სახელმწიფო რძის ფხვნილის ფასს დააზღვევს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააზღვიოს ფასები 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე. სხვადასხვა მარცვლეულთან და ბურღულეულთან ერთად ჩამონათვალში რძის ფხვნილიც მოხვდა.

ფასების დაზღვევა გულისხმობს, უცხოურ ვალუტაში პროდუქტის შეძენისას, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფასნამატის ანაზღაურებას, იმ ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფოს მიერ დასახელებული 9 პროდუქტის იმპორტს საქართველოში.

კონკრეტულად, მექანიზმი შემდეგნაირად იმუშავებს, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრავს ფიქსირებულ გაცვლით კურსს, დოლართან მიმართებაში ეს იქნება 3 ლარი, ხოლო ევროსთან - 3.3 ლარი და განახორციელებს მხოლოდ წინასწარ ფიქსირებული კურსზე ფასნამატის სუბსიდირებას, პროდუქტის შეძენისას არსებული კურსის შესაბამისად. მაგალითისთვის, თუ იმპორტიორმა საზღვარგარეთ შეიძინა რძის ფხვნილი და ანგარიშსწორება ხორციელდება ევროში, ხოლო შეძენის დღეს არსებული კურსი აღემატება წინასწარ ფიქსირებულ 3.3 ლარს, სახელმწიფო ბიზნესოპერატორს აუნაზღაურებს, ევროს შესყიდვისას, 3.3 ლარის ზემოთ გადახდილ ფასნამატს. სახელმწიფო ანაზღაურებას ბანკების მეშვეობით განახორციელებს, რომლებიც მესამე მხარეს წარმოადგენენ მოცემულ სქემაში.

აღნიშნული შეღავათი გავრცელდება, იმპორტიორების მიერ, 15 მარტიდან 15 მაისამდე შეძენილ პროდუქციაზე, თუმცა სახელმწიფომ ბიზნესოპერატორების მიმართ თავისი ვალდებულების ანაზღაურების ბოლო ვადად 15 ივლისი განსაზღვრა. ეს ინიციატივა ავტომატურად არ გავრცელდება იმპორტიორ კომპანიებზე, კომპანიებმა თავად უნდა მიმართონ სამინისტროს შეღავათის მისაღებად.

სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანი საბოლოო მომხმარებლისთვის ფასების შენარჩუნება და ბიზნესის ხელშეწყობაა, თუმცა, არ არსებობს გარანტიები, რომ სავაჭრო ობიექტები არ გაზრდიან ფასებს სუბსიდირებულ პროდუქტებზე. 

სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თენგიზ კალანდაძის განცხადებით, არსებობს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ისინი არ გაზრდიან ფასს. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ქსელებში აღნიშნულ 9 პროდუქტზე ფასები მაინც გაიზრდება, სამინისტრო გამოაშკარავებს ასეთ ქსელებს, რაც დააზარალებს მათ რეპუტაციას.

სამინისტრო შესაბამის დადგენილებას 24 მარტამდე გამოაქვეყნებს.

330

 

მსგავსი

 

სცივა თუ არა ძროხას ზამთარში?

ძროხამ, როგორც ცხოველმა ევოლუ...

მშრალი ნივთიერების განსაზღვრის წესი მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

მეთოდი განკუთვნილია ნოტიო უხეშ საკვებში და მთლიან საკვე...

 

comments powered by Disqus