რა პრობლემების წინაშე დგას ხარისხიანი ნედლი რძის წარმოება საქართველოში და გრძნობენ თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მერძევე ფერმერები?

საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძის წარმოება შეიძლება ითქვას რომ სრულად დამოკიდებულია ინტენსიურ ფერმებზე, რადგან სწორედ ასეთ ფერმები ახერხებენ ხარისხის და უვნებლობის სტანდარტების დაცვას რძის წარმოებაში. თუმცა, საქართველოს მერძევეობის ასოციაციაში სექტორში არსებულ მდგომარეობას სავალალოდ მიიჩნევენ, სახელმწიფოსგან კი მხარდაჭერას ვერ ხედავენ.

COVID-19-ის ეპიდემიამ სექტორს კიდევ უფრო მეტი პრობლემა მოუტანა, პირველი რასაც ასოციაციაში აღნიშნავენ, პირუტყვის საკვების ფასების ზრდაა, რამაც რძის თვითღირებულება საგრძნობლად გაზარდა. იმ ფონზე, როცა რძის ინდუსტრიული მწარმოებლები სამართლიანი რძის ფასებისთვის მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს რძის გადამამუშავებლებთან, სახელმწიფომ რძის ფხვნილის სავალუტო რყევებისგან დაზღვევა მოახდინა, რითაც საბოლოოდ მხოლოდ მშრალი რძის იმპორტიორ კომპანიებს შეუწყო ხელი. რძემჟავა პროდუქტების გაძვირება მაინც მოსალოდნელია მომდევნო თვეებში.

რძის ფხვნილის ფასების დაზღვევასთან დაკავშირებით ასოციაციამ თავისი პოზიცია ერთხელ უკვე დააფიქსირა და იყო გარკვეული მოლოდინი, რომ რძის ფხვნილის სუბსიდირების შემდეგ სახელმწიფო ნედლი რძის წარმოების სექტორს დაეხმარებოდა. თუმცა ამ თემის განხილვა კვლავ აქტუალურია, რადგან მთავრობის წარმომადგენლები განაგრძობენ არგუმენტების გაჟღერებას თუ რატომ ჩათვალა სახელმწიფომ საჭიროდ რძის ფხვნილის ფასების დაზღვევა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის მიერ კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან რძის ფხვნილის ფასების დაზღვევის აუცილებლობაზე ისაუბრა. ხანიშვილმა შემდეგი არგუმენტები მოიყვანა, რომ რძის ფხვნილი თავად რძის მწარმოებლებს, ხბოების გამოსაზრდელად ესაჭიროებათ, ყურადღება გაამახვილა ასევე მენეჯმენტის პრობლემებზე ფერმებში, პირუტყვის დაბალპროდუქტიულობაზე და მაღალპროდუქტიული პირუტყვის სულადობის სიმცირეზე ქვეყანაში. მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქცია ქვეყანაში წარმოებული ნედლი რძის  მხოლოდ 20%-ს შეადგენს და მერძევე ფერმერები მრავალი შეღავათით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან.

მინისტრის მოადგილის მიერ მოყვანილ არგუმენტები მიუღებელია საქართველოს მერძევეობის ასოციაციის წევრებისთვის. ასოციაციის განმარტებით რძის ფხვნილი, რომელსაც იყენებენ პირუტყვის კვებაში, რძის პროდუქტების დასამზადებლად არ გამოიყენება და ეს არგუმენტი აზრს მოკლებულია. რაც შეეხება მენეჯმენტის და პროდუქტიულობის საკითხებს, ინტენსიურ ფერმებში წლების წინ მართლაც იყო მენეჯმენტის პრობლემები, რომლებიც ფერმებმა წლების განმავლობაში გადალახეს. პრობლემები დღესაც შეიძლება იყოს, თუმცა ფერმები მუდმივად ვითარდებიან და დროთა განმავლობაში დღეს არსებული პრობლემებიც აღმოიფხვრება. უმეტესობა ასოციაციის წევრი ფერმებიდან წელიწადში ერთ სულ ფურზე 7000-8000 ლიტრამდე რძეს იღებს, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი.

ასოციაციაში ადასტურებენ, რომ ქვეყანში მართლაც მცირეა მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვის სულადობა, რასაც ასოციაცია სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებს. მაგალითისთვის, სახელმწიფო წლებია ხელს უწყობს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენებას. სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს ნერგების საფასურის 70% უფინანსებს, თუმცა არ არსებობს მსგავსი თანადაფინანსების პროგრამები ისეთ სტრატეგიულ მიმართულებაზე სოფლის მეურნეობაში როგორიცაა მეცხოველეობა, რაც აისახება მაღალპროდუქტიული პირუტყვის სულადობაზე.

ასოციაცია არც სტატისტიკური მონაცემებით გამყარებულ არგუმენტს იზიარებს, რადგან თვლის რომ ოფიციალური სტატისტიკა აცდენილია რეალობას და რძის ფხვნილის წილი ნედლი რძის საერთო რაოდენობაში გაცილებით დიდია. რაც შეეხება შეღავათებს, მერძევე ფერმერებისთვის ერთადერთი შეღავათი, რომელსაც ისინი წარმატებით იყენებენ იაფი აგროკრედიტია, თუმცა აქაც არის გარკვეული შეზღუდვები. კვლავ შეუსრულებელი რჩება ასოციაციის მიერ შემუშავებული ინიციატივები როგორიცაა მაწონის დასახელების გამოყენება მხოლოდ ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციაზე და რძის გადამუშავების სექტორის დღგ-სგან განთავისუფლება. ასოციაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების საკითხი ისევ აქტუალურია, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს ბაზარზე.

265

 

მსგავსი

 

გაზრდილი რძის წარმოება - ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა - 2020-Iკვ

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ნედლი რძის წარმოება 1...

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი - 2020 წლის აპრილი

 

სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების მომგებიანობის ცვლილება...

 

comments powered by Disqus