საკვები მაგიდა, მისი დიზაინისა და კონსტრუქციის თავისებურებები და მისი გავლენა მეწველი ფურის წველადობაზე დაუბმელი შენახვის სისტემის მერძეულ ფერმაში

 

შესავალი

მსხვილფეხა მერძეული საქონლის კვებისთვის გამოყოფილი სივრცე საქონლის სადგომის შენობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ძროხები ამ ადგილას დიდ დროს ატარებენ. მისი კონფიგურაცია ისეთი უნდა იყოს, რომ თავიდან აგვარიდოს ძროხების დისკომფორტი და მათ მიერ ერთმანეთის შევიწროვება და დაზიანება,  უზრუნველყოს მაქსიმალური წვდომა საკვებთან და მისი მინიმალური დანაკარგები. 

ბოლო დროს მესაქონლეობაში ხშირად გამოიყენება ტერმინი „საკვები მაგიდა“, რომელიც სულ უფრო ანაცვლებს ტრადიციულ საკვებურას. საკვები მაგიდის დიზაინი და კონსტრუქციები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ საქონლის მიერ საკვების მოხმარების დონეს და ეფექტიანობას და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სარძეო ფერმის საწარმოო-სამეურნეო მაჩვენებლების გაზრდაში და ძროხის გენეტიკური პოტენციალის სრულად გამოვლენაში.

საკვები მაგიდა ეს საქონლის სადგომში მის მთელ სიგრძეზე გამჭოლი  ბეტონის დერეფანია, რომელზეც საკვები რიგდება საკვები ღობის გასწვრივ  და სადაც ცხოველის საკვებდარიგებაში ჩართული ფერმის მუშაკები და მექანიზაცია მოძრაობენ (სურათი 1). ტრადიციული საკვებურა დღესაც გამოიყენება როგორც დაუბმელ, ისე დაბმულ შენახვის სისტემაშიც, მაგრამ საკვები მაგიდისგან განსხვავებით ის დამატებით ხარჯებს მოითხოვს და მასში საკვების მექანიზირებულად დარიგება და შემდგომ მისგან ნარჩენების აღება (რომელიც ცხოველმა არ მოიხმარა) რთულდება და დამატებით ხელით შრომას მოითხოვს (სურათი 2). ამის გამო ხშირად ფერმერები საკვებურადან ამ ნარჩენებს რეგულარულად არ იღებენ საკვების ყოველი ახალი დარიგების წინ, რის გამოც დადგენა თუ რამდენი საკვები დარჩა შეუჭმელი დღის განმავლობაში ანუ რამდენია საკვების ნარჩენები დღის ბოლოს და რამდენია მისი წილი მთლიანად დარიგებულ საკვებში (რომელიც არ უნდა აჭარბებდეს 5%-ს)  არ ხდება. ნარჩენების რაოდენობით და მთლიან დარიგებულ საკვებში მისი წილობრივი მოცულობით  ვსაზღვრავთ რეალურად რამდენს მოიხმარს ძროხა და ვაკონტროლებთ ხომ არ შეიცვალა რაიმე საკვებში, რის გამოც ჭამადობა შემცირდა, ან თუნდაც გაიზარდა. ამასთან საკვებურაში დარჩენილი საკვები გარკვეული დროის შემდეგ ფუჭდება (ზაფხულში სილოსის გამოყენებისას ძალიან სწრაფად), ერევა ახალდარიგებულ საკვებში და ჭამადობას აუარესებს.

სურათი 1. საკვები მაგიდა

სურათი 2. საკვები მაგიდა ბეტონის საკვებურბით

საკვები მუდმივად უნდა იყოს საკვებ მაგიდაზე და მასთან ძროხებს თავისუფალი წვდომა უნდა ჰქონდეთ, განაკუთრებით წველის შემდგომ, როდესაც ძროხას ჭამის ინსტიქტი უმუშავდება. ამით იზრდება ცხოველის მიერ საკვების მოხმარება და შესაბამისად წველადობაც. თუ წველისშემდგომ ძროხას არ დახვდა საკვები ან ვერ გამონახა ადგილი საკვებ მაგიდასთან საკვები ადგილების ნაკლებობის გამო, ის შესაძლებელია დაწვეს და ჭამის მადა გაუქრეს, ან უარესი, მასტიტით დაავადდეს, რადგან წველის შემდგომ ცურის თავების სპრინკტერები (რძის სადინარი ნახვრეტი)  ღია აქვს და ინფექციის შეჭრის ალბათობა დიდია.

საკვებნარევი საკვების მადიდაზე საკვები ღობის გასწვრივ უნდა დაეწყოს ღვარეულად (ზოლად დაწყობილ გროვად). უნდა ვეცადოთ ღვარეულს შეძლებისგაგვარად ყოველთვის საკმარისი სიმაღლე ჰქონდეს. ეს შესაძლებელია მასზე დროდადრო ახალი საკვების დამატებით ან ძროხისკენ მისი რეგულარული მიწევა-მიხვეტით. წინაამღდეგ შემთხვევაში, როდესაც ის საკვები მაგიდის ზედაპირიდან დაბალ დონეზეა, ძროხა სეპარირებას იწყებს, ანუ არჩევს და ჭამს საკვებში მხოლოდ იმ ნაწილებს, რაც მას უფრო მეტად მოსწონს (ძირითადად კონცენტრირებული საკვებს). შედეგად ვიღებთ საკვების ბევრ ნარჩენებს, მონაწველს კი ცოტას. ამასთან შესაძლებელია ძროხის ასეთმა მოქმედებამ მის ჯანმრთელობასაც შეუქმნას საფრთხე. თუმცა აქაც ზომიერება უნდა დავიცვათ, რადგან საკვებმაგიდაზე დიდი რაოდენობით დაყრილ სილოსიან საკვებში, თუ მისი მოხმარება სწრაფად არ ხდება, შესაძლებელია ფერმენტაციის პროცესი განვითარდეს და მისი ხარისხი გაუარესდეს.

საკვების სეპარირების შემცირება, განსაკუთრებით თუ მასში კონცეტრირებული საკვების წილი დიდია (50%-ზე მეტი მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით), შესაძლებელია საკვებნარევის ტენიანობის გაზრით 60%-მდე მასზე წყლის დამატებით. თუმცა საკვებნარევში ტენიანობის მეტი მომატება დაუშვებელია, რადგან ის ჭამადობას გააუარესებს. ასევე უარესდება ჭამადობა საკვებნარევში ტენიანობის 50%-ზე მეტად შემცირების შემთხვევაშიც.

ძროხის მიერ საკვების სეპარირების შემცირება შეიძლება ასევე საკვებნარევში ძირითადი საკვების (უხეში და წვნიანი) კარგი დაქუცმაცებით (ყველაზე ოპტიმალური 2 სანტიმეტრი). თუმცა აქაც ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს, რადგან ზედმეტად დაქუცმაცებული, ფაფისმაგვარი სტრუქტურის მქონე საკვების შემთხვევაში ძროხა ნაკლებად იცოხნება, რაც უარყოფითად აისახება მონაწველზე და  მეტიც, შესაძლებელია ძროხის ჯანმრთელობასაც ზიანი მიადგეს.

საკვებ მაგიდაზე დარიგებული საკვებნარევი ძროხის მიერ მისი მოხმარებისას იფანტება და საჭირო ხდება მისი დროგამოშვებით ძროხებისკენ  მიწევა-მიხვეტა ხელით ნიჩაბის გამოყენებით ან მექანიკურად - ტრაქტორით ან სპეციალური მცირეგაბარიტიანი ტექნიკით (სურათი 3).  არსებობს საკვების ავტომატური მიმწევიც, რომელიც ამას ადამიანის ყოველგვარი ჩარევის გარეშეც აკეთებს (სურათი 4). ამის გარეშე ძროხას შეზღუდული აქვს საკვებთან წვდომა და მუდმივად ცდილობს გადასწვდეს  შორს დაყრილ საკვებს. ეს ერთის მხრივ ჭამადობას აუარესებს, ხოლო მეორეს მხრივ ძროხისთვის სტრესის მომტანია, რაც მის პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. საკვების რეგულარულ მიწევას ძროხისკენ (2 საათში ერთხელ მაინც)  სხვა დადებითი მხარეც აქვს, ეს ძროხებში ჭამის ინსტინქს აღძრავს და საკვების მოხმარებას ზრდის, რაც შესაბამისად  წველადობასაც ზრდის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საკვების რეგულარული მიწევა თავიდან აგვარიდებს ძროხის მიერ მის სეპარირებასაც. ხშირი ჭამა ასევე ხელს უწყობს ძროხის ფაშვში Ph დონის სტაბილიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქონლის მაღალკონცენტრირებული საკვებით კვებისას და შედეგად საკვების მოხმარების ეფექტიანობა იზრდება.

სურათი 3. საკვების მიწევის მცირეგაბარიტიანი ტექნიკა

სურათი 4. საკვების ავტომატური მიმწევი

წველადობას ზრდის ასევე საკვებ მაგიდაზე საკვების ხშირი დარიგებაც, რადგან ეს ერთის მხრივ ძროხებში ჭამის ინსტინქს აღძრავს, მეორეს მხრივ კი ახალ საკვებს ძროხები მეტი ხალისით ჭამენ, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულობით მაგიდაზე დაყრილი საკვებნარევი სწრაფად ფუჭდება და მისი ჭამადობა უარესდება.

ზაფხულობით, როდესაც ცხელი ამინდებია და მაღალი ტემპერატურაა, ცხოველის მიერ საკვების მოხმარება უარესდება, ამიტომ ასეთ დროს საკვების უმეტესი ნაწილი (60%) ცხოველმა ღამით უნდა მიიღოს, როდესაც ტემპერატურა ნაკლებია. ამის მიღწევა შესაძლებელია წველის, საკვების დარიგების და სადგომში სინათლის გათიშვის დროების გადანაცვლებით.

საკვების მოხმარებას და წველადობას ზრდის ასევე ფერმის შენობაში ხელოვნური განათების გამოყენება, რომელსაც  დღეღამის განმავლობაში მხოლოდ 5-8  საათით აქრობენ (აქაც გასათვალისწინებელია ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნები). ფერმის მუშაკებისთვის ღამე საკონტროლო შემოვლის შესაძლებლობისთვის ფერმის შენობაში წითელ სინათლეს ანთებენ, რადგან ძროხა ადამიანისგან განსხვავებით წითელ სინათლეს ვერ ხედავს.

საკვები მაგიდის სიმაღლე

პირველი, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვებ მაგიდაში, ის არის, რომ მისი სიმაღლე პირუტყვის დგომის სიმაღლიდან 15-20 სმ  უნდა იყოს (ეს ეხება საკვებურას სიმაღლესაც). ეს სიმაღლე არ უნდა შემცირდეს და არც გაიზარდოს, რადგან ძროხა ბუნებრივად  ამ სიმაღლეზე ჭამდა ბალახს და მისი საჭმლის მომნელებელი და საყლაპავი აპარატი ისე ჩამოყალიბდა, რომ ამ სიმაღლის შეცვლა შეაფერხებს ნერწყვის გამოყოფას. ნერწყვი კი არეგულირებს როგორც ძროხის მიერ საკვების მონელების პროცესს, ასევე სიმჟავეს მის კუჭში, რომლის დარღვევა ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებულ დაავადებებს (მაგალითად აციდოზი) იწვევს, რაც მაღალპროდუქტიულ საქონელში საკმაოდ გავრცელებულია. შედეგად ყოველთვის ვიღებთ ნაკლებ მონაწველს და სხვა სახის ზარალს მკურნალობაზე დამატებითი ხარჯების ან სულაც საქონლის დაცემის ან გამოწუნების სახით.  

საკვები მაგიდის სიგანე

რაც შეეხება საკვები მაგიდის სიგანეს, ის 5 მეტრი უნდა იყოს, რათა თავისუფლად მოხერხდეს მექანიზირებულად ტრაქტორის და საკვებდამრიგებლის მეშვეობით საკვების დარიგება და შემდეგ ნარჩენების აღება, ტექნიკის საკვებზე გადავლის და ძროხებისთის ტრამვის მიყენების გარეშე. დიდ ფერმებში ეს მოთხოვნა 6 მეტრამდე იზრდება. თუ საკვების ჩაყრა საკვებურაში ხდება ტექნიკის დახმარებით, მაშინ საკვები მაგიდის სიგანის შემცირება შეიძლება 4 მეტრამდე.

საკვები მაგიდის ბეტონის სისქე, რომელზეც მძიმე ტექნიკამ უნდა იმოძრავოს, არანაკლებ 20 სმ სისქის უნდა იყოს. ძროხების სამოძრაო სასეირნო-საკვები დეეფნის ბეტონის სისქე შესაძლებელია 15 სმ იყოს.

საკვები მაგიდის ღობის თეჯირი

თეჯირის სიმაღლე

საკვებ მაგიდა და ძროხის სასეირნო-საკვები დერეფანი (ან საწოლი ბაგა დაბმული ბაგური სისტემის შემთხვევაში) ერთმანეთისგან გამოყოფილია საკვები ღობით, რომლის ქვედა ნაწილი ბეტონისგან ამოშენებული კედელია (თეჯირი). თეჯირის ოპტიმალური სიმაღლეა 50 სმ-ია ძროხის დგომის სიმაღლიდან  (შესაბამისად საკვები მაგიდის მხრიდან 30-35 სმ იქნება). ეს ოპტიმალური სიმაღლეა ერთი მხრივ იმისთვის, რომ ძროხამ მას არ გადააბიჯოს, ხოლო მეორეს მხრივ იმისთვის, რომ თავისუფლად მიწვდეს საკვებს და არ დაიზიანოს გულმკერდი, რომლითაც ებჯინება თეჯირს. (სურათი 5) თუ გამყოფი ღობე გისოსებიანი ცხაურაა ან ჰედლოკი, მაშინ გაითვალისწინეთ რომ მისი ქვედა მილის გარე დიამეტრი ემატება თეჯირის სიმაღლეს. ასეთ შემთხვევაში თეჯირის სიმაღლეს უნდა გამოაკლდეს ეს სიმაღლე (დაახლოებით 3-5 სმ).

სურათი 5. საკვები მაგიდის ღობის კონდტრუქციის ზომები

თეჯირის სიგანე

ბეტონის თეჯირის სიგანე 15-20 სმ უნდა იყოს, რომ ერთის მხრივ საკმარისი სიმყარე ჰქონდეს, ხოლო მეორეს უზრუნველყოს ძროხის იოლი წვდომა საკვებთან.  თეჯირს კიდეები მომრგვალებული უნდა ჰქონდეს, რომ ძროხას მასზე ხახუნის გამო გულმკერდი ან ყელი არ გადაეხეხოს.

ზოგჯერ თეჯირს ხის ფიცრებისგან აკეთებენ, მაგრამ ფიცარი ლპება და დროგამოშვებით გამოსაცვლელია. ამასთან ზოგჯერ ძროხებს ჩვევა აქვთ, რომ ღრნიან მას. ამის გამო რეკომენდებულია იმ ნაწილს, რომელსაც ძროხები ღრნიან, ლითონის თხელი ფირფიტა გადავაკრათ (სურათი 6).

სურათი 6. საკვები მაგიდის ღობე ხის თეჯირით

საკვები მაგიდის ღობის ზედა ბარიერი

საკვები მაგიდის ღობის ზედა ბარიერის  სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, შესაძლებელია ეს იყოს მილის ან გვარლის  (ეწ. ფოლადის ტროსის) კისრის ბარიერი, ვერტიკალური გისოსებიანი ცხაურა ან ჩამკეტი/დასაფიქსირებელი ღობეები ე.წ. ჰედლოკები.

საკვებ ღობის ყოველ სახეობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

მილის ან გვარლის კისრის ბარიერის  დამონტაჟება ყველაზე იაფი და მარტივი ალტერნატივაა (სურათები 7 და 8).  .  ასეთი ბარიერის შემთხვევაში ძროხებს უფრო კომფორტული და თავისუფალი წვდომა აქვთ საკვებთან, თუმცა აგრესია ერთმანეთის მიმართ მატულობს, რის გამოც დომინატმა ძროხებმა შეიძლება შეავიწროვონ სხვა ძროხები.

კისრის ბარიერად 5 სმ გარე დიამეტრის მილი  გამოდგება, რომელიც მაგრდება  ყოველ 2.5 3 მეტრში განთავსებულ საყრდენ ბოძებზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს კისრის ბარიერის სიმაღლეს. არასწორად, ზედმეტად დაბალ სიმაღლეზე დამონტაჟებული კისრის ბარიერი უზღუდავს ძროხას საკვებთან წვდომის არეალს და ამასთან აზიანებს ძროხის კისრის ზედა ნაწილს, რომელიც ძალიან მგძნობიარე ნაწილია. გამყოფი მილის ან ტროსის ბარიერის სიმაღლე 110-120 სმ უნდა იყოს ძროხის დგომის სიმაღლიდან. თუმცა ეს სიმაღლეც პირობითია და ის უნდა შეირჩეს ძროხის ზომის მიხედვით, ისე რომ  არ იყოს ზედმეტად მაღალიც და მილის ბარიერი არ ეხებოდეს კისრის მიდაოს ძვალთან არსებულ ადგილს. რეკომენდებულია კისრის ბარიერი საყრდენი ბოძიდან დაახლოებით 25-30 სმ-ით იყოს წინ გამოწეული, რომ ძროხას საშუალება მიეცეს შორს მისწყვდეს საკვებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

სურათი 7. წინ გამოწეული მილის კისრის ბარიერი

სურათი 8. გვარლის (ტროსის) კისრის ბარიერი

ვერტიკალური გისოსებიანი ცხაურის და ჰედლოკების გამოყენებას ის უპირატესობა აქვს, რომ ის ერთის მხრივ საკვებ მაგიდასთან მყოფი ძროხების ერთმანეთის მიმართ აგრესიას ამცირებს და ჭამის დროს არ ავიწროვებენ ერთმანეთს, მეორეს მხრივ კი საკვებ მაგიდასთან ბარიერის როლს, არა ძროხის კისერს ზემოთ გამავალი მილი, არამედ ვერტიკალური გისოსები ასრულებენ. ზედა მილი კი კისრიდან მოშორებით ზემოთ არის განლაგებული, ისე რომ ძროხა კისრით არ ეხება მას და არ აზიანებს. გისოსებს შორის დაშორება 35 სმ უნდა იყოს. რეკომენებულია, რომ ის ასევე წინ გადმოხრილი იყოს 20 გრადუსით, რათა ძროხა უფრო ადვილად მიწვდეს საკვებს.

ხშირად გისოსები ასეთ ცხაურაში დიაგონალურად 60 გრადუსით გადახრილია მაგიდის თეჯირის გასწვრივაც. ეს იმის გამოა, რომ ძროხას ჩვევა აქვს ჭამისას საკვებს უკან ზურგისკენ ისვრის. რატომ აკეთებს ამას ბოლომდე გამოკვლეული არაა, მაგრამ ეს საკვების დანაკარგებს მნიშვნელოვნად ზრდის. ამიტომ დიაგონალურად გადახრილი გისოსი აიძულებს მას ჭამისას კისერი და თავი გვერდულად გადახაროს და ასეთი მოძრაობები ნაკლებად გააკეთოს (სურათი 9).

სურათი 9. წინ გადახრილი  ცხაურის ღობე დიაგონალურად გადახრილი გისოსებით

ჰედლოკები ეს რამდენიმე სექციანი მოძრავ გისოსებიანი ლითონის ღობეა, რომელშიც  ჩამკეტი ბერკეტის გადართვით  ერთდროულად ხდება საკვებ მაგიდასთან იმდენი ძროხის ჩაკეტვა და დაფიქსირება რამდენი სექციანიცაა ჰედლოკი (სურათი 10). ის საკვები ღობის შედარებით ძვირად ღირებული ალტერნატივაა, მაგრამ ძალიან უადვილებს ფერმერს და/ან ვეტერინარს სწრაფად და კომფორტულად მოახდინოს ვეტერინარული ან სხვა სახის მანიპულაციები (ვაქცინაცია, ტეპერატურის გაზომვა, მაკეობის დადგენა, ხელოვნური განაყოფიერება, დაკვირვება, სისხლის ნიმუშის აღება ლაბორატორიული ანალიზისთვის და ა.შ), ისე რომ არ აერიოს ერთმანეთში ძროხები. ჰედლოკები  ასევე საშუალებას გვაძლევს საწველიდან ახალამოსული ძროხები დავაფიქსიროთ (ჩავკეტოთ) საკვებ მაგიდასთან ნახევარი საათით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ცურისთავების სპრიკტერები ღიაა, ისინი არ დაწვნენ, რითაც მასტიტების შემთხვევები მცირდება. ჰედლოკები ამცირებს ჭამის დროს საკვებ მაგიდასთან გვერდი-გვერდ მყოფი ძროხების ერთმანეთის მიმართ აგრესიას.

სურათი 10. ჩამკეტი ღობე ანუ ჰედლოკები

ჰედლოკები როგორც წესი სადგომის სახურავის საყრდენ ბოძებს შორის მონტაჟდება, ამიტომ სადგომის დაპროექტებისას წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ იმ საყრდენ ბოძებს შორის დაშორება, რომელთა შორისაც მონტაჟდება ჰედლოკი, რომ ჰედლოკის ღობე ზუსტად და ადვილად ჩაჯდეს, თორემ ეს შემდეგ თავსატეხი გაგიხდებათ და საკვებ ადგილებსაც დაკარგავთ თუ ბოძები უადგილო ადგილას მოხვდება. ამიტომ წინასწარ განსაზღვრეთ რამდენ სექციანი ჰედლოკები გექნებათ და რა იქნება ამ ღობის სიგრძე.  ეს მომენტი დროს უნდა გაითვალისწინოთ სადგომის დაპტოექტებისას მილის ან ტროსის კისრის ბარიერის დამონტაჟების შემთხვევაშიც და სახურავის საყრდენ მილებს შორის დაშორება ისე გათვალეთ, რომ ის უნაშთოდ იყოფოდეს ბოძებს შორის საკვებ მაგიდაზე გათვალისწინებულ ადგილების რაოდენობაზე.

ჰედლოკები როგორც წესი ვერტიკალურად მონტაჟდება, მაგრამ მეტი ეფექტიანობისთვის (საკვებთან უკეთესი წვდომისათვის) რეკომენდებულია მისი გადმოხრა 20 გრადუსით ძროხიდან საპირისპირო მხარეს.

საკვები ფრონტის სიგრძე

რაც შეეხება ერთ ძროხაზე გამოყოფილ საკვები ფრონტის სიგანეს, ის ძროხის ზომაზეა დამოკიდებული და ჰოლშტეინის ჯიშის დიდი ზომის ძროხებისთვის (650-750 კგ წონით) 70-80 სმ უნდა იყოს. უფრო პატარა ძროხებისთვის მისი სიგანე შესაძლებელია 60-65 სმ იყოს.

საკვები ადგილების რაოდენობა

იდეალურ შემთხვევაში საკვებ მაგიდასთან იმდენი ადგილი უნდა იყოს, რომ ერთდროულად ყველა ძროხას შეეძლოს ჭამა. თუ საკვები ადგილები საკმარისი არაა სუსტი ძროხებს შორის იწყება მძაფრი კონკურენცია საკვებ მაგიდასთან ადგილის მოსაპოვებლად. ამის გამო შედარებით სუსტი ძროხები, რომლებსაც შესაძლებელია გენეტიკურად პროდუქტიულობის კარგი პოტენციალი ჰქონდეთ, ვერ გამოავლენენ ბოლომდე ამ პოტენციალს, რადგან დაიჩაგრებიან დომინანტი ძროხების მიერ და თავიანთი პოტენციალის ადექვატურ კვებას ვერ შეძლებენ.

თუ არ ხერხდება ყველა ძროხისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა, შესაძლებელია კომპრომისი გაკეთდეს და ერთ ადგილზე ორი ძროხა მოდიოდეს, იმ პირობით, რომ საკვები საკვებ მაგიდაზე მუდმივად უნდა იყოს დაყრილი.  საკვები ადგილების ნაკლებობის შემთხვევაში ჰედოკები ან ვერტიკალურ გისოსებიანი ცხაურა არ უნდა დამონტაჟდეს, რადგან ძროხებს შორის კონკურენცია და აგრესია იზრდება და დიდი შანსია უკან მდგომმა ძროხამ დააზიანოს საკვებ მაგიდასთან  მდგომი ძროხა, რომელსაც იმის გამო, რომ თავი ჰედლოკში ან გისოსებიან ცხაურაში აქვს გაყოფილი არ შეუძლია სწრაფად გაეცალოს დომინანტ აგრესიულ ძროხას. ასეთ შემთხვევაში უფრო გამოდგება მილის ან ტროსის კისრის ბარიერი, რომლის დროსაც ძროხებს ადვილად შეუძლიათ მოშორდნენ მათთვის სახიფათო ადგილს.

ამიტომ ასეთ შემთხვევში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია ჰედლოკები გაუკეთდეს მხოლოდ იმ სექციას, სადაც ის ძროხები იმყოფება, რომელთაც ხშირი ვეტერინარული ან სხვა სახის მანიპულაციები უტარდებათ. ასეთებია ძირითადად მშრალი და ლაქტაციის საწყის ეტაპზე მყოფი ძროხები.

რთულდება ჰედლოკების გამოყენება რქებიანი ძროხებისთვისაც, ამიტომ რქები ხბოს დაბადებიდან  მალევე უნდა მოვაშოროთ, ან ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება მისი მოხერხვა საკმაოდ მარტივად.

საკვები მაგიდის ზედაპირის დაცვა

საკვებ მაგიდის ბეტონის ზედაპირი, საკვებნარევში არსებული სისლოსის სიმჟავის გამო, ზიანდება და მასზე ღრმულები ჩნდება. ამის გამო საკვების მიწევაც და შემდეგ ნარჩენების აღება რთულდება. ამის თავიდან ასაცილებლად საკვები მაგიდა გამყოფი ღობის/თეჯირის გასწვრივ მინიმუმ 90 სმ  სიგანეზე უნდა შეიღებოს ეპოქსიდის ან პოლიესტერის ფუძეზე დამზადებული  პოლიმერული საღებავით (სურათი 11). 

სურათი 11. საკვები მაგიდის ეპოქსიდის საღებავით შეღებილი ნაწილი

 

მერაბ ჩხარტიშვილი

133

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...

 

comments powered by Disqus