ფერმების მომგებიანობის მაჩვენებელი - საქართველო და მსოფლიო

 

ფერმების მომგებიანობის შესაფასებელი ერთ-ერთი მაჩვენებელი რძისა და საკვების ფასების დონეების თანაფარდობაა. ამ მაჩვენებელს მსოფლიოსთვის ფერმების შედარების საერთაშორისო ქსელი IFCN ითვლის და ყოველთვიურად აქვეყნებს, GeorgianDairy-მ კი მისი ქართული ანალოგი შექმნა.

 


მცირე რამ მაჩვენებლის შესახებ

  • რამდენჯერაც მეტია რძის ფასი საკვების ფასზე, ფერმერს სწორად იმ რაოდენობის საკვების ყიდვა შეუძლია 1 კილოგრამი რძის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით
  • რძისა და საკვების ფასების თანაფარდობა საკვების ეკონომიურობას გვიჩვენებს
  • რადგან ინტენსიურ ფერმებზე საკვების წილი თვითღირებულებაში დიდია, ხშირად ეს მაჩვენებელი საკმაოდ კარგად ასახავს მომგებიანობის ცვლილებას
  • საკვების ფასის დასადგენად IFCN იყენებს კომბინირებული საკვების გამარტივებულ რაციონს
  • რაციონი იგივეა ქართული ვერსიისთვის - უბრალოდ ის იმპორტირებულია (რაციონის დეტალებისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე)
  • IFCN-ის მიხედვით, თუ მაჩვენებელი 1.5-ზე მეტია, მაშინ მაღალი წარმოებისა, თუმცა ასევე მაღალი ხარჯების მქონე, ინტენსიური სისტემების გამოყენება მიზანშეწონილია
  • შესადარისობისთვის, რძის ფასად საქართველოში აღებულია ინტენსიური ფერმების მიერ მიწოდებული რძის საშუალო ფასი

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, მომგებიანობის მაჩვენებელი საქართველოსთვის როგორც წესი მსოფლიო საშუალო დონეზე დაბალია. ის ასევე ჩამორჩება 1.5-იან ზღვარს, რაც იმას ნიშნავს რომ ასეთ პირობებში, მაღალი ინტენსივობის ფერმები მომგებიანობის თვალსაზრისით თავის პოტენციალს სრულად ვერ ავლენენ.

აქ ის მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი რომ ქართული ვერსიისთვის, საკვების ფასების დონის დასათვლელად გამოიყენება იმპორტირებული საკვები (ანუ გამარტივებული რაციონი რომელიც იმპორტირებულია); იმპორტი კი თავისთავად გულისხმობს დამატებით ხარჯებს: ტრანსპორტირება, დაზღვევა და ა.შ. აქვე ისიც უნდა ითქვას რომ ქართული ინდიკატორის ბოლოდროინდელი ზრდა სწორედ იმპორტირებული საკვების გაიაფებითაა გამოწვეული.

საინტერესოა როგორ შეიცვლება სიტუაცია თუ საკვების ფასების დონე საქართველოსა და მსოფლიოსთვის მსგავსი იქნება:

გრაფიკიდან ჩანს რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს საკვების ფასების დონეს მსოფლიოსას გავუტოლებთ, მაშინ რძის წარმოების მომგებიანობის მაჩვენებელი საქართველოში 2017-2018 წლებში საშუალოდ 35%-ით გადააჭარბებს მსოფლიოს ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული იმის დამსახურებაა რომ საქართველოში ინტენსიური ფერმების რძე მსოფლიოს საშუალოს სწორედ 35%-ით აღემატება:

საქართველოში რძის მაღალი ფასი ფართო შესაძლებლობებზე მიგვანიშნებს, რადგან მომგებიანობის რეალური მაჩვენებელი აღნიშნულზე მაღალი იქნება ინტენსიური ფერმისთვის თუ ის იმპორტირებული რაციონის შესაცვლელად ადგილობრივსა და უფრო იაფ ალტერნატივებს მოიძიებს.

 

რძისა და საკვების ფასების თანაფარდობის ინდიკატორის მიერ აღწერილი სურათი მოკლედ შევაჯამოთ:

  1. მსოფლიოსთან შედარებით საქართველოში რძე ძვირი ღირს
  2. თუმცა უფრო ძვირი ღირს საკვები, რადგან ფერმერს მისი იმპორტირება უწევს
  3. ქართული მომგებიანობის მაჩვენებელი მსოფლიოსას ჩამორჩება
  4. თუ საკვების ფასების დონიდან იმპორტის ხარჯებს ამოვიღებთ, მაშინ ქართული მომგებიანობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს უცხოურს

 

70

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ცვლილება - 2018 წლის ნოემბერი

 

რძის ნაწარმი ნოემბერშიც გაძვირდა. რძისა და რძის პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები...

დუშეთში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელ...