საქართველოს რძის სექტორს სახელმწიფო დახმარება აუცილებლად სჭირდება -ლევან არქანია

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოში გამოწვეულ კრიზისს ქართული რძის სექტორი საკუთარი პრობლემებით დახუნძლული შეხვდა. საქართველოს რძის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ნედლი რძის მაღალი ღირებულება და მასზე დაბალი მოთხოვნაა.  მთავარი მიზეზი კი - პირუტყვის იმპორტირებული  საკვების ფასია. ამის შესახებ საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან არქანიამ განაცხადა, რძის სექტორის ანტიკრიზისული ონლაინ-კონფერენციის დროს, 13 აპრილს.

ლევან არქანიამ წარმოადგინა საქართველოში რძის წარმოების სურათი, სადაც 20%  შიდა ნედლეული რძეა, 80% კი იმპორტირებული რძის ფხვნილი.

„და ამ 20%-დან მხოლოდ 5% არის ინდუსტრიული მეურნოებები, რომლებიც უკვე საკუთარი პრობლემებით შეხვდნენ კრიზისს. საქართველოს რძის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - სამრეწველო ნედლი რძის მაღალი თვითღირებულება და დაბალი მოთხოვნაა“,- აღნიშნა საქართვველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ლევან არქანიას თქმით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არსებობს და ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მხარდაჭერაა. „სახელმწიფოს გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება. თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი პირიქით ხდება.  პანდემიის პირობებში სახელმწიფოს ქმედებები რძის სექტორის მიმართ - ჩვენ რძის ფხვნილზე სტიმულაციის გაზრდა მივიღეთ, რადგან ის სუბსიდირებულია 9 ძირეულ სურსათის შორის“,- განაცხადა  ლევან არქანიამ.

მისი აზრით,  ნედლ რძეზე მოთხოვნის სტიმულირებისთვის, სახელმწიფომ  ნედლი რძის მწარმოებლებს უნდა გაუწიოს სუბსიდირება. კერძოდ „თითოეული ლიტრი ნედლი  რძის დამატებითი გადახდა, ან დღგ-ს გადასახადისგან განთავისუფლება, რაც ავტომატურად გაზრდის მოთხოვნილებას ნედლ რძეზე“,- მიიჩნევს ბატონი  არქანია.

როგორც რძის ანტიკრიზისული ონლაინ-კონფერენციის ერთ-ერთმა სპიკერმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)-ს ტექნიკური დეპარტამენტის ეკონომისტმა ანდრეი იარმაკმა აღნიშნა: „დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებას არა, მაგრამ დღგ-ს  დაწევას შევთავაზებდი. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში   დღგ-ს განაკვეთები შემცირებულია“.

ანტიკრიზისული ონლაინ-კონფერენციის მსვლელობისას ლევან არქანიამ აღნიშნა, რომ პრობლემები მთლიანად ქართულ აგრარულ სექტორს აქვს, მაგრამ: „პირველ რიგში დახმარება რძის სექტორს სჭირდება, რადგან მერძევეები სტრატეგიულ პროდუქტს აწარმოებენ, რომელშიც მომავალი თაობების ჯანმრთელობაა ჩადებული. ამისათვის საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ რძის ბიზნესში ინვესტირებულია მილიონობით ლარი. მაგრამ დღეს, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ეს ინვესტიციები და საერთაშორისო თანადგომა ამ სფეროში  შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს“.

საქართველოს რძის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან არქანია დარწმუნებულია, რომ ქართული რძის სექტორის  სახელმწიფო დახმარების შემთხვევაში, უკვე 3-4 წელიწადში დარგი შეძლებს დამოუკიდებლად განვითარებას: „სახელმწიფომ უკვე უნდა გადაწყვიტოს რა არის უფრო მნიშვნელოვანი იმპორტირებული რძის ფხვნილი, თუ ქვეყანაში წარმოებული საკუთარი ნედლი რძე. მწარმოებლები კი მხარდაჭერის შემთხვევაში ქვეყანას საჭირო სასარგებლო მიღწევებით უპასუხებენ“.

შეგახსენებთ, თბილისში 11 მარტს დაგეგმილი იყო რძის მეხუთე საერთაშორისო  კონგრესი, რომელიც გადაიდო კორონავირუსული პანდემიის გამო.

რძის სექტორის ანტიკრიზისული ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO)-ს და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ს  მხარდაჭერით.

 

650

 

მსგავსი

comments powered by Disqus