ფხვნილის ფასი ზრდას განაგრძობს, იმპორტის რაოდენობა კი კვლავ შემცირებულია

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ივლისში საქართველოში იმპორტირებული მოხდილი მშრალი რძე (რძის ფხვნილი) უფრო მეტად გაძვირდა. ფასების ზრდის ტენდენცია გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო. საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო, რომ ფხვნილის იმპორტი რაოდენობაში ბოლო 3 თვეა მაინც იზრდება: თვიდან-თვემდე რაოდენობის დინამიკა როგორც წესი მაღალი ცვალებადობით ხასიათდება და ზრდის ტენდენციის დაწყებაზე საუბარი ჯერ უადგილოა. გასულ წელთან შედარებთ, ფხვნილის იმპორტის რაოდენობა შემცირებულია როგორც წლის პირველი 7 თვის ჯამში, ისე ბოლო 3 თვის ჯამშიც.

2019 წლის ივლისში საქართველოში კილოგრამი იმპორტირებული რძის ფხვნილის საშუალო (CIF) ღირებულებამ 2.3 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ფხვნილის იმპორტის მოცულობა 1.9 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ, მისი რაოდენობა ნედლი რძის ექვივალენტში კი - 8.9 მილიონი ლიტრი.

წლიდან წლამდე საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი 30%-ით გაძვირდა. ფასის მატება უფრო მაღალია ლარში, მისი კურსის გაუარესების გამო. აღსანიშნავია რომ ფხვნილი საერთაშორისო ბაზრებზეც გაძვირებულია.

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA-ს) მიხედვით, ფხვნილი შეზღუდული რაოდენობით იწარმოება რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მისი ფასების გამყარებას საერთაშორისო დონეზე.

პირველი 7 თვის ჯამში, საქართველოში 9.9 მილიონი დოლარის ფხვნილი შემოვიდა (-2.5% წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან), მისი ჯამური რაოდენობა კი ნედლი რძის ექვივალენტში 50.8 მილიონი ლიტრი გახლდათ (-14.3% წინა წელთან).

7 თვეში 50 მილიონი ლიტრი ნედლი რძის წარმოებას საქართველოში დაახლოებით 11,000 მაღალპროდუქტიული ჯიშის ძროხა დასჭირდებოდა.

ფხვნილის იმპორტის რაოდენობა ბოლო 3 თვეა სწრაფად იზრდება, თუმცა აღნიშნულ პერიოდში (მაისი-ივლისი) წელს 13%-ით უფრო ნაკლები ფხვნილის იმპორტი განხორციელდა ვიდრე შარშან.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო რძის ფხვნილს არ აწარმოებს, შესაბამისად რიცხვები რასაც სტატისტიკაში ვხვდებით რე-ექსპორტია, რომლის მოცულობები იმპორტთან შედარებით უმნიშვნელოა.

 


გამოყენებული სავაჭრო ტერმინები

CIF – Cost, Insurance, Freight – ფასებში, პროდუქტის ღირებულებასთან ერთად,  შედის ტრანსპორტირება იმპორტიორ ქვეყანამდე და დაზღვევა.

გამოყენებული მასალები

ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (რძის ბაზრის სიახლეები, ტომი 86, რეპორტი №31)

საქართველოს სტატისტიკა: ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის მონაცემები, https://mof.ge/export_importis_informacia

რძის ფხვნილის სავაჭრო კოდი: 040210

კონვერსაცია: 1კგ რძის ფხვნილი = 10.72ლ ნედლი რძე

328

 

მსგავსი

 

აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის დეკემბერი

 

2019 წელს ქართველი რძის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა...

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქონლის ხორცის გაყიდვების სწრაფი ზრდაა პროგნოზირებული

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე საქონლის ხორცის ვაჭრობის ზრდის დინამიკა ფიქსირდება. აღნიშ...

ყველის კონკურსი World Cheese Awards 2020 წელს ესპანეთში გაიმართება

2020 წლის 5 - 7 ნოემბერს  ოვიედოში, ესპანეთი,  World Cheese Awards-ის 33-ე კო...