საერთაშორისო ბაზარზე რძის ფხვნილი იაფდება. როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე?

 

ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, აპრილში, რძის ფხვნილის იმპორტის საშუალო ღირებულებამ 2.70$ შეადგინა კილოგრამზე, რაც კლებაა მარტთან შედარებით. საერთაშორისო ბაზარზე დაწყებული გაიაფება უკვე ისახება ქართულ იმპორტზეც. თუ ვნახავთ სხვადასხვა უცხოურ წყაროს, მაგალითად გლობალურ აუქციონს (Global Dairy Trade-ს), უცხოეთში ფხვნილი უფრო მეტადაც არის გაიაფებული, შესაბამისად, ველოდებით, რომ სამომავლოდ საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი უფრო მეტადაც გაიაფდება. სავარაუდოდ მომდევნო თვეებში ფხვნილის იმპორტი მოიმატებს, ამას ხელს შეუწყობს ისიც რომ კურსთაშორისი სხვაობა დაზღვეულია.

რძის ფხვნილის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გავლენის შეფასება საქართველოს მერძევეობის სექტორზე, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან არქანიას ვთხოვეთ.

იაფი რძის ფხვნილი მალე საქართველომდეც მოაღწევს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ ადგილობრივი ფერმები კონკურენციის გაწევას?

ადგილობრივ ფერმებს ისედაც უჭირდათ კონკურენციის გაწევა, გაიაფებულ ფხვნილთან კი ეს წარმოუდგენელი იქნება. ჩვენი გათვლებით, თუ საქართველოში იმპორტირებული კილოგრამი ფხვნილის ღირებულება 2.00$-მდე ან უფრო დაბლა ჩამოვა, რაც საკმაოდ რეალისტური პროგნოზი იქნებოდა, ლიტრი რძის აღდგენა სავარაუდოდ 1.00 ლარს მნიშვნელოვნად ჩამოცდება. მიმდინარე პირობებში, ჩვენ ამას კონკურენციას ვერ გავუწევთ და იძულებულნი ვიქნებით ამ ბიზნესიდან გამოვიდეთ.

რატომ ვერ ახერხებენ ქართული ფერმები კონკურენციის გაწევას?

ეს იმიტომ ხდება რომ საქართველოში ხარისხიანი რძის წარმოების თვითღირებულება მაღალია.

რაც საინტერესოა, აქ ხომ საწარმოო ფაქტორები - მიწა, მუშა ხელი - უფრო იაფია, ვიდრე მაგალითად ევროპაში, საიდანაც ფხვნილის დიდი ნაწილი შემოდის?

მაღალ თვითღირებულებას უამრავი რამ განაპირობებს, ამაზე ფერმერებს არაერთხელ გვისაუბრია: იმპორტირებული ცხოველთა საკვები, ადგილობრივი სპეციალისტების ნაკლებობა და ა.შ. ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რომელზეც თითქოს ბევრს არ ვლაპარაკობთ მასშტაბის ეფექტია. რძის წარმოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მასშტაბს, ფერმის ზომის ზრდასთან ერთად, წარმოების ეფექტიანობა იზრდება და თვითღირებულება საგრძნობლად იკლებს.

მაშინ რატომ არ ზრდიან ქართული ფერმები მასშტაბებს სწრაფად?

თანამედროვე ფერმა საკმაოდ მსხვილი ინვესტიციაა. ასეთი ფერმის აშენებისას ითვლება რომ ინვესტიცია ერთი ძროხაზე 9,000-დან 15,000 ევრომდე ჯდება (მიწის გარდა), ანუ 500 სულიანი ფერმისთვის შესაძლოა 7,5 მლნ ევროზე მეტი დაგვჭირდეს. დღეს სწრაფად გაზრდის გადაწყვეტილება რთული მისაღებია, ამ ინვესტიციისთვის ფერმერს გარკვეული გარანტიები სჭირდება რომ როცა წარმოებას გაზრდის, გადამამუშავებლები ხელს შეუწყობენ. ამ მხრივ საქართველოში უცნაური სიტუაციაა: ხარისხიანი რძის წარმოების გაზრდა, თან თუ მისი თვითღირებულება შემცირდება,  ეს ყველა მხარეს აწყობს - მომხმარებელს, მწარმოებელს, გადამამუშავებელს - მაგრამ ეს ჯერ ვერ ხდება.

ანუ გარკვეულწილად საქმე მხარეებს შორის კოორდინაციის პრობლემასთან გვაქვს?

შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა აღსანიშნავია რომ გარკვეული იმედები არსებობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები როგორც რძის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელიც პირველად მწარმოებლებს წარმოადგენენ, ისე გადამამუშავებლებთან, სამუშაო ჯგუფის ფორმატში. კარგი იქნებოდა თუ ეს ფორმატი გაგრძელდებოდა და გაფართოვდებოდა და ყველანი ერთად საერთო გეგმას შევიმუშავებდით.

თქვენი აზრით, დაახლოებით როგორი უნდა იყოს ეს გეგმა?

პირველ ეტაპზე ალბათ ფერმერებს უნდა შეეწყოთ ხელი, იქნება ეს საფასო თუ სხვა მექანიზმით. ფერმერმა თავის მხრივ უნდა დადოს გარანტია რომ გაფართოვდება და მომავალში რძის ფასს შეამცირებს, რა თქმა უნდა ისე რომ რძის ხარისხი კვლავ მაღალი დარჩება. ფერმერის ქმედებას გადამამუშავებელმა თავისი პირობით უნდა უპასუხოს რომ რძეს იყიდის.  ამ ყველაფერში სახელმწიფომ კოორდინატორისა და გარანტორის როლი უნდა იკისროს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს შესყიდვის მექანიზმის დანერგვა, როგორიც ევროპაშია - თუ ფერმერი პროდუქტს ვეღარ ყიდის, ხდება ხოლმე საინტერვენციო შესყიდვები.

საბოლოო ჯამში ასეთი გეგმა მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში ხარისხიანი რძის წარმოება გაიზრდება, გაიზრდება სექტორში დასაქმებაც, მოიმატებს კადრების კვალიფიკაციაც და ა.შ, ანუ პირველადი წარმოების სექტორი სწრაფად განვითარდება. გადამამუშავებლებს კი აქვე შეეძლებათ ხარისხიანი ნედლი პროდუქტის ყიდვა, თანაც უფრო იაფად. შედეგად ხარისხიანი პროდუქტი გაიაფდება საბოლოო მყიდველისთვისაც.

 

281

 

მსგავსი

comments powered by Disqus