პირუტყვის ექსპორტი მცირდება, ხორცისა კი იზრდება

 

ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი ბოლო 2 წელიწადია მცირდება. პარალელურად, მისი ხორცის ექსპორტი ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდება, თუმცა მასშტაბები ჯერ საკმაოდ პატარაა.

2017-2019 წლებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივი ექსპორტი 36 მილიონი დოლარიდან 22 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ფულად ღირებულებასთან ერთად შემცირებულია ექსპორტირებული პირუტყვის რაოდენობაც, 131 ათასიდან 96 ათასამდე (2017-2019წწ). წლების გნამავლობაში პირუტყვის მთავარი იმპორტიორი (საქართველოდან) აზერბაიჯანი და ერაყი არიან.

რთულია რომ პირუტყვის ექსპორტის შემცირება მხოლოდ ახალ რეგულაციებს, ცოცხალი პირუტყვის მინიმალური საექსპორტო მასის ზრდას მივაწეროთ:

  • ექსპორტის მსგავსი შემცირებები რეგულაციებზე ადრეც გვინახავს - მაგალითად, 2015-2014 წლებში პირუტყვის ექსპორტი 17 ათასი სულით (9 მილიონი დოლარით) შემცირდა
  • 2019 წლისთვის ექსპორტირებული ერთეულის საშუალო წონა კი 124 კილოგრამია -რაც წინა 5 წლის საშუალოზე ნაკლებია

აღსანიშნავია რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის შემცირება 2018 წელს არ ასახულა ქვეყანაში სულადობის ზრდაში. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი სულადობის კლება გაგრძელდა 2019 წლის პირველ სამ კვარტალშიც.

საინტერესოა რომ 2017-2019 წლებში ხორცის (ახლის, გაყინულისა თუ გაციებულის) ადგილობრივი ექსპორტი 14 ათასი დოლარიდან 445 ათას დოლარამდე გაიზარდა - თუმცა ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი მისი ხორცისას დაახლოებით 50-ჯერ აღემატება.

2019 წლისთვის, საქართველოდან როგორც ცოცხალი პირუტყვის, ისე მისი ხორცის მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანია. აღსანიშნავია რომ აზერბაიჯანი თითქმის 2-ჯერ მეტს ხარჯავს ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტში მის ხორცთან შედარებით (წყარო: TradeMap.org).

 

288

 

მსგავსი