საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით - 2019 წლის სექტემბერი - მოკლე მიმოხილვა

 

გასულ თვეში, რძის პროდუქტების იმპორტმა საქართველოში 5.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან ექსპორტმა კი ბევრად ნაკლები - 56 ათასი დოლარი. პირველი 9 თვის ჯამში, წელს იმპორტის მოცულობა 50.3 მილიონ აშშ დოლარია, ექსპორტისა კი - 1.1. საინტერესოა რომ 2018 წელთან შედარებით, რძის პროდუქტების იმპორტი გაზრდილია დოლარში (+1.8%), თუმცა შემცირებულია ნედლი რძის ექვივალენტში (-2.3%). მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი, თუმცა მისი დიდი ნაწილი რე-ექსპორტია.

იმპორტი

მთავარ იმპორტირებულ პროდუქტებად კვლავ რჩებიან რძის ფხვნილი და კარაქი. ეს პირდაპირ საქართველოში არსებული რძის დეფიციტიდან გამომდინარეობს: ფხვნილი და კარაქი რძის აღდგენის მთავარი კომპონენტებია. მათი წილი იმპორტის მოცულობაში 55%-მდეა. ფხვნილი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 40%-ითაა გაძვირებული, რაც მისი იმპორტის კლებაში აისახა.

  • იანვარ-სექტემბერში საქართველოში დაახლოებით 61 მილიონი ლიტრის ექვივალენტი რძის ფხვნილი შემოვიდა და დარჩა (-14% წინა წელთან)
  • მისი ადგილობრივი წარმოებით ჩასანაცვლებლად, ქვეყანას 8-დან 11 ათასამდე მაღალპროდუქტიული ჯიშის ძროხა დასჭირდებოდა
  • ეს ნიშნავს 20-დან 27 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას მხოლოდ პირუტყვში
  • და 9 თვეში ქართველი ფერმერისა თუ ინვესტორის მიერ მიღებულ 75-დან 85 მილიონამდე ლარის შემოსავალს (რძის რეალიზაციიდან)

ექსპორტი

ზოგადად, კარაქსა და ფხვნილს საქართველოს ექსპორტის სტატისტიკაშიც დიდი წილი უჭირავთ, თუმცა ეს დიდი ალბათობით რე-ექსპორტია რომელიც საქართველოს გავლით სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის (საქართველო რძის ფხვნილს საერთოდ არ აწარმოებს). ამის გამო, მთავარ ექსპორტირებად პროდუქტად ყველი უნდა ჩავთვალოთ და არა კარაქი თუ ფხვნილი.  ყველის ექსპორტი წლიურ ჭრილში იზრდება. ის ქართველ ექსპორტიორებს ძირითადად აშშ-სა და ჩინეთში გააქვთ. 2019 წლის სექტემბერში, ექსპორტი (56 ათასი დოლარი) მთლიანად ყველზე მოდის. კილოგრამის (FOB) ფასმა 8.9 აშშ დოლარი შეადგინა.

  • საქართველო რძის პროდუქტების წმინდა იმპორტიორად რჩება
  • ექსპორტი იზრდება თუმცა, თუმცა იმპორტი დაახლოებით 50-ჯერ აღემატება მას (რე-ექსპორტის გამოქვითვის გარეშეც კი)
  • საქართველოს ყველის მიმდინარე ექსპორტს ერთი 40-50 სულიანი მაღალპროდუქტიული ფერმაც კი ეყოფოდა
  • თუმცაღა ყველის ექსპორტიორებში ხარისხიან ნედლ რძეზე იმაზე ბევრად დიდი მოთხოვნაა ვიდრე ისინი ახლა იბარებენ
  • ეს მოთხოვნა ექსპორტირებულ ყველზე მიღებული მაღალი ფასიდან გამომდინარეობს

ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა (საგარეო ვაჭრობა დოლარსა და კილოგრამებში) აღებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან


 

453

 

მსგავსი

 

რომელი ქვეშსაფენი გამოვიყენოთ?

კომპანია პეტინგერის და საქართ...

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით – 2020-VI

 

რძის პროდუქტების იმპორტი ზრდას აგრძელებს. პირველი ექვსი თვის ჯამში წელს ყველაზე...

სცივა თუ არა ძროხას ზამთარში?

ძროხამ, როგორც ცხოველმა ევოლუ...