რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი - 2019 წლის იანვარი

 

2019 წლის იანვრისთვის რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი 0.16 პუნქტით გაუმჯობესდა (წინა თვესთან), რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდაა 2017-2019 წლებში. მაჩვენებლის გაუმჯობესება ნედლი რძის გაძვირებამ გამოიწვია; ინდიკატორის ხარჯების ნაწილი არ შეცვლილა: კომბინირებული საკვების ღირებულება იანვარში პრაქტიკულად იგივე დონეზე დარჩა რაც დეკემბერში იყო.

გასულ თვეში რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორმა 1.56 ერთეული შეადგინა, რაც პრაქტიკულად წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელია. აღსანიშნავია რომ 2018 წლის ზედმეტად დადებით დასაწყისი იანვრის თვეში კომბინირებული საკვებდანამატების ზედმეტად იაფი იმპორტის გამო მოხდა[1], რაც შემდეგ თვეებში დაკორექტირდა; მიმდინარე წელი სხვაგვარია - საკვები არ გაიაფებულა, შესაბამისად, არ ველოდებით რომ ის ისევე მკვეთრად გაძვირდება როგორც შარშან. ახლა ინდიკატორის არსებული მაღალი დონე რძის გაძვირების დამსახურებაა და არა საკვების გაიაფების.

ველოდებით რომ მიმდინარე წელს ინტენსიური ფერმებისთვის რძის საშუალო ფასი 1.40 ლარი იქნება კილოგრამზე, რაც საშუალოდ 0.15-0.20 ლარით მაღალი ფასი იქნება გასული წლის გავრცელებულ ფასებზე. რძეზე მსგავსი ფასებით, 2019 წელს, მომგებიანობის ინდიკატორის საშუალოწლიური მაჩვენებელი იმ შემთხვევაში გაუარესდება, თუ საკვები შარშანდელზე 20%-ით ან უფრო მეტად გაძვირდება - ეს კი ნაკლებადრეალისტურია. შესაბამისად, ველოდებით რომ  2019 წელი დიდი ალბათობით გასულ წელზე უკეთესი იქნება, რასაც რძის ფასის გაზრდით გამოწვეული შემოსავლების ზრდა განაპირობებს.

გაზრდილი მომგებიანობის ინდიკატორი ნიშნავს რომ:

  1. უკვე არსებულ ინტენსიურ ფერმებს ზრდის მეტი სტიმული ექნებათ
  2. მთლიანად სექტორი კი უფრო მეტად მიმზიდველი გახდება ინვესტიციებისთვის და ახალი ფერმების გაჩენის ალბათობა გაიზრდება

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • იანვარში იმპორტირებული სოიოს შროტის საშუალო CIF ღირებულებამ 42.16$ შეადგინა 100 კილოგრამზე (+1% წინა თვესთან)
  • სიმინდისამ კი - 17.34$ (-1% წინა თვესთან)
  • საშუალოთვიური გაცვლითი კურსი დეკემბერ-იანვარში პრაქტიკულად არ შეცვლილა
  • გასულ თვეში ფერმერს 100 კილოგრამი გამარტივებული კომბინირებული საკვები რაციონი (30% სოიოს შროტი, 70% სიმინდი) დაახლოებით 90 ლარი დაუჯდა
  • ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში ქართველი ფერმერისთვის კომბინირებული რაციონის ღირებულება არ შეცვლილა (2018 წლის დეკემბერთან შედარებით)

[1] 2018 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იმპორტირებული სოიოს შროტი 30$ ღირდა (CIF, 100kg).  აღნიშნული ფასი უპრეცენდენტოდ დაბალია მინიმუმ გასულ 3 წელიწადში. სოიოზე ასეთმა დაბალმა ფასმა ინდიკატორის ყველაზე დიდი თვიური ზრდა გამოიწვია 2017-2018 წლებისთვის.


მეთოდოლოგია

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი, რძისა და კომბინირებული საკვების ფასების თანაფარდობა საშუალოდ თვეში

მომგებიანობის ინდიკატორი = რძის ფასი / კომბინირებული საკვები რაციონის ფასი

სადაც:

რძის ფასი = რძის რეალიზაციის გავრცელებული ფასი ინტენსიურ ფერმებში; ლარი 100 კილოგრამზე

კომბინირებული საკვები რაციონის ფასი = სოიოს შროტის ღირებულება (ლარი/კგ) * 30 კგ + სიმინდის ღირებულება (ლარი/კგ) * 70 კგ; ლარი 100 კილოგრამზე

  1. სოიოს შროტის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 23040000000
  2. სიმინდის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 100590

მონაცემთა წყაროები

იმპორტის მონაცემები: https://mof.ge/export_importis_informacia - ფინანსთა სამინისტრო

საშუალოთვიური გაცვლითი კურსი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304 - ეროვნული ბანკი

რძის ფასი: რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა - GeorgianDairy

 

393

 

მსგავსი

 

ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სა...

საქსტატის მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლების ტენდენციაა

 

2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის საქსტატის წინასწარი მონაცემებით,  მსხვილფ...