სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2020 წლის თებერვალი

 

რძის პროდუქტებზე ფასები რეკორდულად მაღალ დონეზე რჩება. მიზეზები უცვლელია: მაღალი ინფლაცია და პირველადი წარმოების ნაკლებობა.

რძის პროდუქტების კალათა რომელიც 2017 წლის დასაწყისში ქართველი საბოლოო მომხმარებლისთვის პირობითად 100 ლარი ღირდა, 2020 წლის თებერვალში 118 ლარამდე გახლდათ გაძვირებული. კალათის ღირებულების წლიურმა ზრდამ 9.2% შეადგინა, თუმცა ცალკეული, ძირითადად უფრო ტრადიციული, პროდუქტები ბევრად მეტად გახლავთ გაძვირებული.

პროცენტულად ფასები ყველაზე მეტად ყველზე გაიზარდა. წლევანდელ თებერვალში იმერული ყველი 29.7%-ით, სულგუნი კი 17.7 პროცენტით უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ერთი წლით ადრე; მესამე ადგილზე ხაჭოა 11.2%-ით.

რძის პროდუქტის გაძვირებების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია და ნედლი რძის დეფიციტია:

  • ინფლაცია - ფასების საერთო დონე იზრდება, შესაბამისად რძის პროდუქტების გამყიდველები ცდილობენ თავადაც გააძვირონ პროდუქცია რათა მიღებული შემოსავლებით იგივე რაოდენობის სხვა პროდუქტის ყიდვა შეძლონ
  • ნედლი რძის დეფიციტი - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს რძის წარმოება შემცირდა, რამაც დეფიციტი უფრო გაამწვავა და ნედლი რძე გააძვირა. ნედლი რძის რეალურ დეფიციტს ნათელს ჰფენს და ამწვავებს ფალსიფიკაციასთან ბრძოლაც, რომელიც მიჯნავს ნატურალურ პროდუქტებს სხვა პროდუქტებისაგან

სამომავლოდ ბევრი რამ იქნება საერთაშორისო ბაზარზე დამოკიდებული. როგორც წესი, მომდევნო თვეებში რძის პროდუქტი იაფდება ხოლმე, თუმცა წელს სიტუაცია ბუნდოვანია. კორონა ვირუსის გამო შექმნილი გაურკვევლობა ქვეყნებს შორის ვაჭრობას აფერხებს. საქართველო კი რძის პროდუქტების დეფიციტს იმპორტით ავსებს. თუ ეს იმპორტი შენელდა, დეფიციტი უფრო გაღრმავდება და ეს გაღრმავება როგორც ნედლი, ისე საბოლოო პროდუქტის ფასებზე აისახება.  

ამ ყველაფრის ნათელ მხარედ შეგვიძლია დავინახოთ ის რომ საქართველოს ახლა უფრო მეტად სჭირდება პროდუქტიული პირველადი მომწოდებლები: მიწოდება მყარ მოთხოვნას ვერ პასუხობს - ეს საინვესტიციო პოტენციალია.

 

რძის პროდუქტების დეტალური სამომხარებლო ინდექსები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში:


მეთოდოლოგია

GDPI – Georgian Dairy Price Index

ინდექსის გასაანგარიშებლად დაითვლება რძის პროდუქტების კალათის ღირებულება.

კალათის საწყის ღირებულებად სიმარტივისთვის 2017 წლის პირველი თვისთვის აღებულია 100 ლარი, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

პროდუქტი

ლარი

პროდუქტი

ლარი

რძე, "გლეხის"

3*

მოუხდელი ყველი, იმერული

9

ქარხნული რძე

8

სულგუნი ყველი

10

შესქ. რძე და რძის შემცველი პროდ.

2

ხაჭო

9

მაწონი

10

არაჟანი

13

იოგურტი

2

კარაქი და სპრედი

23

ნაყინი

14

 

 

*2019 წლიდან საქსტატი აღარ აქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის სამომხმარებლო ფასების ინდექსს

შემდგომ პერიოდებში კალათის ღირებულების ცვლილება ხდება სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით;

მაგ. დავუშვათ თუ საქსტატის ინდექსები გვეუბნება რომ 2017 წლის II თვეში I-თან შედარებით, ქარხნული რძე 100%-ით გაძვირდა და სხვა რძის პროდუქტზე ფასი არ შეცვლილა, მაშინ GDPI კალათის ღირებულება 2017 წლის II თვეში 108 ლარს გაუტოლდება.

შესაბამისად, ნომინალური GDPI გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა რძის პროდუქტების იმ კალათის ღირებულება, რომელიც 2017 წლის იანვარში 100 ლარი ღირდა

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათის შედგენა (შეფასება თუ როგორ იხარჯება რძის პროდუქტზე დახარჯული თანხები) მოხდა საქართველოს იმპორტ-ექსპორტისა და ადგილობრივი წარმოების მონაცემების ანალიზის შედეგად

რეალური ღირებულების მისაღებად, ვიყენებთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციას, ბაზით 2017-I

მონაცემთა წყაროები

სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები და ინფლაციასაქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia, “სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები წინა თვესთან შედარებით“;

GDPI ინდექსს ითვლის GeorgianDairy.org

421

 

მსგავსი

 

მშრალი ნივთიერების განსაზღვრის წესი მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

მეთოდი განკუთვნილია ნოტიო უხეშ საკვებში და მთლიან საკვე...

ნედლი რძის ფასები – გამოკითხვის შედეგები – 26-06-2020

 

შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმების ნედლი რძე წლიურ გაძვირებას აგრძელებს....