სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ივლისი

 

ივლისში რძის პროდუქტების კალათის ღირებულების წლიური პროცენტული ზრდა რეკორდული იყო ბოლო 11 თვეში და ის ყველზე სამომხმარებლო ფასების ძალიან სწრაფმა მატებამ განაპირობა.

რძის პროდუქტების ნაკრები რომელიც 2018 წლის ივლისში 102.5 ლარი ღირდა, ერთი წლის შემდგომ 107.2 ლარამდე გაძვირდა (+4.6%). წლიდან წლამდე გაძვირდა კალათაში შემავალი ათივე პროდუქტი, თუმცა ქართველ მომხმარებელს ივლისში ყველი ყველაზე მეტად გაუძვირდა. იმერულ ყველზე ფასების წლიურმა ნომინალურმა ზრდამ 11.1% შეადგინა, სულგუნზე კი 8.3%.

წელს ყველის ფასები ყოველთვის ასე გაზრდილი არ იყო: იანვარ-ივლისის საშუალო სამომხმარებლო ფასი, იმერულისთვის 6.5%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდისას, სულგუნისთვის კი - 1.3%-ით. ანალოგიური მაჩვენებლები პირველი ხუთ თვეში იმერულისთვის +4.8%-ია, სულგუნისთვის კი - -1.2%. ყველის სწრაფი გაძვირება წელს ივნისიდან დაიწყო.

ასეთი დიდი ცვლილება წინა წლის ივლისთან შედარებით შესაძლოა რამოდენიმე ძირეული ფაქტორით აიხსნას. ყოველი მათგანი მიწოდების მხარეს ეხება:

  • ნაადრევად დასრულებული წველის სეზონი ზოგიერთი მწარმოებელი აცხადებს რომ სეზონი წელს ადრე დამთავრდა ბალახის გახმობის გამო. შესაბამისად ნედლი მასალის მიწოდებაც ნაადრევად შემცირდა და ყველზე ფასების სეზონური ზრდა ადრე დაიწყო. მაშინ როცა შარშან ფასები კლების ფაზაში იყვნენ, წელს უკვე ზრდის ფაზაში არიან, ამან წლიდან წლამდე არსებული სხვაობა უფრო მეტად გაამწვავა.
  • გაძვირებული რძის ფხვნილი – მართალია რძის ფხვნილით წარმოებულ პროდუქტს არ შეიძლება ეწოდოს „ყველი“ (რაც თავის მხრივ ზღუდავს წარმოების მასშტაბს), მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ პროდუქტი გაუძვირდებოდათ კანონის დამრღვევებსაც. ვინც ფხვნილით ნაწარმოებ პროდუქტს მაინც „ყველად“ ყიდის, დიდ ზეწოლას განიცდის, რადგან რძის ფხვნილზე ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი.
  • დაბალი პროდუქტიულობა – დარგის ექსპერტები თანმხდებიან რომ საქართველოში ყველის უმეტესობა შინამეურნეობებში იწარმოება. ისინი თავის მხრივ დაბალი პროდუქტიულობით გამოირჩევიან, რაც პირდაპირ დაბალ შემოსავლებში აისახება. რადგან ქართული შინამეურნეობები წარმოების წრაფსა და ეფექტურ ზრდას ვერ ახერხებენ, ისღა დარჩენიათ რომ შემოსავლების მატებას ყველზე ფასის ზრდით მიაღწიონ. აქვე უნდა ითქვას რომ ეს წნეხი ახალი არაა და წლების განმავლობაში არსებობდა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ დაბალი შემოსავლიანობის პირობებში რთულია მწარმოებელმა შეინარჩუნოს ფასები სხვადასხვა სახის შოკის დროს.

ყველის წლიური გაძვირება, წარსულის გამოცდილება: გასულ წელს ყველის ფასები 11-10%-ით გაზრდილი იყო წლის დასაწყისში (წინა წელთან შედარებით), მაგრამ წლის ბოლოს საშუალოწლიურმა ნომინალურმა გაძვირებამ სულგუნისა და იმერული ყველებისთვის შესაბამისად, 1.9 და 2.7% შეადგინა.  გაზრდილი ფასები მთელი წლის განმავლობაში ვერ შენარჩუნდა - წლის დასაწყისში არსებული გაძვირება შემდგომში შემცირებული ფასებით დაკომპენსირდა.

რაც შეეხებათ სხვა პროდუქტებს, ივლისში, რძის პროდუქტების კალათაში შემავალი მესამე და მეოთხე (პროცენტულად) ყველაზე მეტად (წლიდან წლამდე) გაძვირებული პროდუქტები ქარხნული რძე (+7.9%) და ხაჭო (+5.9%) გახლდათ. ფასების ნომინალურმა წლიურმა ზრდამ დანარჩენი პროდუქტებისთვის საშუალოდ 2.9% შეადგინა.

ქარხნული რძისა და ფხვნილის გაძვირება შარშან პრაქტიკულად ერთდროულად დაიწყო

მომდევნო გრაფიკი გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა GDPI, ანუ რძის პროდუქტების კალათის ღირებულება საქართველოსთვის, რეალურ ჭრილში, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით (გამოქვითვით).

რეალურ ჭრილში, რძის პროდუქტების კალათა შარშანდელი ივლისის დონეზეა. პირველ შვიდ თვეში კალათის საშუალო ღირებულება გასული წლისას ჩამორჩება, 2017 წლისას კი აღემატება. ივნის-ივლისში კალათის რეალური ღირებულების ზრდა ძირითადად ყველზე ფასების ნაადრევმა მომატებამ განაპირობა.

რეალურ ჭრილში, რძის პროდუქტების კალათის ღირებულებაში ცალსახა ტრენდი არ არსებობს: წლების განმავლობაში ის არც შეუქცევადად ძვირდება და არც იაფდება. ეს გარკვეულ სტაბილურობაზე მიუთითებს, თუმცა პერიოდებს შორის მაინც შეინიშნება საგრძნობი ცვალებადობა. რძის პროდუქტების კალათის ღირებულება მეტნაკლებად სტაბილური იქნება საბოლოო მომხმარებლისთვის, მაშინ როცა მისი შემოსავლები ინფლაციის კვალდაკვალ იზრდება.

თუ მომხმარებლის ნომინალური შემოსავალი 2017 წლის ივლისის შემდგომ არ გაიზრდებოდა, 2019 წლის ივლისში ის დაახლოებით 9%-ით ნაკლები „რძის პროდუქტების კალათის“ შესყიდვას შეძლებდა. თუ მისი შემოსავლები ინფლაციის შესაბამისად გაიზრდებოდა, სხვაობა შესაძლო შესყიდულ რაოდენობაში 2.1%-მდე შემცირდებოდა. თუ ანალოგიურ შედარებას 2019/2018 წლების ივლისისთვის გავაკეთებთ, მომხმარებელი შეძლებდა იმავე რაოდენობის რძის პროდუქტის შეძენას მისი შემოსავლების ინფლაციის კვალდაკვალ ზრდის შემთხვევაში.

ასე რომ, რძის პროდუქტების ნაკრები (GDPI) წლიდან წლამდე ნომინალურ ზრდას აგრძელებს, მაგრამ რეალური გაძვირების ან გაიაფების ცალსახა ტენდენცია ბოლო წლებში არ გვაქვს. აღსანიშნავია რომ თავად კალათაში შემავალი ცალკეული პროდუქტების ღირებულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ყველა პროდუქტი საერთო კალათის ტენდენციებს არ იზიარებს. 

მაგალითად, მაწვნის რეალური ფასები წლებია მცირდება, რაც მის მწარმოებლებს არ უნდა მოსწონდეთ. მაწვნის ყოველი ერთეულის რეალიზაცია უფრო და უფრო ნაკლები სხვა სამომხმარებლო პროდუქტის ყიდვის საშუალებას იძლევა. ამიტომ, შესაძლოა რომ ნაკლებადპროდუქტიული მწარმოებლები ბაზარს ტოვებდნენ და მაწვნის მწარმოებელთა რიცხვი იკლებდეს.

სამომხმარებლო ფასების ნომინალური და რეალური ცვლილებები კონკრეტული რძის პროდუქტებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში.


მეთოდოლოგია

GDPI – Georgian Dairy Price Index

ინდექსის გასაანგარიშებლად დაითვლება რძის პროდუქტების კალათის ღირებულება.

კალათის საწყის ღირებულებად სიმარტივისთვის 2017 წლის პირველი თვისთვის აღებულია 100 ლარი, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

პროდუქტი

რძე, "გლეხის"

ქარხნული რძე

შესქ. რძე და რძის შემცველი პროდ.

მაწონი

იოგურტი

ნაყინი

ლარი

3*

8

2

10

2

14

პროდუქტი

მოუხდელი ყველი, იმერული

სულგუნი ყველი

ხაჭო

არაჟანი

კარაქი და სპრედი

 

ლარი

9

10

9

13

23

 

*2019 წლიდან საქსტატი აღარ აქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს

შემდგომ პერიოდებში კალათის ღირებულების ცვლილება ხდება სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით;

მაგ. დავუშვათ თუ საქსტატის ინდექსები გვეუბნება რომ 2017 წლის II თვეში I-თან შედარებით, ქარხნული რძე 100%-ით გაძვირდა და სხვა რძის პროდუქტზე ფასი არ შეცვლილა, მაშინ GDPI კალათის ღირებულება 2017 წლის II თვეში 108 ლარს გაუტოლდება.

შესაბამისად, GDPI გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა რძის პროდუქტების იმ კალათის ღირებულება, რომელიც 2017 წლის იანვარში 100 ლარი ღირდა

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის შედგენა (შეფასება თუ როგორ იხარჯება რძის პროდუქტზე დახარჯული თანხები) მოხდა საქართველოს იმპორტ-ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების ანალიზის შედეგად

რეალური ღირებულების მისაღებად, ვიყენებთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციას, ბაზით 2017-I

მონაცემთა წყაროები

სამომხმარებლო ფასების ინდექსებისაქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, “სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები წინა თვესთან შედარებით“

ინფლაცია საქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, „სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით“

GDPI ინდექსს ითვლის GeorgianDairy.org

 

 

84

 

მსგავსი

 

ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სა...

საქსტატის მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლების ტენდენციაა

 

2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის საქსტატის წინასწარი მონაცემებით,  მსხვილფ...