რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი - 2020 წლის აპრილი

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით, ფასები რძის ფხვნილზე გლობალურად იკლებს, პარალელურად ჩნდებიან ასეთ დაბალ ფასად შესყიდვის მსურველები.

ფასების ვარდნის მთავარი მიზეზი მოთხოვნის ვარდნაა, რაც რათქმაუნდა პანდემიის დამსახურებაა. ასევე მნიშვნელოვანია რძის წარმოების ზრდა ევროპაში (სადაც წველის სეზონია) - გაზრდილი წარმოება როგორც წესი ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს ხოლმე.

USDA-ს მიხედვით, 24 აპრილისთვის, დასავლეთ ევროპაში ერთი ტონა მოხდილი მშრალი რძის ფასი 1,675 - 1,875$-ის ფარგლებში მერყეობდა (FOB). წლის დასაწყისთან შედარებით, ეს თითქმის 1,000$-იანი შემცირებაა.

USDA-ს რეპორტში ასევე ნახსენებია ფხვნილის მყიდველთა გააქტიურება. ევროპელ გამყიდველებთან, ფხვნილის შესყიდვის კონტრაქტები იდება როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი პერიოდისთვის. პარალელურად, საუბარი მიდის კერძო შენახვის დახმარების (Private Storage Aid-ის) გააქტიურებაზე, რაც ერთ-ერთი ევროპული მექანიზმია პროდუქტის ჭარბი მიწოდების დროს.

რას ნიშნავს ეს ქართული ბაზრისთვის?

ქართული ბაზრისთვის, მსგავსი შემცირება, ნიშნავს რომ იმპორტირებული კარაქითა და რძის ფხვნილით აღდგენილი რძის ღირებულება 100 ლიტრზე დაახლოებით 100 ლარი იქნება, რაც 30 ლარიანი შემცირება გამოვა მარტის საშუალოსთან შედარებით. თუ ცხიმის წყაროდ უფრო იაფი საშუალება გამოიყენება ვიდრე იმპორტირებული კარაქი, მაშინ საქართველოში აღდგენილი 100 ლიტრი რძე რაღათქმაუნდა 100 ლარზე იაფი დაჯდება.

ეს გაიაფება, საქართველოსთვის შესაძლოა მისი იმპორტის ზრდაშიც აისახოს. მართალია რომ შემცირებული ბიზნეს აქტივობის გამო, საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნა სავარაუდოდ შემცირდება საქართველოშიც, მაგრამ რთული სათქმელია რამდენად შეუშლის ეს ხელს იმპორტს: რძის ფხვნილის შენახვა ხანგრძლივი დროით შეიძლება - შესაძლოა ჭარბად იყიდონ ახლა, როცა ის იაფია და გამოიყენონ შემდგომში.

 


ინფორმაციის წყარო საერთაშორისო ბაზრისთვის: USDA

 


საქართველოში აღდგენილი რძის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია

აღდგენილი რძის ღირებულება, ლარი/ლიტრი საშუალოდ თვეში

  1. კარაქით, 2.5% ცხიმიანობის აღდგენილი რძე = რძის ფხვნილის ღირებულება * 0.1 + კარაქის ღირებულება * 0.03 + 0.05

სადაც:

  • რძის ფხვნილის ღირებულება = იმპორტის საშუალო ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040210
  • კარაქის ღირებულება = შედარებით იაფი კარაქის იმპორტის ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040510
  • “+0.05” = აღდგენასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, წყალი ა.შ. [შეფასება]

განმარტება წონებზე: 1 ლიტრი აღდგენილი რძისთვის გამოიყენება 0.1 კგ ფხვნილი და 0.03 კგ კარაქი; 0.03 კგ კარაქი (82.5%) შეიცავს დაახლოებით 25 გრამ ცხოველურ ცხიმს (რაც საჭიროა აღდგენილი რძის 2.5%-იანი ცხიმიანობისთვის)

  1. აღდგენილი რძე დღგ-ს ჩათვლის გამოყენების შემდეგ = A / 1.18
270

 

მსგავსი