რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი საქართველოსთვის - 2020 წლის მარტი

 

ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდიკატორმა კლება გააგრძელა და ის შარშანდელ მარტს 5%-ით ჩამორჩება. საშუალოდ პირველ კვარტალში კი მაჩვენებელი წლიურად 4%-ით არის გაუარესებული. აპრალის დასაწყისისთვის, პირუტყვის საკვები კიდევ უფრო მეტად არის გაძვირებული - რაც ინდიკატორზე ნეგატიურად აისახება.

შეგახსენებთ რომ ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდიკატორი რძისა და საკვების ფასების თანაფარდობას წარმოადგენს. ზოგადად, ინდიკატორის მაღალი დონე გვეუბნება რომ ფასები სექტორში უფრო მეტი ინვესტირებისა თუ ფერმების გაფართოების უფრო მეტ სტიმულს იძლევიან, ვიდრე იმ პერიოდებში როცა ინდიკატორი დაბალია.

ბოლოდროინდელი დინამიკა ნეგატიურია

ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდიკატორი მცირდება, რაც გვეუბნება რომ რძესა და საკვებზე არსებული ფასები გაფართოების უფრო ნაკლებ სტიმულებს იძლევიან ვიდრე წინა თვეებში.

მთავარი მოქმედი ფაქტორი ლარის კურსია

აღსანიშნავია რომ ეს ფერმები ძირთადად იმპორტირებულ საკვებს იყენებენ.

იმპორტირებული საკვების საფასო დონის განსასაზღვრად გამოიყენება გამარტივებული საკვები რაციონი (70% სიმინდი, 30% სოიოს შროტი)

რადგან საკვები იმპორტირებულია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლარის გაცვლით კურსს. საინტერესოა რომ:

  • ბოლო 15 თვეში, ინდიკატორში მიმდინარე ცვლილებები ქართული ინტენსიური ფერმების რძის ფასის კლებით არ არის განპირობებული
  • რძის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა
  • ასევე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა საკვები რაციონის ღირებულება დოლარში
  • ინდიკატორის გაუარესება თითქმის მთლიანად ლარის კურსის გაუფასურებით არის განპირობებული

მოლოდინები ნეგატიურია

ფერმერები აცხადებენ რომ რძეზე უფრო მეტად მაღალი ფასის მიღება სჭირდებათ, მაგრამ ძალიან უჭირთ. ასე რომ, მომგებიანობის ინდიკატორზე ძირითად ზემოქმედებას საკვების ღირებულება გააგრძელებს. 

საქართველოს მერძევეთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, მარტთან შედარებით, აპრილის დასაწყისში პირუტყვის საკვები უფრო მეტად არის გაძვირებული:

3 კვირის განმავლობაში, 16 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით, გამოკითხული 14 საკვებიდან 13-ზე ზრდა ფიქსირდება. ამ ეტაპზე რთულია იმის წარმოდგენა თუ რამ უნდა გააიაფოს აღნიშნული პროდუქტი, ასე რომ ფერმერებს საკვების ხარჯები გაეზრდებათ, მომგებიანობის ინდიკატორი კი გაუარესდება.

სად არის გამოსავალი?

მაშინ როცა რძეზე უფრო მაღალი ფასების მიღება ძალიან რთულია, ადგილობრივმა ინტენსიურმა მერძეულმა სექტორმა მეტი რესურსი ტექნოლოგიურ განვითარებას უნდა დაუთმოს. ეს ბაზრის სხვა წევრებთან კოორდინაციის გარეშე რთული გადასაწყვეტი იქნება. გამოსავალს სწორედ კოორდინაციაში ვხედავთ: მიწოდების ჯაჭვის წევრებთან კოორდინაციამ პირველად მწარმოებლებს განვითარების მყარი სტიმულები უნდა მისცეს.

 


მეთოდოლოგია

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი, რძისა და კომბინირებული საკვების ფასების თანაფარდობა საშუალოდ თვეში

მომგებიანობის ინდიკატორი = რძის ფასი / კომბინირებული საკვები რაციონის ფასი

სადაც:

რძის ფასი = რძის რეალიზაციის გავრცელებული ფასი ინტენსიურ ფერმებში; ლარი 100 კილოგრამზე

კომბინირებული საკვები რაციონის ფასი = სოიოს შროტის ღირებულება (ლარი/კგ) * 30 კგ + სიმინდის ღირებულება (ლარი/კგ) * 70 კგ; ლარი 100 კილოგრამზე

 

    1. სოიოს შროტის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 23040000000
    2. სიმინდის ღირებულება = იმპორტის საშუალო ღირებულება თვეში * 1.18 (გადასახადები, დღგ) * 1.15 (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება); HS 100590

მონაცემთა წყაროები

იმპორტის მონაცემები: https://mof.ge/export_importis_informacia - ფინანსთა სამინისტრო

საშუალოთვიური გაცვლითი კურსი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304 - ეროვნული ბანკი

რძის ფასი: რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა - GeorgianDairy

353

 

მსგავსი