ ჭამონ მხოლოდ ნედლი ბალახი ან თივა და დაღერღილი მარცვლეული. თუ ფერმერები აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას ისინი ფასნამატს იღებენ რძის ერთეულზე.

მონბილიარდის ცურს კარგი ხარისხი და სტრუქტურა გააჩნია. ძლიერი ცურის გამო მათ მასტიტების მიმართ მაღალი გამძლეობა გააჩნიათ, რაც ასევე მიმზიდველს ხდის მათ ფერმერებისთვის, რომლებსაც სურთ შენარჩუნონ ფურის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა. საფრანგეთში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მონბილიარს რძეში საშუალოდ 35%-ით ნაკლები სომატური უჯრედები გაჩნიათ ვიდრე ჰოლშტეინს, რაც 50 ათასით ნაკლები სომატური უჯრედების რაოდენობას ნიშნავს რძის წარმოების იგივე  დონის შემთხვევაში. მასტიტებთან ბრძოლა მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს, ამიტომ ჯანმრთელი ცური ძალიან საინტერესოა ფერმერებისთვის, განსაკუთრებით ბიოწარმოებაში.

რამდენიმე ლაქტაციის შემდეგ ცურთითები მსხვილდება, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ჰოლშტეინის შემთხვევაში.

კარგ შედეგებს იძლევა მონბილიარდის სხვა ჯიშებთან შეჯვარებაც. მონბილიარდთან შეჯვარებისას ჰოლშტეინის პროდუქტიული სიცოცხლის ხანგძლივობა იზრდება. ასევე ჰოლშტეინთან შეჯვარებისას მონბილიარდს უფრო მეტი სარძეო პროდუქტიულობა გააჩნია ვიდრე სუფთა ჯიშის მონბილიარდს. თუმცა ნაყოფი უფრო დიდი ზომისაა, რამაც მშობიარობის გართულებების რისკს ზრდის. თუმცა მეხორცულ ჯიშთან შაროლესთან შეჯვარებისას მშობიარობა განსაკუთრებით იოლი მშობიარობით ხასიათდება.   

მონბილიარდის ჯიშის საქონელი დღეს მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, სადაც მათ ადაპტირების  საუკეთესო თვისებები გამოავლინეს. ამერიკის შეერებული შტატების დიდი ფერმებიდან დაწყებული, ირლანდიაში საძოვრული შენახვის ფერმებით დამთავრებული, სადაც ისინი სულადობით მეორე ჯიშია.

მერაბ ჩხარტიშვილი

799

 

მსგავსი

comments powered by Disqus