როგორ დავაარსოთ მერძეული მეურნეობა

 

მერძეული მესაქონლეობის ბიზნესი უზრუნველყოფს მაღალ მომგებიანობას, შემოსავლების სწრაფ ყოველთვიურ შემოდინებას და რეალიზაციის მეტი ბაზრები გააჩნია. ამ სფეროში ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, რომელთაა დანერგვაც მერძეული ფერმის ეფექტიანობას და შემოსავლების გაზრდას უწყობს ხელს, მყისიერად იღებს შედეგებს  და მათ დანერგვაზე გაწეული ხარჯების ამოღება სწრაფად ხდება.

ტატიის  მიზანია სწორად დაგეგმოთ თანმედროვე მერძეული ფერმის დაარსება ან უკვე არსებულის მოდერნიზება და ამ პროცესში არ დაუშვათ შეცდომები, რომელიც შემდგომში მის ეფექტიანობას შეამცირებს და მათი შემდგომში გამოსწორება შესაძლებელია ძვირადღირებული ან თუნდაც გამოუსწორებელი იყოს.

თანამედროვე, წარმატებული და ეფექტიანი მერძული ფერმის დაარსება ხანგძლივ და ყურადღებიან დაგეგმვას მოითხოვს, დიდი თავდაპირველი კაპიტალდაბანდება და ადამიანური რესურსები სჭირდება, ხოლო  შემდგომში მისი წარმატებით მართვა და განვითარება კი ბევრ დროს, სამუშაოს და ცოდნას მოითხოვს. ამიტომ ამ ბიზნესის დაწყებამდე კარგად შეისწავლეთ რასთან გექნებათ საქმე და რას მოიცავს ეს ბიზნესი.  თუ თქვენ არ გაქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, არ ხართ სათანადოდ მზად ცოდნით, ფინანსური რესურსებით და საკვები ბაზით, წინასწარ არ გყავთ გამოკვეთილი იმ პირთა სია, ვინც გარკვეული სახის საჭირო მომახურებებს (საწარმოო მასალების მომწოდებლები, ვეტერინარულ, ზოოტექნიკურ, კვების საკითხებში და ა.შ.) გაგიწევთ, ანუ ვისზეც აუსტსორსინგს მოახდენთ, არ გაქვთ შესწავლილი რეალიზაციის მიზნობრივი ბაზარი და იდენტიფიცირებული სავარაუდო შემსყიდველთა  სია, ანუ არ გაქვთ შემუშავებული მარკეტინგული გეგმა, პირდაპირ დიდი და ინტენსიური სარძეო მეურნეობით დაწყებას არ გირჩევთ.

მეორეს მხრივ, რძე ყოველთვის მოთხოვნადი პროდუქტია. ამ სექტორში მონოპოლიზირება და მსხვილი მოთამაშეების დომინირება არ ხდება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც რძის წარმოება ძალიან განვითარებულია, შესაბამისად კონკურენციის რისკები ნაკლებია და შედარებით წვრილი მეურნეობებისთვის წარმატებული ოპერირების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ხარისხიანი რძის წარმოების ნიშა დაიკავოთ, რაც დღეს საქართველოში აქტუალურია და შესაბამისად ამ სექტორში დიდი პოტენციალი არსებობს.

ქართულ რეალობაში თქვენს ფერმასთან ახლოს სხვა ფერმების არსებობა შესაძლებელია არა კონკურენციის საფრთხე, არამედ უპირატესობას წარმოადგენდეს, რადგან რძის შემსყიდველებისთვის (განსაკუთრებით მოშორებულებისთვის) ახლომდებარე რამდენიმე ფერმებისგან ერთდროულად შესყიდვა ტრანსპორტირების თვალსაზრისით და ლოჯისტიკურად უფრო მომგებიანი იყოს.

თანამედროვე მერძეულ ფერმაში წარმატება და  ეფექტიანობის სასურველი მაჩვენებლების მიღწევა პროცესების სწორად მართვაზეა დამოკიდებული. და შეცდომებმა შესაძლებელია მოსალოდნელი დიდი მოგების ნაცვლად, დიდ ზარალი მოგვიტანოს.

საქონლის მოვლა-შენახვის ტიპები

არსებობს მოვლა-შენახვის სხვადასხვა ტიპის სისტემა. ესენია საძოვრული, დაბმული-ბაგური, დაუბმელი-ბაგური და შერეული. რა ტიპის მოვლა-შენახვის სისტემას აირჩევთ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე, ცოდნაზე, საძოვრებზე წვდომაზე, ამ საძოვრების ხარისხზე, მიწის ფონდზე და ასე შემდეგ.

ინტენსიური (ინდუსტრიული) ტიპის ფერმა  ბაგური შენახვის სისტემას ითვალისწინებს.  ასეთი სისტემა საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად მოვახდინოთ ამ ბიზნესის მოკლევადინი და გრძელვადინი დაგეგმვა, დავნერგოთ წარმოების პროცესების სტანდარტიზაცია და ავტომატიზირება, რაც არა მარტო ეფექტიანობის ზრდას უზრუნველყოფს, არამედ ნაკლებ ზედამხედველობას მოითხოვს. ამასთან ის რძის ხარისხის კონტროლის და არასეზონური წარმოების საშუალებას იძლევა (რაც დამახასიათებელია ტრადიციული ექსტენციური მერძეული ფერმებისთვის).  ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ არამხოლოდ სტაბილური შემოსავალი გექნებათ მთელი წლის მანძილზე , არამედ მეტი შემოსავლებიც, რადგან ასეთ რძეში უფრო მეტს გადაგიხდიან ვიდრე ექსტენციური ფერმის მიერ სეზონურად წარმოებულ, მცირე რაოდენობით დღიურად წარმოებულ რძეში, რომლის ხარისხის კონტროლი და ლოჯისტიკა რთულია.

დაუბმელი ბაგური შენახვის სისტემა შედარებით ახალი და ყველაზე მოწინავე სიტყვაა მერძეულ მესაქონლეობაში. ასეთი სისტემით შენახვისას საქონელი საკუთარი ნებით ირჩევს როდის ჭამოს, როდის დალიოს წყალი, როდის იწვეს, გარეკვის გარეშე  თავად მიდის საწველ დარბაზში, როდესაც მისკენ მიმავალი დერეფნის  ჭიშკარი იღება და თავად გამოდის იქიდან წველის დასრულების შემდგომ, ანუ ადამიანური ფაქტორები ნაკლებ როლს თამაშობს.  ასევე ეს სისტემა მნიშვნელოვანია ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნების თვალსაზრისითაც, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი რეგულაციები საქართველოში  2020 წლიდან   შედის ძალაში.

დაუბმელი სისტემა ნაკლები მუშახელით ფერმის ეფექტიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მიღწევის საშუალებას იძლევა. თუმცა შენახვის  ასეთ სისტემას მაღალი დონის მენეჯმენტი და გაცილებით უფრო დიდის ზომის განსაკუთრებული გარე და შიდა კონტრუქციის სადგომის შენობა სჭირდება. გახსოვდეთ ასეთ სადგომში ზომებისა და კონსტრუქციების არასწორად დაგეგმვამ შესაძლებელია ხელი შეგიშალოთ ამ მიზნობრივი მავენებლების მიღწევაში. ამიტომ მისი დაპროექტება აუცილებლად მცოდნე პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს. ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად სხვა სტატიებში ვისაუბრებთ.

გამოვიყენო თუ არა საძოვრები

ინტენსიურ სარძეო მეურნეობაში შესაძლებელია ნაწილობრივ გამოიყენოთ საძოვრები, განსაკუთრებით მშრალი საქონელის, უშობლების და მოზარდების კვების შემთხვევაში და შერეული ტიპის მოვლა-შენახვის სისტემა დანერგოთ,  ეს საკმაოდ ფულს დაგიზოგავთ. თუ თქვენ გამოიყენებთ საძორების ინტენსიურ ნაკვებმონაცვლებით მენეჯმენტს, ეფექტი კიდევ უფრო მეტი იქნება.

თუმცა თუ ისეთი ჯიშის ყოლას აპირებთ, როგორიც ჰოლშტეინია და განსაკუთრებით თუ თქვენი ფერმა დაბლობ რეგიონშია განლაგებული სადაც მეტი ცხელი ამინდებია და არსებობს დაავადებების გავრცელების მეტი რისკი, საძოვრების გამოყენება გაჭირდება, რადგან ეს ჯიში საძოვარზე გასვლას, თუნდაც ის ახლოს იყოს ფერმიდან, ვერ უძლებს.

წმინდა საძოვრული ტიპის შენახვაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, რადგან აქ ძირითადად ინტენსიური ტიპის სარძეო მეურნეობის გაძღოლას განვიხილავთ.

რეგიონის შერჩევა ფერმის დასაარსებლად

ფერმის დასაარსებლად ადგილის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლოსდაბოლოს ეს იქნება ადგილი სადაც თქვენ საკმაოდ დიდი კაპიტალური ინვესტიციის ჩადება მოგიწევთ.

რეგიონის შერჩევისას შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

  1. დაშორება მიზნობრივ ბაზრებთან;
  2. საკვები ბაზის ხელმისაწვდომობა;
  3. ბუნებრივ-კლიმატური პირობები საკვეწარმოებისთვის და ცხოველებისთვის
  4. სერვისების და სპეციალისტების ხელმისაწვდომობა;
  5. რამდენადაა ხელმისაწვდომი და რამდენად იძლევა ამ რეგიონში რელიეფი არადანაწევრებული მიწების შესყიდვას ან იჯარით აღების შესაძლებლობას

თუ თქვენ არ გეგმავთ რძის თავად გადამუშავებას და/ან დიდი მოცულობის რძის წარმოება გექნებათ, გათვალისწინეთ ყველა ნედლი რძის მსხვილი გადამამუშავებელი თბილისშია განლაგებული, რომლებიც კარგი და სტაბილური გადამხდელები არიან. ამიტომ მომგებიან პოზიციაში იქნებით თუ თქვენი ფერმა თბილისთან ახლოს იქნება, ან მაქსიმუმ 150 კილომეტრის რადიუსში.  

გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ბაგურ კვებას აპირებთ, მაღალმთიან რეგიონებში გაგიჭირდებათ ისეთი ტრადიციული მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სასილოსე და თივის დასამზადებელი კულტურების წარმოება, როგორიცაა სიმინდი და იონჯა. თუმცა დღეს ტექნოლოგიების განვითარებამ, სხვადასხვა კონსერვანტების  და ინოკულანტების (ბაქტერიების) გამოყენების სახით, შესაძლებელი გახადა მრავალი სხვა კულტურისგანაც სილოსის დამზადება, როგორიცაა მაგალითად მარცვლეული კულტურების  მწვანე მასა, მდელოს ბალახი და სხვა. მაგრამ ასეთ ადგილებში უპირატესობა გექნებათ უკეთეს საძოვრებზე  და სათიბ მიწებზე უფრო მეტი წვდომის სახით, ამიტომ ასეთ რეგიონებში მერძეული ფერმის დაარსებისას უნდა იფიქროთ არა წმინდა საძოვრული შენახვის სისტემაზე, არამედ შერეულ ტიპზე. ასევე დამატებითი ბენეფიტია კლიმატიც - სიგრილეც, რადგან სიცხე მკვეთრად ნეგატიური გავლენა აქვს რძის წარმოებაზე. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაბლობზე საკვებწარმოება იძლევა საშუალებას სასილოსე მასა წელიწადში ორჯერ აწარმოოთ, ჯერ სასილოსედ მარცვლეული კულტურის მწვანე მასის და შემდეგ სიმინდის მწვანე მასის სახით.

ტერიტორიის შერჩევა ფერმის ასაშენებლად

ფერმის ასაშენებლად ტერიტრიის ასაშენებლად შემფდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

ადვილი მისადგომობა, არა მხოლოდ რძის გაყიდვებში დაგემხმარებათ, არამედ თქვენს მიერ წარმოებულ რძეს ფასს მოუმატებს. მნიშვნელობა აქვს თქვენს მეურნეობამდე მიმავალი გზების მდგომარეობასაც. 

სასურველია ფერმა დასახლებულ პუნქტიდან მოშორებით იყოს, რადგან ფერმაში არსებული სუნის გამო არ შეხვიდეთ კონფლიქტში ადგილობრივ მოსახლეობასთან და შესაძლებელია კანონებთანაც კი. 

ქარიდან დაცულ ადგილზე, განსაკუთრებით ისტრაელის ტიპის სადგომის შემთხვევაში, რადგან ქარი ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ძროხას დიდ დისკომფორტს უქმნის, განსაკუთებით ზამთრის პერიოდში (რომ არაფერი ვთქვათ ფერმაში მომუშავე მუშაკებზე), რაც მონაწველზე უარყოფითად იმოქმედებს.

თუ თქვენ შერეული ტიპის მოვლა-შენახვის სისტემით მუშაობას გეგმავთ უმჯობესია საძოვრებით ახლოს, ან სავარგული ნაკვეთით, რომელსაც საძოვრად გამოიყენებთ.

ფერმის გაძღოლისას თქვენ დაგჭირდებათ აუცილებლად დიდი რაოდენობით წყალი. ცხელ სეზონზე მაღალპროდუქტიული ძროხა 100 ლიტრზე მეტ წყალს სვამს დღეში და წყალთან წვდომა მუდმივად უნდა ჰქონდეს. ამის გარეშე წველადობა მკვეთრად დაეცემა. გაარკვიეთ არის თუ არის წყლის მიწოდების შესაძლებლობა ადგილზე. თუ თქვენ ცენტრალური წყალმომარაგებას დაეყრდნობით, ეს ძვირი დაგიჯდებათ, რადგან მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადაიხდით. ამიტომ უმჯობესია წყალი ჭაბურღილიდან მიიღოთ, რისთვისაც ლიცენზიის აღება დაგჭირდებათ. გაარკვიეთ ახლომახლო ტერიტორიაზე ჰო არ აქვს ვინმეს ჭაბურღილი, რამდენია მისი დებიტი. აუცილელად გააკეთეთ წყლის ანალიზი, მარილიანი, მაღალი მინერალიზაციის წყალი შესაძლებელია ცხოველისთვის სასმელად გამოუსადეგარი იყოს.

გაარკვიეთ რამდენად შესაძლებელია ადგილზე საკვეწარმოებისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების მიღება.

შეისწავლეთ ადგილობრივი სიტუაცია, არსებობს თუ არა ახლო-მახლო ტერიტორიაზე (მეურნეობასთან ახლოს) სასოფლო-სამეურნეო  მიწის იჯარით აღების და/ან მიწის შესყიდვის შესაძლებლობა.

გახსოვდეთ მარცვლეულის საწარმოებლად ნაკვეთი შესაძლებელია ფერმიდან შორს იყოს, რადგან მისი ტრანსპორტირება შედარებით მარტივი და იაფია. მაგრამ რაც შეეხება სასილოსე მასას (სიმინდის, იონჯის, მარცვლეულის), მისი წარმობა მეურნეობიდან შორს ძალიან გაგირთულებთ საქმეს (თუ შეუძლებელს არ გახდის), რადგან ერთის მხრივ, სასილოსე ორმოსთან მისი მიტანა ძვირი დაგიჯდებათ, მეორეს მხრივ, სასილო მასა როგორც წესი ზაფხულში იწარმოება და ორმომდე მის მიტანამდე მწვანე მასა ზედმეტად გამოშრება. ასეთი მასის დასილოსება კი ან შეუძლებელი გახდება, ან უხარისხო იქნება, რის გამოც შესაძლებელია თქვენ დიდი ზარალი მიიღოთ. არსებობს ალტერნატივა ცელოფნის რულონებში დასილოსების ან სენაჟის წარმოების, მაგრამ ამისთვის გარკვეული სახის ძვირადღირებული დამატებით ტექნიკა დაგჭირდებათ.

გაარკვიეთ ირწყვება თუ არა ეს ნაკვეთები, ან არის თუ არა შესაძლებლობა სარწყავი სისტემა გააკეთოთ.

ფერმისთვის დასაარსებლად საჭირო  ფართობი

ფერმის ტერიტორიისთვის საჭირო ფართობის განსასაზღვრავად გაითვალისწინეთ ფართობები თავად სადგომისთვის (სადგომებისთვის), დამხმარე შენობა-ნაგებობებისთვის (ხბოების სადგომის, საწყობების და ა.შ.), სასოფლო-სამეურნე ტექნიკისთვის,  სასილოსე ტრანშების ან ორმოებისთვის და მოციონის ანუ სასეირნო მოედნისთვის.

ამასთან წინასწარ უნდა  გაითვალისწინოთ, არა მხოლოდ სადგომის თავდაპირველად საჭირო ფართი, არამედ ფერმის გაფართოვებისთვის საჭიროო სივრცეც. ადრე თუ გვიან ეს საკითხი შესაძლებელია დადგეს (და აუცილებლად უნდა დადგეს თუ თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ ბიზნესს) და თუ ეს შესაძლებლობა ფერმას არ გააჩნია, თქვენ განვითარების პერსპექტივა შეგეზღუდებათ. უმჯობესია თავდაპირველი გაფართოვება შენობის სიგრძის მიმართულებით მიშენებით დაგეგმოთ, შემდეგ თუ დამატებითი გაფართობება დაგჭიდებათ, ცალკე შენობის აშენება მოგიწევთ, რომლისთვისაც თავდაპირველი ფერმის შენობის გვერდით საკმარისი ფართობის ტერიტორია უნდა გქონდეთ და ეს სასეირნო ადგილის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

თუ თქვენ გადაწყეტეთ გქონდეთ კლასიკური ტიპის სადგომი დაუბმელი ბაგური სისტემით მისი სიგანე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ რიგიან ბაგების მწკრივებს გააკეთებთ. ორრიგიანის შემთხვევაში გაითვალისწინეთ მინიმუნ 17 მეტრი სიგანე. თუ მეტ  რიგიანს გააკეთებთ,  სამრიგიანის შემთხვევაში სიგანე გათვალეთ 24 მეტრი, ოთხრიგიანის შემთხვევაში 29 მეტრი. სადგომის სიგრძე ორრიგიანის შემთხვევაში უხეშად იანგარიშეთ 0.75 მეტრი ყოველ სულზე, სამრიგიანის შემთხვევაში 0.55 მეტრი, ოთხრიგიანის შემთხვევაში 0.45 მეტრი.  ეს კვლევების და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე დადგენილი კალსიკური ზომებია და მისი დარღვევა ფერმის საწარმოო შედეგებზე აუცილებლად აისახება, რომლის გამოსწორება შემდგომში ან შეუძლებელი იქნება ან ძალიან რთული და ხარჯიანი.

რაც შეეხება ისრაელის ტიპის სადგომს, მისი სიგანე, როგორც წესი, 30 მეტრამდეა, სიგრძე კი გათვალეთ ისე, რომ მიღებული ფართობი უზრუნველყოფდეს 25-30 მ3 თითო სულზე. ფართის გამოთვლისას გაითვალისწინეთ ასევე სადგომის ცენტრში ბეტონის მთელს სიგრძეზე გამჭოლი საკვები დერეფნის ფართობიც, რომელიც 4-5 მეტრი სიგანის იქნება.

სასეირნო მოედანი გათვალეთ არანაკლებ 20-30 მ2 ერთ სულზე. რაც მეტი იქნება მოედნის ფართი მით ნაკლები სიმჭიდროვე და ტალახიანი იქნება ის. თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზეც გაუკეთებთ თუ არა ამ მოედანს დახრას და დრენაჟის სისტემას.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწას საკვები კულტურების საწარმოებლად გათვლები ერთ სულ ძროხაზე 0.5-ჰა-დან 1 ჰა-მდე უნდა გაკეთოთ, იმისდა მიხედვით თუ წარმოების ინტენსიფკაციაზე დამოკიდებულებით როგორი მოსავლიანობა გექნებათ გექნებათ.

შეიმუშავეთ დეტალური ბიზნეს გეგმა.

კარგი ბიზნეს გეგმა არა მხოლოდ კარგი დაგეგმვის და ეფექტიანი მართვის საწინდარია, არამედ ფინანსური სახსრების მოზიდვაშიც დაგეხმარებათ, იქნება ეს საბანკო სესხი, პარტნიორი თუ სხვადასხვა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების თანდაფინასება.

ჩამოყალიბდით რამდენ სულიანი ფერმა გექნებათ (რამდენ მეწველზე) და რა ჯიშის, მარკეტინგული გეგმა, სად, როგორ და რამდენს გაყიდით, რამდენი მუშახელი დაგჭირდებათ, რამდენი ფული დაგჭირდებათ საწყის კაპიტალად. ბიზნეს გეგმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფულადი სახსრების მიმოქცევას და განსაზღვროთ გონივრული (რეალური) მოსალოდნელი ხარჯები და წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება.

მერძეული მეურნეობის ხარჯების და ეკონომიკური ანალიზისას მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი ფაქტორები: ადგილი, ფასი, რძის ხარისხი.

რაში მოგიწევთ თავდაპირველად  ინვესტირება მერძეული მეურნეობის წამოსაწყებად

თანამედროვე ფერმის დაარსებას დიდი მოცულობის  ინვესტიციები სჭირდება, ესენია:

  • მერძეული ფერმის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან შესყიდვის ხარჯები (ძირითადი სადგომი, მარცვლეულის და თივის საწყობი, მოზარდეულის სადგომი და ა.შ.);
  • ხარჯები მიწის შესყიდვაზე ან იჯარით აღებაზე;
  • ხარჯები ფერმისთვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების და აღჭურვილობის შესასყიდად;
  • საკვები ბაზის მომზადება
  • ხარჯები საქონლის პირველი პარტიის შესასყიდად;
  • საოპერაციო ხარჯები ფულადი ნაკადების შემოდინებამდე.

რიგითობის მიხედვით თავდაპირველი ინვესტიცია ყველაზე აუცილებელი შენობის - სადგომის მშენებლობაში (ან შესყიდვაში) და ყველაზე აუცილებელ მანქანა-დანადგარებში უნდა განახორციელოთ, შემდეგ საკვები ბაზის დამზადებაში და ბოლოს ძროხების შეძენაში.

ძროხა „მოქნილი“ ინვესტიციაა, ის ლიკვიდური აქტივია, რომლის ყიდვა და გაყიდვა შედარებით იოლია. პირველ ეტაპზე (როდესაც ბევრი სასესხო ვალდებულებები გექნებათ) უფრო მნიშვნელოვანია ძროხებში ჩავდოთ ინვესტიცია, ვიდრე ტექნიკის და მიწების შეძენაში, ან მეორეხარისხოვანი საჭიროების  შენობების მშენებლობაში. ძროხას შემოსავალი მოაქვს. ფულის შემოდინება კი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის დასაწყისში. გარკვეული ტექნიკით მომსახურების შეძენა თქვენ შეგიძლიათ, ამიტომ დავდაპირველად ასეთ ძვირადღირებულ ტექნიკაში ფულის ჩადება არ ღირს. ასევე შეგიძლიათ მიწის იჯარით აღება, საკვები კულტურების საწარმოებლად. თავდაპირველ ეტაპზე თანხების დაზოგვის მიზნით გამოიყენეთ მეორადი ტექნიკა.

ყველაზე ბოლოს შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ დამხმარე ნაგებობების ასაშენებლად, როგორებიცაა სასაწყობო ნაგებობები (თივისთვის, ხორბლისთვის, კონცენტრირებული საკვებისთვის) და სასილოსე ტრანშეები ან ორმოები. თუმცა შესაძლებელია დროებით სილოსის წარმოება სასილოსე ტრანშეების და ორმოების გარეშეც მიწის ზემოთ. ასევე თავდაპირველად შეგიძლიათ თივის შენახვაც საწყობის (როგორც წესი ფარდულის) გარეშე ღია ცის ქვეშ, ოღონდ გაითვალისწინეთ ორივე შემთხვევაში ეს საკვების ხარისხის და დანაკარგების ხარჯზე მოხდება, რაც წველადობას შეამცირებს.

არავითარ შემთხვევაში არ შეისყიდოთ საქონელი საკვები ბაზის მომზადების გარეშე! თქვენ ჯერ უნდა დაამზადოთ (ან უარეს შემთხვევაში შეისყიდოთ) თქვენი ნახირის სულადობისთის 1 წლის სამყოფი ძირითადი საკვების - სილოსის და თივის სახით, რადგან ასეთი საკვების ადგილობრივი მოწოდება საქართველოში არასტაბილურია რაოდენობის და ხარისხის მხრივ. ამიტომ შესაძლებელია ძირითადი საკვების გარეშე დარჩეთ ან მხოლოდ უხარისხო საკვების ალტერნატივის გარეშე დარჩეთ. ძროხა ცოცხალი ორგანიზმია, თუ თქვენ დარჩით საკვების შესასყიდი თანხების ან მოწოდების შესაძლებლობის გარეშე, ეს შესაძლებელია კატასტროფით დამთავრდეს. ცხოველის ორგანიზმი  მგრძნობიარეა რაციონში ცვლილებების მიმართ, თუ თქვენ მასში რომელიმე კომპონენტის, მაგალითად შროტების, შესყიდვის ფული დროებით არ გექნებათ, ძროხის ორგანიზმი რაციონის ცვლილებისას სტრესს განიცდის, რომლის დაძლევაც შესაძლებელა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს და ამ პერიოდში წველადობა მკვეთრად იკლებს.

თუ თქვენ შეზღუდული ხართ ფინასურ რესურსებში, უმჯობესია თავდაპირველად ცხოველის საკვების საწარმოებლად მიწის შესყიდვისგან თავი შეიკავოთ და საჭირო მიწის ფართობი (თუ ნაკვეთი) ნაწილობრივ ან მთლიანად გრძელვადიანი იჯარით აიღოთ. საწყის ეტაპზე თქვენ უამრავი სხვა აქტივი გექნებათ შესასყიდი და ამით ზედმეტად არ დაიტვირთავთ სასესხო ვალდებულებებით თავს. მას შემდეგ რაც საკმარისი ფულის შემოდინებები დაიწყება, შეისყიდეთ  მიწა, რადგან იჯარით აღებულ მიწაზე გრძელვადიანი ბიზნესის განვითარება არ შეიძლება.

მერძეული საქონლის სადგომის შენობა

თქვენ მოგიწევთ ჩამოყალიბდეთ რა ტიპის სადგომი გექნებათ, რომლის მიხედვითაც სრულიად განსხვავებული მოვლა-შენახვის სისტემა გექნებათ, იმაზე დამოკიდებულებით თუ  რა ფინასური შესაძლებლობები გაგვაჩნია და რა ბუნებრივ-კლიმატური პირობებია იმ ადილას სადაც ფერმის დაარსებას გეგმავთ.

დაუბმელ ბაგურ სისტემაში ძირითადად ორი სრულიად განსხვავებული კონცეფციის სადგომი არსებობს:

1) კლასიკური ტიპის სადგომი გამყოფებიანი და ქვეშსაფენიანი ბაგებით, სადაც იატაკი ბეტონისაა (ჩვენ სპეციალურად ვუწოდებთ მას „კლასიკური“ ტიპის და არა დახურული ტიპის სადგომს, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, რადგან შესაძლებელია მას კედლები არც ჰქონდეს)  და 

2) ღია ფარდულის ტიპის სადგომი შემორაგულით  ე.წ. ისრაელური ანუ სუდანური ტიპის, სადაც ძროხები მიწაზე იყოფებიან. ასეთ ნიადაგზე ნაკელიანი მიწის ტრაქტორით ყოველდღიური კულტივაცია ხდება, რომლის ზედა ფენა წელიწადში რამდენიმეჯერ გააქვთ მინდორში და ფერმის მიწას, სადაც საქონელი იმყოფება, თანდათანობით გამომშრალი ნაკელი ცვლის.

სურათი 1. ორრიგიანი მერძეული ფერმის კლასიკური ტიპის სადგომი

სურათი 2. ისრაელის ანუ სუდანის ტიპის მერძეული ფერმის სადგომი

საქართველოში, ბოლო დროს, სადგომის ორივე ტიპი პოპულარული გახდა, რომელთაგან თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

ისრაელის ტიპის სადგომში ძროხა რბილ ნიადაგზე უფრო კომფორტულად გრძობს თავს, კლასიკური სადგომის ბეტონის იატაკისგან გასხვავებით, სადაც მოცურების და ტრამვირების რისკი დიდია. ამასთან  რეპროდუქციული და ჩლიქებთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებია. თუმცა,  როდესაც ასეთი ტიპის სადგომში ერთ ძროხაზე არასაკმარისი ფართობის გადახურული სივრცეა გამოყოფილი - 25 მ2-ზე ნაკლები, ჩვენთან გავრცელებული თიხნარი ტიპის ნიადაგები ფეკალიებით გაჟღენთვის შემდგომ გაშრობას ვერ ასწრებს. ამას ხელს უწყობს საქართველოსთვის დამახასიათებელი  ნესტიანი კლიმატიც. შედეგად ნიადაგი ძალიან ტალახიანდება და ძროხებს მუდმივად ტენიან და ტალახიან ნიადაგზე უწევთ ყოფნა, რის გამოც სისუფთავის დაცვა ჭირს და ამასთან ძროხებს ჩლიქების და სხვა სახის (მაგალითად მასტიტების) ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.  თუმცა სწორი მენეჯმენტით (ყოველდღიური კულტივაცით, ნაკელიანი მიწის ზედა ფენის ხშირი გატანით, ქვიშის შეტანით) ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია. არ ამართლებს ასეთი სადგომი ქარიან ადგილებშიც, რადგან კლასიკური პროექტის სადგომისგან განსხვავებით, ასეთ სადგომებს არც კედლები და არც დასახური ფარდები ან ჟალუზები არ გააჩნიათ.

კლასიკური ტიპის სადგომის ერთ-ერთი უარყოფილი მხარე - მაღალი კაპიტალური ინვესტიციააა. ასეთ სადგომის მშენებლობისას წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ, რომელ ქვეშსაფენს გამოიყენებთ: ქვიშას, ნამჯას, გამომშრალ ნაკელს, ნახერხს, თუ რეზინის მატრასებს, რადგან მასზეა დამოკიდებული როგორი ბაგების კონსტრუქცია გექნებათ. ჩვენ შეგნებულად არ ვახსენეთ აქ ხის ფიცრების ქვეშსაფენი, რადგან ეს ყველაზე ცუდი ალტერნატივაა ბევრი მიზეზის გამო. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ქვიშა, მაგრამ მასზე წვდომის არ არსებობის გამო, ან ეკონომიის მიზნით შეგიძლიათ სხვა ალერნატივა შეარჩიოთ. 

ჩამკეტი ღობეები ანუ ჰედლოკები ძალიან მოსახერხებელია, როდესაც ძროხებს სხვადასხვა ვეტერინარულ მანიპულაციებს უტარებთ, როგორებიცაა ვაქცინაცია ან ხელოვნური განაყოფიერება. თუ თქვენ სადგომში ყველა სექციისთვის მისი შესყიდვის საშუალება არ გაგაჩნიათ, დაამონტაჟეთ ის იმ სექციებში სადაც ის ძროხებს შეინახავთ, რომელთაც ეს მანიპულაციები ყველაზე ხშირად უტარდებათ. დანარჩენ სექციებში კი შეგიძლიათ უბრალოდ საკვები მაგიდისგან გამყოფი  მილის ბარიერი დაამონჯაჟოთ.

სურათი 3. ჩამკეტი ღობეები ანუ ჰედლოკები

მოგიწევთ აუცილებლად სარწყულებელი ავზის შესყიდვაც, რომლის სიგრძე ერთ სულზე 10 სმ უნდა იყოს. უმჯობესია რამდენიმე იყიდოთ, რომ სხვადასხვა ადგილას დაამონტაჟოთ.  

კლასიკური ტიპის დაუბმელი-ბაგური სადგომის მშენებლობისას, გათვალეთ 200 აშშ დოლარამდე თითოეულ კვადრატულზე. ამ თანხაში იგულისხმება შიდა კონსტრუქციებიც: გამყოფები, ჰედლოკები და ა.შ.

ისრაელური ანუ სუდანური ტიპის სადგომის მშენებლობა ერთ კვადრატულ მეტრზე 2-3-ჯერ ნაკლებ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს კლასიკური ტიპის დაუბმელი-ბაგური სისტემის სადგომისგან განსხვავებით, შიდა კონსტრუქცია მარტივია, არ სჭირდება ბაგები რკინის გამყოფი კონსტრუქციებით და ნაკელის გატანის სისტემა.

თავდაპირველად საჭირო ტექნიკა

მერძეული ფერმისთვის თქვენ  ბევრი სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნე ტექნიკა-დანადგარები დაგჭირდებათ. აქ ჩამოვთლით იმ ტექნიკა-დანადგარებს, რომლის შესყდვაც პირველ რიგში დაგჭირდებათ.

შემრევ-დამრიგებლი (მიქსერი)

ინტენსიური ფერმის დაგეგვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემრევ-დამრიგებლი (მიქსერი). შემრევ-დამრიგებელი უზრუნველყოფს საკვები კომპონენტების დაჭრა-დაქუცმაცებას, შერევას, დარიგებას საკვებ მაგიდაზე. ამის გარეშე თქვენ საკვები კომპონენტები ცალ-ცალკე ხელით, მექანიზირების გარეშე უნდა მისცეთ ძროხებს და ცალკეული კომპონეტების საჭირო რაოდენობისა და პროპორციების დაცვა ძალიან გაგიჭირდებათ, რაც აისახება რძის წარმოებაზე. შემრევ-დამრიგებელი ყველაზე თუ არა,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანადგარია მერძეულ ფერმაში. თქვენ შეგიძლიათ თავდაპირველად ფულის დაზოგვის მიზნით იააფასიანი საკვებ-დამრიგებელი იყიდოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ ფერმაში საქონლის სულადობის ზრდასთან ერთად, რაც მეტია ერთ ჯერზე მოსამზადებელი საკვებნარევის რაოდენობა, იაფფასიან მიქსერებს უჭირთ თანაბარი შერევის და დაჭრის ხარისხის უზრუნველყოფა. ამიტომ თუ დაგჭირდათ 6 მ3-ზე მეტი მოცულობის მიქსერი, რაც უხეშად 60 ძროხას ყოფნის, უნდა შეისყიდოთ  წამყვანი დამამზადებელი ფირმების მიქსერები.  მასზე გაწეული ერთჯერადი დამატებითი ხარჯი თქვენ აუცილებლად აგინაზღაურდებათ მეტი რძის და სარემონტო მომსახურებაზე დაზოგილი თანხის სახით. განსაკუთრებით რაღაც კონდიციის მიღწევის შემდეგ მიქსერზე ფულის დაზოგვა არ არის გამართლებული.

თითო ზრდასრულ მეწველ ძროხას დღიურად 0.08 მ3 მოცულობის საკვებნარევი სჭირდება. შესაბამისად მიქსერის მოცულობა ამ მოცულობის მიხედვით უნდა იანგარიშოთ თქვენი სულადობაზე გადაანგარიშებით. ისიც მიიღეთ მხედველობაში, რომ მიქსერის საკვებნარევით ბოლომდე შევსება არ უნდა მოხდეს, ერთის მხრივ იმიტომ, რომ შერევისას ის გადმოიყრება მიქსერიდან, მეორეს მხრივ კი  გადავსებულ მიქსერში საკვებნარევი ცუდად ირევა და ზედმეტ დატვირთვას მიქსერი მწყობრიდან მალე გამოჰყავს. თუ თქვენ მაგალითად 60 სული საქონელი გყავთ გადაამრავლეთ ეს ციფრი 0,08-ზე დაუმატეს მას 20% და შესაბამისად დაგჭირდებათ 6 კუბური მეტრი მოცულობის მიქსერი. თუ თქვენ ორჯერ დაამზადებთ საკვებნარევს დღეში, ეს მოცულობა ორზე უნდა გაყოთ. დღეში ორჯერ დამზადება რეკომენდებულია განსაკუთრებით ცხელ დღეებში, რადგან დღის განმავლობაში საკვებინარევი მჟავდება. 

თუ მიქსერის ტრაქტორზე მისაბმელია და დარიგების ფუნქციაც აქვს შესაბამისი სიმძლავრის ტრაქტორის შეძენაც მოგიწევთ.

არსებობს სტაციონალური მიქსერები, რომლებიც შესაძებელია დენზე მუშაობნენ. ასეთ შემთხვევაში საკვები კომპონენტების მიტანა მიქსერთან და შემდეგ საკვებნარევის დარიგება საკვებ მაგიდაზე ურიკით ან ტრატორით მოგიწევთ, რაც დამატებითი ხელით შრომაა.

6 მ3 მიქსერის ღირებულება დაახლოებით 12-14 ათასი აშშ დოლარია.

უფრო კონკრეტულად მიქსერების ტიპებზე და შერჩევის საკითხებს ჩვენ  სხვა სტატიებში შევეხებით.

სურათი 4. ტრაქტორზე მისაბმელი შემრევ-დამრიგებელი (მიქსერი)

საწველი სისტემები

თუ თქვენ 30-ზე ნაკლები ძროხა გყავთ და დაბმული სისტემა გაქვთ შეგიძლიათ მობილური მცირე საწველი აპარატით დაიწყოთ. ამ სულადობის გაზრდის შემდეგ ასეთი აპარატებით წველა გაჭირდება და საწველი სისტემის შესყიდვა მოგიწევთ. დაბმული-ბაგური კვების შემთხვევაში შედარებით მარტივი და იაფიანი მილოვანი სისტემა შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც ბაგაში მონტაჟდება. დაუბმელის შემთხვევაში კი მოგიწევთ შეისყიდოთ საწველი დარბაზი, რომელიც ცალკე შენობაში მონტაჟდება, სადაც მეწველი საქონელი მოსაწველად გადაჰყავთ. გახსოვდეთ ხელით წველით ვერ შეინარჩუნებთ რძის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რაც რძის გასაყიდ ფასზე აისახება.

რამდენიმე ტიპის საწველი სისტემები  არსებობს, მილობანი, ნაძვისებრი დარბაზი, პარალელური დარბაზი, კარუსელი, რობოტები და ა.შ.  გარდა ტიპისა თქვენ უნდა შეარჩიოთ ერთდროულად რამდენ ძროხას მოწველით, ანუ რამდენი ერთეული საწველი აპარატი ექნება თქვენს სისტემას და რა დამატებითი ფუნქციები ექნება (ცურიდან აპარატის ავტომატური მოხსნა, მონაწველის აღრიცხვა, ამ მონაცემების კომპიუტერში გადაცემა, მასტიტის ავტომატური დადგენა და ა.შ.). ასეთი საწველებს როგორც წესი CIP ანუ ავტომატური რეცხვის სისტემებიც გააჩნია.  თქვენ თავდაპირველად შეგიძლიათ ყველაზე მარტივი სისტემა იყიდოთ და ფუნქციები ან თუნდაც საწველი აპარატები შემდეგ დაამატოთ, თუ ამის წინასწარ გაითვალისწინებთ. 

საწველი დარბაზის შემთხვევაში მარტივად ანგარიშეთ 7-9 ძროხაზე ერთი საწველი აპარატი. როგორც წესი საწველ დარბაზში წველისას ძროხები ორივე მხარიდან დგება და შესაბამისად სისტემის საწველი აპარატების რაოდენობა ლუწია, ანუ არსებობს 2X3 - ექვსაპარტიანი, 2X4 - რვააპარატიანი და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაგალითად  60 სულ ლაქტაციის პერიოდში მყოფ მეწველ ძროხაზე (მეწველი ფურებიდან  გარკვეული სულადობა მშრალი იქნება. როგორც წესი ეს 15-20%-ია) უნდა შეარჩიოთ  ექვს აპარატიანი (2X3) ან რვააპარატიანი  (2X4)სისტემა. ეს საშუალებას მოგცემთ მთელი მეწველი ნახირის  ერთი წველა (მაგალითად დილის წველა) დაახლოებით საათნახევარში მორჩეთ.

საწველი დარბაზის სისტემის ღირებულება (ყველაზე მარტივი ტიპის) იანგარიშეთ საშუალოდ 2300 დოლარი  ერთ საწველ აპარატზე მონტაჟიანად. ანუ თუ ერთდულად 6 აპარატიან სისტემას ყიდულობთ 6 გადაამრავლეთ 2300 აშშ დოლარზე. ფუნქციების დამატებასთან ერთად ეს ფასი იზრდება.  გაითვალისწინოთ უნდა აგრეთვე საწველი დარბაზის ნაგებობის მშენებლობის ხარჯი წველისწინა მოსაცდელი დარბაზით, რომლის ფართობი ერთ სულზე არანაკლებ 1.3-14 მ2 უნდა იყოს და გათვალეთ ისე, რომ ძროხას არ მოუწიოს 45 წუთზე მეტი ცდა წველამდე.  უფრო კონკრეტულ სპეციაფიკაციებს ზომების შესახებ სისტემი მომწოდებლებისგან მიიღებთ.

მილოვანი საწველი სისტემა ბაგური დაბმული სისტემის შემთხვევაში გამოიყენება, გაცილებით იაფი ღირს და ცალკე შენობა არ სჭირდება, მაგრამ ეს გუშინდელი დღეა და ტანმედროვეობას ვერ პასუხობს.

 

სურათი 5. ნაძვისებრი ტიპის საწველი დარბაზი

სურათი 6. პარალელური ტიპის საწველი დარბაზი

რძის გამაცივებელი ავზი

მოგიწევთ შესაბამისი ტევადობის გამაცივებელი ავზის შესყიდვაც, ეს რძის ხარისხის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და რძის გაფუჭების რისკისგან დაგიცავთ, განსაკუთრებით ცხელ ამინდებში. (ხშირად გამაცივებელ ავზს გადამამუშავებელი ქარხნები გადასცემენ დროებით მფლობელობაში ფერმებს). 

ავზის ფასი გათვალეთ 2-2.5 აშშ დოლარი 1 ლიტრ მოცულობაზე.

სურათი 7. რძის გამაცივებელი ავზი

ჩლიქების დამუშავების დანადგარი

მაღლაპროდუქტიული ჯიშის საქონელს აუცილებლად დასჭირდება ჩლიქების დამუშავება მინიმუმ წელიწადში ორჯერ. სულადობის ზრდასთან ერთად თქვენ დაგჭირდებათ ჩლიქების დამუშავების დანადგარი, რომელიც კუსტარულად ადგილზე შეგიძლიათ დაამზადებინოთ ან ქარხნული დამზადების შეისყიდოთ. ხარისხისა და დამატებითი ფუნქციების მიხედვით  ქარხნულად დამზადებული დანადგარი 3000 დოლარიდან 8000 დოლარამდე მერყეობს. არაქარხნული წესით დამზადებისას ის გაცილებით იაფი, დაახლოებიტ 1000-1500 დოლარი ჯდება, მაგრამ ფერმაში დიდი სულადობის შემთხვევაში ასეთ დანადგარზე მუშაობა მოუხერხებელია და ჩლიქის დამუშავების პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს.

სურათი 8. კუსტარულად დამზადებული ჩლიქების დამუშავების დანადგარი

ნაკელის გატანის სისტემები

ფერმაში განსაკუთრებით ბერი სულადობისას დიდი რაოდენობით ნაკელი გროვდება. მათი დროული გატანა აუცილებელია არა მარტო ჰიგიებურ-სანიტარული ნორმების დაცვის თვალსაზრისით, არამედ რძის ხარისხობრივი მაჩვენებლების დაცვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხითაც, რადგან ნაკელის დაგროვება და დროული არგატანა ძროხებში ჩლიქების და მასტიტებით დაავადების შემთხვევებს მკვეთრად ზრდის. არსებობს ავტომატიზირებული ნაკელის გამტანი სკრეპერებით და უფრო მარტივი, ტრაქტორით გატანის მეთოდები. თავიდანვე უნდა გაითვალისწინთ რომელ მეთოდს აირჩევთ, რადგან სრეპერი იატაკზე ბეტონის დასხმის სპეციფიკას მოითხოვს. ტრაქტორით ნაკელის გატანის შემთხვევაში მოგიწევთ დაბალი სიმძლავრის ტრაქტორის შეძენა რომელზე ნაკელის სახვეტი აგრეგატიანი  წინა დამტვირთავით, რომელსაც შესაძლებელია რეგულირებადი მოდების განი ჰქონდეს.   

სურათი 9. ტრაქტორი ნაკელის გამტანი წინა დამტვირთველით

სურათი 10. მცირეგაბარიტიანი ორთვალა მინიტრაქტორი ნაკელის გამტანით

საქონლის შეძენა/რომელი  ჯიში შევარჩიოთ

ხშირად ისმება კითხვა თუ რომელი ჯიში უნდა შეირჩეს. პასუხი ერთის მხრივ რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ მარტივი. გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იმის მიხედვით, თუ რა რესურსები გაქვთ, მათ შორის საკვების საწარმოებლად და აპირებთ თუ არა პარალელურად სასუქი-მეხორცული მიმართულებაც განავითაროთ, რასაც დამატებითი რესურსები და ინფრასტრუქტურა დასჭირდება. გახსოვდეთ, თქვენი მერძეული ბიზნესის მთავარი ამოცანაა არა ბევრი რძე გქონდეთ, არამედ მეტი მოგება. ანუ სხვა სიტყვებით, მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს იწველიან თქვენი ძროხები, არამედ რამდენ მოგება მოაქვთ საბოლოო ჯამში.  შესაძლებელია თქვენ ბევრი რძე გქონდეთ, მაგრამ ფული ცოტა, ან სულაც ზარალზე გახვიდეთ.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წმინდა მერძეული მიმართულების ჯიში ჰოლშტეინია, რომელიც პროდუქტიულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. თუმცა ეს სათუთი ჯიშია და თუ თქვენ არ ხართ სათანადოდ მზად არც ცოდნით და რესურსებით ასეთ ჯიშს მოუაროთ ან გეგმავთ აქტიურად გამოიყენოთ საძოვრები, მაშინ არ არის ცუდია იდეა შედარებით დაბალპროდუქტიული მერძეულ-მეხორცული მიმართულების, მაგრამ უფრო გამძლე ჯიშები, (შვიცი, ჯერსი, სიმენტალი, აირშირი, მონბილიარდი და სხვა) ან სულაც ადგილობრივი ქართული ძროხები იყოლიოთ. ხშირად მიზეზი, რომ ქართული ძროხი ძალიან ცოტას იწველიან, არა იმდენად მათი გენეტიკური პოტენციალია, არამედ ის, რომ მათ უბრალოდ არ კვებავენ,  არ უვლიან სათანადოდ და მოზარდეულის გამოზრდა არასწორად ხდება. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ ბევრად ნაკლები რძე, მაგრამ ნაკლები ხარჯები და შესაბამისად რისკებიც. თუმცა ასეთი ძროხებისგან შემდგარი ნახირის გენეტიკური გაუმჯობესება სწორი აღწარმოებით გაცილებით უფრო ბევრ წელს წაიღებს, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ თქვენ სტარტს მაღალპროდუქტიული ჯიშებით დაიწყებთ.

გახსოვდეთ ნახირის გენეტიკური პოტენციალის გაუმჯობესება 70-80 პროცენტი მშობელ ბუღაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეს მმართვადი პროცესია, რომელიც უნდა დაგეგმოთ აღწარმოების სტრატეგიის ფარგლებში.

მაღალპროდუქტიული მოზარდების ან დეკეულების ადგილობრი ბაზარი ძალიან მწირია. არჩევანიც ძალიან შეზღუდულია და ცხოველის გენეტიკური მონაცემებიც (ე.წ. სანაშენე მოწმობა) ხშირად ხელმისაწვდომი არაა.  საზღვარგარეთ შესყიდვას ეს უპირატესობა გააჩნია, რომ თქვენ გეძლევათ სრული მონაცემები დეკეულის წინაპრების (როგორც დედის, ასევე მამის) სხვადასხვა მახასიათებლეის და მაჩვენებლების შესახებ. საქართველოშიც და საზღვარგარეთ არსებობს კომპანიები, რომლებიც ძროხების იმპორტის მომსახურებას ეწევიან. ძირითადი ბაზრები, საიდანაც საქართველოში მერძეული საქონლის იმპორტს ახდენენ, ეს არის უნგრეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, გერმანია, ავსტრია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. შესასყიდი საქონლის შერჩევისას აუცილებლად დაიხმარეთ პროფესიონალები. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩამოყვანილი ძროხების აქ დაბადებული ნაშიერები ადგილობრივ პირობებთან უფრო ადაპტირებული იქნებიან და ამ მხრივაც შესაძლებელია სჯობდნენ თავიანთ მშობელ ძროხას.

სურათი 11. ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა

რამდენი  სულით დავიწყოთ

გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული ტიპის ხარჯები (ფიქსირებული, კაპიტალური) სულადობის ზრდასთან ერთად პროპორციულად არ იზრდება და შესაბამისად მოგების მარჟა ფერმაში საქონლის სულადობის ზრდასთან ერთად იზრდება. ამიტომ უმჯობესია დაიწყოთ არანაკლედ 30-32 მეწველი ძროხით. ეს ოპტიმალური რაოდენობაა, ერთის მხრივ იმისთვის, რომ საკმარისი ფინანსური ნაკადების შემოდინება უზრუნველყფილი იყოს ხარჯების დასაფარად და მეურნეობის გასანვითარებლად, ხოლო მეორეს მხრივ სასესხო ვალდებულებები ძალიან არ გაგეზარდოთ. ასეთი სულადობა დასაწყებად ოპტიმალურია იმ მხრივაც, რომ ეს ის რაოდენობაა, რაც ტრანსპორტირების  დროს ერთ ტრაილერზე ეტევა. ცხოველების ერთი ტრაილერით ევროპიდან ტრანსპორტირება დაახლოებით 10 ათას დოლარამდე ჯდება. თუ ტრაილერი მთლიანად არ შეივსება პირუტყვით ტრანსპორტირებისას, მაშინ ამ ტრანსპორტირების ხარჯის გადანაწილება  პროპორციულად ნაკლები სულადობის საქონელზე მოგიწევთ, რაც ტრანსპორტირების ხარჯს ერთ სულზე გადანგარიშებით გაზრდის.

ასეთი რაოდენობა პრაგმატულია იმ თვალსაზრისითაც, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ყოველდღიურად აწარმოოთ რძის ისეთი მინიმალური ოპტიმალური მოცულობა (ნახევარ ტონაზე მეტი), რომელიც შემსყიდველებს უფრო დააინტერესებს და შესაძლებელია მასში შედარებით მეტი ფასი გადაგიხანონ ვიდრე მცირე შინამეურნეობებს, რომელთაგანც რძის შეგროვება მათთვის უფრო ხარჯიანია და ასეთი რძის ხარისხის კონტროლი უფრო რთულია.

თუ თქვენ 50-60  ძროხით აპირებთ დაწყებას, უმჯობესია ეს რაოდენობა ერთდროულად არ შეისყიდოთ, არამედ თავდაპირველად ამის ნახევარი სულადობა შეისყიდოთ და მას შემდეგ, რაც ეს ძროხები გაშრობის პერიოდს მიუახლვდებიან, შეისყიდეთ მეორე ნახევარი. ამით უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა ძროხის მოგებები (და შესაბამისად წველადობა) ერთდროულად არ დაგეწყოთ და შემდგომ ერთდროულად არ გაგიშრეთ ძროხები. ამით თავიდან აიცილებთ სეზონური წარმოებას და მთელი წლის განმავლობაში მეტნაკლებად თანაბარი რადენობის წარმოებული რძე გექნებათ. გაითვალისწინეთ არასეზონურ წარმოების ანუ მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად წარმოების მქონე ფერმის რძეში შემსყიდველები მეტს იხდიან, ზაფხულის სეზონზეც კი, როდესაც ნედლი რძე ბევრია და მისი ფასი მნიშვნელოვნად იკლებს. ამასთან ნაკლები სულადობის მართვა დამწყებთათვის უფრო მარტივია. საქონლის ორი პარტიის ჩამოყვანებს შორის პერიოდში კი თქვენ შეიძენთ ძროხებთან მუშაობის გარკვეულ პრაქტიკულ გამოცდილებას და ცოდნას, რომ შემდგომში გაზრდილ სულადობის მართვას უფრო მომზადებული შეხვდეთ და ადვილად გაუმკლავდეთ.

ყველაზე კარგი პერიოდი საქონლის შესასყიდად შემოდგომაა, როდესაც სიცხეები აღარაა და თქვენ საკვები ბაზა უკვე მომზადებული გაქვთ. თუ ორ პარტიად ყიდულობთ პირველი პარტია შეისყიდეთ შემოდგომაზე, ხოლო მეორე გაზაფხულზე.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ახალჩამოყანილ ცხოველებთან, მათ განსაკუთრებული მოპყრობა და მოვლა სჭირდებათ. ტრანსპორტირება ძროხებისთვის (მითუმტეს მაკეებისთვის, როგორებიც ჩამოჰყავთ) დიდი სტრესია, რის გამოც ისინი დასუსტებული ჩამოდიან. ძროხები ჩამოყვანიდან მალევე იწყებენ მოგებებს და მოგების შემდგომი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები ეწყებათ. მისი ჩამოყვანიდან და მოგების შემდგომ პერიოდში განსაკუთრებული კვება სჭირდებათ მინერალებისა და ვიტამინების დანამატებით.

იმპორტირებულ მაღალპროდქტიულ უშობელ ფურებზე გათვალეთ საშუალოდ 2300-2400 აშშ დოლარი. ფასზე გამოკიდებას არ გირჩევთ, ამაზე ნაკლები ფასი  იმაზე მიუთეთებს, რომ დეკეულს კარგი გენეტიკური მონაცემები არ გააჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ მისი მომავალში მისი შთამომავლობის ანუ თქვენი ნახირის გენეტიკური პოტენციალის გაუმჯობესებაში ბევრ წელს დაკარგავთ.

საოპერაციო ხარჯები ფულადი ნაკადების შემოდინებამდე.

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ფერმის დაარსებისას თქვენ ფულადი შემოდინებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გექნებათ. მერძეული საქონელის შესყიდვისას, განსაკუთრებით იმპორტის დროს, ფერმერები როგორც წესი ყიდულობენ უშობელ დეკეულებს, რომლებიც ფერმაში მოწოდებისას ძირითადად საშუალოდ 6-7 თვის მაკეები არიან. შესაბამისად პირველი მოგებები, რძის წარმოება და პირველი ფულადი ნაკადების შემოდინება 3 თვის შემდეგ დაიწყება. ამ პერიოდის განმავლობაში საჭირო საოპერაციო ხარჯების დაფარვა საკუთარი და/ან ნასესხები სახსრებით მოგიწევთ.  ესენია:

  • საქონლის საკვების ის კომპონეტები, რომელთაც ყიდულობთ და თავად არ აწარმოებთ, მაგალითად შროტები, მარცვლეული, საკვებდანამატები და ა.შ.
  • ვეტერინარული მომსახურება და მედიკამენტები
  • მუშახელის ხელფასი. განსაზღვრეთ მუშახელის რაოდენობა, რომლებიც სავარაუდოდ დაგჭირდებათ. უხეში გათვლებით თქვენ დაგჭირდებათ ერთი მუშაკი 10 მეწველ ძროხაზე და ერთი მუშაკი 20 მშრალ ძროხაზე. გაითვალისწინეთ საშუალოდ 30 ლარი/დღე ანაზღაურება თითოეულ მუშაკზე. სხვა ფიქსირებული ხარჯები ამ პერიოდის განმავლობაში (კომუნალურ ხარჯები, საკომუნიკაციო ხარჯები, საკანცელარიო ხარჯები და ა.შ.)

შემოსავლები და საოპერაციო ხარჯები

აქ დგება მთავარი საკითხი, რამდენ ლიტრ წველადობაზე გავთვალო და შესაბამისად შემოსავლების კუთხით რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. ძროხა კლასიკურ შემთხვევაში მოგებიდან 305 დღეს იწველება და 60 დღეს მშრალია მეორე მოგებამდე, ანუ ხელახლა წველის დაწყებამდე. ანუ წელიწადში თქვენი ძროხის ლაქტაციის პერიოდი 305 დღე იქნება, რომლის განმავლობაში მონაწველი უნდა აიღოთ საბაზისო  ციფრად. ფულადი სახსრების შემოდინებისას, მიიღეთ მხედველობაში, არასეზონური მოგებების და წველის შემთხვევაში, თუ თქვენ კარგად გაქვთ აღწარმოების და ძროხების რეპროდუქცის საკითხები მოგვარებული, მეწველი ნახირის 15%-მდე სულადობა მშრალი იქნება, მაგრამ ახალდამწყებებს უჭირთ ამ სასურველი მაჩვენებლის მიღწევა. ამასთან გაითვალისწინეთ, ძროხა პირველ ლაქტაციაზე (ანუ მოგების და წველის დაწყების პირველ წელიწადს) ბევრად ნაკლებს იწველება ვიდრე შემდეგ ლაქტაციებზე. როგორც დამწყებმა ფერმერმაგააკეთეთ პესიმისტური გათვლები, ანუ აიღეთ პირველ ლაქტაციაზე საშუალო რეალისტური ციფრი, ჰოლშტეინის შემთხვევაში 6000 ლიტრი, ხოლო დანარჩენი მაღალპროდუქტიული მერძეული ჯიშებისთვის 5000 ლიტრი. შემდეგ ლაქტაციაზე შესაბამისად 7000 და 6000 ლიტრი. გაითვალისწინეთ ფასების ცვალებადობა. დღეს საქართველოში რძის საშუალო შეწონილი ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, გამოიყენეთ ეს შანსი, მაგრამ გრძელვადიან გათვლები მიმდინარე ფასებზე არ გააკეთოთ, რადგან დიდის ალბათობით ის შესაძლებელია შემცირდეს. ნედლი რძის საბითუმო ფასები საქართველოში შეგიძლიათ შეამოწმოთ ლინკზე: http://georgiandairy.org/ka

რაც შეეხება საოპერაციო ხარჯებს, მის უდიდეს ნაწილს პირუტყვის კვებაზე დანახარჯი შეადგენს. ხშირ შემთხვევაში ის მთელი საოპერაციო ხარჯების 50-60%-ს აღწევს. იმისათვის, რომ შეგექმნათ წარმოდგენა როგორია მაღალპროდუქტიული მერძეული საქონლის კვების ტიპიური რაციონი, ნიმუშად ვურთავთ ერთ-ერთი ფერმაში გამოყენებულ კვების რაციონს. თუმცა გაითვალისწინეთ მისი ავტომატურად გადაღება თქვენი ძროხების კვებაში გამოსაყენელად არ შეიძლება:

#

საკვები რაციონის 

შემადგენელიკომპონენტები

საკვების კომპონენტების რაოდენობა ერთ მეწველ სულზე, კგ

1

სიმინდის სილოსი

23.92

3

იონჯის სილოსი

6.04

5

ბალახის თივა

1.20

7

ქერის ღერღილი

1.16

8

ხორბლის ღერღილი

1.16

9

ლუდის ანარჩენი

10.00

10

სიმინდის ღერღილი

3.02

12

მზესუმზირის შროტი

1.33

13

სოიოს შროტი

2.22

17

მინერალებისა და ვიტამინების საკვებდანამატი,

0.25

19

მარილი

0.10

20

ცარცი

0.12

 

სულ რაციონის წონა ერთ მეწველზე

50.54

რამდენიმე დამატებითი რჩევა დამწყებთათვის:

  • გააკეთეთ თავად ყველაფერი მაქსიმალურად რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვან თანხებს დაგიზოგავთ.
  • კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებიც თუ ჩაერთვებიან ამ ბიზნეში, რადგან ეს ერთის მხრივ მუშახელზე ფულის დაზოგვაა, მეორეს მხრივ ხშირად ისინი უკეთ და უფრო პასუხისმგებლობით აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც დაქირავებულ მუშახელს შეეძლო გაეკეთებინა.
  • გახსოვდეთ ყველაფერს ერთდოულად პირველ წელსვე ვერ მიაღწევთ. დაამატეთ და გაუმჯობესეთ ყოველწლიურად და გააკეთეთ ეს ეტაპობრივად. დაისახეთ დროში გაწერილი გეგმა.
  • მოუსმინეთ სხვა წარმატებულ ფერმერებს და გაიზიარეთ მათი გამოცდილება. დაეკითხეთ დარგის სპეციალისტებს.
  • ეცადეთ მაქსიმალურად შეავსოთ სადგომი ძროხებით, ვიდრე გყავდეთ ძალიან ცოტა ძროხა არადექვატურად დიდი სადგომით, რათა ზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ფულადი სახსრების შემოდინება.
  • არ დაიტვირთოთ თავი ძალიან დიდი სასესხო და სხვა სახის ვალდებულებებით.

 

ავტორი: მერაბ ჩხარტიშვილი („საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“ - აღმასრულებელი დირექტორი)

 

919

 

მსგავსი

 

საწველი სისტემები და მათი შერჩევა

საწველი ცენტრი არ არის მხოლოდ ადგილი სადაც ძროხები იწვე...

ძროხების კოჭლობა - ეკონომიკის გამოწვევა

ბოლო წლებში მერძეულ მეცხოველეობაში მნიშვნელოვანი ცვლილე...

სარძეო ფერმა აიოვას შტატში - Bloods dairy farm

ქართველი ფერმერების ვიზიტი აღნიშნულ ფერმაში ორგანიზ...

 

comments powered by Disqus