სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის სექტემბერი

 

საბოლოო მომხმარებლისთვის გაძვირება სექტემბერშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის ღირებულება წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიზარდა, თვიურ ჭრილში კი მეორე ყველაზე მაღალი ზრდა ვიხილეთ მინიმუმ ბოლო 3 წელიწადში. ნათელია რომ ფასების სწრაფი ზრდა ქართველი მომხმარებლის უცაბედი გამდიდრების (და მოთხოვნის ზრდის) შედეგი არ არის, ის მიწოდების ნეგატიური შოკების ბრალია.

რძის პროდუქტების ტიპიური ნაკრები, რომელსაც მომხმარებელი ერთი წლით ადრე 104.9 ლარად შეიძენდა, 2019 წლის სექტემბერში 111.86 ლარი ჯდებოდა. წლიდან წლამდე, რძის პროდუქტების კალათის 7.77 ლარიანი გაძვირებიდან 45% სულგუნსა და იმერულ ყველებზე მოდის.

ნომინალურ ჭრილში, შარშანდელ სექტემბერთან შედარებით, გაძვირებულია ყველა პროდუქტი. ყველაზე მეტად ფასებმა ყველზე მოიმატა (სულგუნზე +14.4% და იმერულზე +25.5%), ყველაზე ნაკლებად - ნაყინსა (+1.4%) და შესქელებულ რძეზე (+1.9%)

ინფლაციის გათვალისწინებით, რძის პროდუქტების ნაკრები, 2019 წლის სექტემბერშიც თითქმის იგივე ღირდა რაც წინა წლებში. ეს ნიშნავს რომ თუ მომხმარებლის შემოსავალი ინფლაციის ტემპების შესაბამისად გაიზარდა, მას იგივე რაოდენობის „რძის პროდუქტების კალათის“ შეძენა შეეძლო (ერთი და ორი წლის წინ). აღსანიშნავია რომ საქართველოში ინფლაციის ბოლოდროინდელი სწრაფი ზრდის პირობებში, ქართველი მომხმარებლის შემოსავალი ამ მაჩვენებელს მხარს (ხშირ შემთხვევაში) ვერ აუბამდა. დიდი ალბათობით, რიგი რძის პროდუქტების მოხმარება იკლებს.

ყველის მიწოდება ყველაზე მეტად შემცირდა. რეალურ ჭრილში ყველი, რომელიც რძის პროდუქტების ნაკრების წლიური ნომინალური გაძვირების მთავარი მამოძრავებელი გახლდათ, რეალურ ჭრილშიც საგრძნობლად გაძვირდა. სულგუნის წლიურმა რეალური ფასის ზრდამ 7.6%, იმერულისამ კი 18% შეადგინა. რეალურ ჭრილში კიდევ მხოლოდ სამი პროდუქტი: ქარხნული რძე (+2.9% წინა წელთან), ხაჭო (+2.8%) და არაჟანი (+0.8%) გაძვირდა.

რაც შეეხებათ რძის სხვა პროდუქტებს, სავარაუდოდ მომხმარებელმა არჩევანი უფრო ტრადიციულ პროდუქტზე გააკეთა და დანარჩენზე (შესქელებულ რძეზე, კარაქზე, იოგურტზე და ა.შ.) მოთხოვნა ხისტად შემცირდა. მათზე რეალური ფასების წლიური ვარდნაც სწორედ მოთხოვნის ვარდნას უნდა გამოეწვია[1].,

როგორც წინა სტატიებში ავღნიშნეთ, მიწოდების მხარის მთავარი პრობლემებია:

  • რძისა და მისი პროდუქტის მწარმოებელთა დიდი ნაწილის დაბალი პროდუქტიულობა და დაბალი შემოსავლიანობა
  • გვალვა რომელმაც წლევანდელი წველის სეზონი ადრე დაასრულა და მიწოდება ნაადრევად შეამცირა
  • ინფლაციური წნეხი - რომელიც აიძულებს გაზარდოს ფასი როგორც უშუალო მწარმოებელმა, ისე მიწოდების რგოლის სხვა სუბიექტმაც (მაგალითად მაღაზიამ)
  • ფხვნილის გაძვირება საერთაშორისო დონეზე, რაც საბოლოო ფასების ზრდისკენ უბიძგებს როგორც პატიოსან, ისე არაპატიოსან მწარმოებელს

სამომხმარებლო ფასების ნომინალური და რეალური ცვლილებები კონკრეტული რძის პროდუქტებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში:

 

 

[1] დღევანდელ პირობებში რთული წარმოსადგენია რომ ამ პროდუქტების რეალური წლიური გაიაფება მიწოდების დადებითი შოკით (მიწოდების ზრდით) იყოს განპირობებული.


მეთოდოლოგია

GDPI – Georgian Dairy Price Index

ინდექსის გასაანგარიშებლად დაითვლება რძის პროდუქტების კალათის ღირებულება.

კალათის საწყის ღირებულებად სიმარტივისთვის 2017 წლის პირველი თვისთვის აღებულია 100 ლარი, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

პროდუქტი

რძე, "გლეხის"

ქარხნული რძე

შესქ. რძე და რძის შემცველი პროდ.

მაწონი

იოგურტი

ნაყინი

ლარი

3*

8

2

10

2

14

პროდუქტი

მოუხდელი ყველი, იმერული

სულგუნი ყველი

ხაჭო

არაჟანი

კარაქი და სპრედი

 

ლარი

9

10

9

13

23

 

*2019 წლიდან საქსტატი აღარ აქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს

შემდგომ პერიოდებში კალათის ღირებულების ცვლილება ხდება სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით;

მაგ. დავუშვათ თუ საქსტატის ინდექსები გვეუბნება რომ 2017 წლის II თვეში I-თან შედარებით, ქარხნული რძე 100%-ით გაძვირდა და სხვა რძის პროდუქტზე ფასი არ შეცვლილა, მაშინ GDPI კალათის ღირებულება 2017 წლის II თვეში 108 ლარს გაუტოლდება.

შესაბამისად, GDPI გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა რძის პროდუქტების იმ კალათის ღირებულება, რომელიც 2017 წლის იანვარში 100 ლარი ღირდა

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის შედგენა (შეფასება თუ როგორ იხარჯება რძის პროდუქტზე დახარჯული თანხები) მოხდა საქართველოს იმპორტ-ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების ანალიზის შედეგად

რეალური ღირებულების მისაღებად, ვიყენებთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციას, ბაზით 2017-I

მონაცემთა წყაროები

სამომხმარებლო ფასების ინდექსებისაქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, “სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები წინა თვესთან შედარებით“

ინფლაცია საქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, „სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით“

GDPI ინდექსს ითვლის GeorgianDairy.org

166

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...