რძის წარმოების, საშუალო წველადობისა და სულადობის მაჩვენებლები ინტენსიურ ფერმებში

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, რძის წარმოების ინტენსიური სექტორი საგრძნობლად იზრდება. შარშანდელთან შედარებით, რძის წარმოება გაზრდილია ყველა გამოკითხულ ინტენსიურ ფერმაში. ზრდის მასშტაბები 22%-იდან იწყება და 500%-მდეც კი ადის. აღსანიშნავია რომ წარმოების მატება უმეტესწილად პირუტყვის სულადობის მატებით, ფერმების გაფართოებით, არის განპირობებული.

ინტენსიური ფერმების წარმოების ინდექსები გვიჩვენებენ წარმოების, წველადობისა და სულადობის საშუალო ცვლილებას ქართულ (გამოკითხულ[1]) ინტენსიურ ფერმებში. თითოეული მაჩვენებლისთვის, 2017 წლის დასაწისი პირობითად აღებულია როგორც „100“.

რძის წარმოება

  • ივნისის ბოლოსთვის დღიური წარმოების მაქსიმუმი ერთ ფერმაზე 3600 ლიტრს აღწევს
  • მინიმუმი კი - 200 ლიტრს შეადგენს
  • წარმოების ინდექსი გასულ თვეში 226-ს უჩვენებს: რაც იმას ნიშნავს რომ მიმდინარე ივნისში, 2017 წლის დასაწყისთან შედარებით, წარმოება საშუალოდ 2.26-ჯერ არის გაზრდილი
  • შარშანდელ ივნისს (102) წლევანდელი საშუალოდ 2.2-ჯერ აღემატება (226/102) - ანუ ქართულ ინტენსიურ ფერმაზე წარმოებული რძის რაოდენობა საშუალოდ გაორმაგდა

საშუალო წველადობა

  • ივნისისთვის, საშუალო დღიური წველადობა ერთ მეწველ ძროხაზე ძირითადად 21-27 ლიტრის დიაპაზონში ხვდება
  • წველადობის ინდექსი გასული თვისთვის 122-ს უჩვენებს და წველადობის +22%-იან ზრდაზე მიგვითითებს (2017 წლის დასაწყისთან)
  • შარშანდელ ივნისთან შედარებით, წელს მეწველი ძროხების პროდუქტიულობა ინტენსიურ ფერმებში საშუალოდ 10%-ითაა გაზრდილი (122/111)

მეწველი ძროხების სულადობა

  • მეწველი პირუტყვის სულადობაში ვარიაცია დიდია: მინიმუმი ერთ ფერმაზე 11 სულს უდრის, ყველაზე მეტი კი 140 სულია დაფიქსირებული
  • შედარებით დიდი ფერმებისთვის (70  მეწველი ძროხა და მეტი), ერთ ფერმაზე საშუალოდ 103 მეწველი ძროხა ფიქსირდება
  • აღსანიშნავია რომ სულადობის ინდექსი ივნისში 187-ს უჩვენებს და ის შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია, რამაც რძის წარმოების ზემოთ აღიშნული ზრდა გამოიწვია

როგორც ვხედავთ, GeorgianDairy-ს გამოკითხვიდან მოპოვებული მონაცემები ინტენსიური სექტორის არსებული წევრების გაფართოებაზე მიგვანიშნებს. ჩვენი ინფორმაციით ზოგიერთ ფერმაზე ზრდის გაგრძელება იგეგმება. ასევე აღსანიშნავია ქართულ ბაზარზე რომ მოსალოდნელია ახალი მსხვილი ფერმების გამოჩენაც.

 

[1] ამჟამად გამოკითხვაში 7 ინტენსიური ფერმა მონაწილეობს

მასალის გამოყენების პირობები

323

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასები, ოფიციალური სტატისტიკა - 2018 წლის ივლისი

 

comments powered by Disqus