რა რაოდენობის ნედლი რძე დასჭირდება საქართველოს მომავალში?

 

რძის საერთაშორისო დღეს განვიხილოთ თუ რამდენი მაღალხარისხიანი და უვნებელი ნედლი რძე შესაძლოა დასჭირდეს საქართველოს მომავალში.

პირველ რიგში აღსანიშნავია რომ:

  • რძის 90%-ზე მეტი ოჯახურ მეურნეობებში იწარმოება
  • რომლებიც რძის საწარმოებლად მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებენ
  • რაც განაპირობებს იმას რომ რძის წარმოება ხშირ შემთხვევაში წამგებიანია
  • რძის ხარისხი კი - დაბალი
  • შესაბამისად, საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძე დეფიციტურ პროდუქტად რჩება

სწორედ ამიტომ, საქართველოს კვლავ სჭირდება პროფესიონალი ფერმერები, რომლებიც ხარისხიანი ნედლი რძის მსხვილ რაოდენობებს ეფექტურად აწარმოებენ. ამჟამად, ასეთი ფერმების რაოდენობა მცირეა.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის გამოშვება, რომელიც ადგილობრივად ნაწარმოები მაღალი ხარისხის ნედლი რძის თითქმის 100%-ს შეადგენს, 20 მლნ ლიტრია წელიწადში (წყარო: GeorgianDairy.org). ჯამში კი საქართველო 547 მლნ ლიტრ ნედლ რძეს აწარმოებს (2019წ, წყარო: საქსტატი).

რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე ზოგიერთ ქვეყნებში (კილოგრამი ნედლი რძის ეკვივალენტში, 2019 წ)

წყარო: OECD-FAO სოფლის მეურნეობის მიმოხილვა 2019-2028, საქართველო - მერძევეობის სექტორში უნარ-ჩვევების განვითარების პროექტის სამუშაო ჯგუფი (შეფასება საქსტატზე დაყრდნობით)

უახლესი მონაცემებით, საქართველოში რძის პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე, ნედლი რძის ექვივალენტში, 178 კილოგრამია წელიწადში.  

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, შემოსავლის დონესა და ცხოველური პროტეინის მოხმარებას შორის, ხშირ შემთხვევაში ძლიერი დადებითი კავშირია: შემოსავლის ზრდასთან ერთად, ხორცის, რძისა და კვერცხის მოხმარება იზრდება (უფრო მეტად) რუტინული საკვების მოხმარების შემცირების ხარჯზე

მაგალითად, ევროკავშირში სულადობრივი მოხმარების მაჩვენებელი 82%-ით უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში და წელიწადში სულზე 325 კილოგრამს შეადგენს. სხვა თანაბარ პირობებში, ევროკავშირის სულადობრივ მოხმარებასთან წამოსაწევად, საქართველომ დამატებით 545 მლნ ლიტრი ნედლი რძე უნდა აწარმოოს.

გავითვალისწინოთ რომ ამჟამად, მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვის საშუალო წველადობა საქართველოში წელიწადში 7,500-10,000 ლიტრის ფარგლებში მერყეობს. გამოდის რომ, საქართველოს განვითარების და ევროკავშირის ამჟამინდელ დონესთან წამოწევის გზაზე, (545 მლნ ლიტრი ხარისხიანი ნედლი რძის საწარმოებლად) დამატებით 55,000-73,000 სული მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვი დასჭირდება.

თუ ჩავთვლით რომ მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება, ხსენებულზე უფრო მეტი პირუტყვიც იქნება საჭირო

აღნიშნული რაოდენობის დამატებითი პირუტყვი, ნიშნავს დღეისათვის საქართველოში ყველაზე წარმატებული მერძეული ფერმის მსგავს 55 ახალ ფერმას, რაც კი თავის მხრივ 3,300 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში უვნებელისა და მაღალხარისხიანი ნედლი რძის ფასი მაღალია, რაც პროფესიონალი ფერმერული მეურნეობების სეგმენტის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუმცა ამგვარი რძის საქართველოში წარმოების ასევე მაღალი თვითღირებულება ზემოთხსენებულ პოტენციალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. იმისათვის რომ რძის პროდუქტების მოხმარება გაიზარდოს ქართული რძით და არა იმპორტის ზრდით, ადგილობრივი საწარმოო ჯაჭვის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.

იმედისმომცემია რომ პრობლემების გადაჭრის მხრივ, სამთავრობო დონეზე საწარმოო ჯაჭვის წევრებთან ინტენსიური მუშაობა დაწყებულია. უკვე რამდენიმე თვეა რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რძის მწარმოებელთა ასოციაციასა და საწარმოო ჯაჭვის სხვა წევრებს შორის, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, არსებული სირთულეების გადაჭრის გზების ძიება მიმდინარეობს .

376

 

მსგავსი

 

რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი - 2020 წლის ივნისი

 

წლის პირველ ნახევარში სულგუნის ინდექსი, რომელიც საქართველოში რძის გადამუშავების...

რომელი ქვეშსაფენი გამოვიყენოთ?

კომპანია პეტინგერის და საქართ...