სასწავლო კურსი ისრაელში „მერძეულ მესაქონლობაში მართვის მეთოდების დანერგვა“ - ინტერვიუ მერაბ ჩხარტიშვილთან

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის წევრები, 18 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით  სასწავლო ტურის ფარგლებში ისრაელში იმყოფებოდნენ. სასწავლო კურსის თემა იყო „მერძეულ მესაქონლობაში მართვის მეთოდების დანერგვა“. ტრენინგი  ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო მაშავის ორგანიზებით ჩატარდა.

სასწავლო კურსის მიმდინარეობის და მიღებული გამოცდილების შესახებ, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ჩხარტიშვილი გვესაუბრა.

როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი რაც განაპირობებს ისრაელში მერძეული მესაქონლეობის განვითარების მაღალ დონეს?

მჭიდრო ურთიერთკავშირი პროფესიული სწავლება-კონსულტირების ცენტრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს და ფერმერებს შორის. მეორეს მხრივ ეს კარგად პროგნოზირებადი ბიზნესია ნედლ რძეზე ფიქსირებული შედარებით მაღალი ფასით, კვოტირების სისტემით, რაც მძაფრ კონკურენციას ბაზარზე გამორიცხავს. ისრაელის მერძევეობის სექტორში ერთის მხრივ კვოტირების სისტემის არსებობა და მეორეს მხრივ სუბსიდიების არარსებობა  ფერმერებს უბიძგებს მეტი მოგება 1 ლიტრ რძეზე მიიღონ და არა ერთ მეწველ ფურზე, რაც მათ აიძულებთ მაქსიმალურად გაზარდონ ფურის პროდუქტიულობა. ყველაფერ ამას ხელს უწყობს ასევე ძალიან შეღავათიანი პირობებით კრედიტების ხელმისაწვდომობა.

პროფესიული სწავლებისა და კონსულტირების სფეროში უმთავრეს როლს ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის ცენტრი - შაჰამი ასრულებს, რომლის მაღალხარისხიანი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია. თითქმის ყველა სხვა სახის მომსახურებას (მიმდინარე საოპერაციო საწარმოო საშუალებების მიწოდება, ვეტერინარული  და ა.შ) ფერმერები გაერთიანებებიდან იღებენ, რომლებიც ასოციაციების და კოოპერატივების სახით ფუნქციონირებენ. ზოგიერთი ეს გაერთიანება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე შეიქმნა. 

რამდენად დიდია ფერმერული გაერთიანებების როლი სექტორის წარმატებაში?

ძალიან დიდი, ყველა მნიშვნელოვან მომსახურებას და რესურსს მერძევე ფერმერები ფერმერული გაერთიანებებიდან იღებენ, რომლებშიც ბევრი ფერმერია გაერთიანებული. მაგალითად ისრაელში საქონლის ხელოვნური განაყოფიერებისთვის ადგილობრივად წარმოებულ სპერმას იყენებენ, რომელსაც მათ კომპანია „სიონი“ აწვდის, რომელიც მეცხოველეობის სანაშენე საქმეთა ასოციაციიის ქოლგის ქვეშ ფუნქციონიებს. ისრაელის ბაზის 95% სწორედ  ამ კომპანიის მიერ წარმოებულ და მოწოდებულ სპერმას უჭირავს.  გარდა ამისა, რიგი ფერმებისა საერთოდ არ აწარმოებს საკვებს და გაერთიანებულია კოოპერატივში რომელიც ახდენს მთლიანი საკვებნარევის და კონცენტრირებული საკვების წარმოებას და მიწოდებას ადგილზე. მსხვილ ფერმერთა 99%  და წვრილ ფერმერთა 85% ვეტერინარული მომსახურებას კოოპერატივ „ხაჩაკლაიტის“ -გან იღებს.

თუ გავითვალისწინებთ ისრაელის გამოცდილებას რა არის უპირველესი საკითხი რაც უნდა გამოსწორდეს საქართველოს მერძეულ მესაქონლეობაში?

პროფესიონალთა რჩევა-კონსულტირებაზე დაფუძნებული ცოდნა, სწორი მენეჯმენტი და მერძეული პირუტყვის გენეტიკის გაუმჯობესება.

რა ტიპის პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა მიიღეს ასოციაციის სპეციალისტებმა სასწავლო ტურის განმავლობაში?

თეორიული და პრაქტიკული სწავლება მერძეული მესაქონლეობათან დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხებზე ჩატარდა, მათ შორის ცხოველთა კვების პრინციპებზე და მეთოდებზე, ფერმების ავტომატიზაციაზე და საწველ სისტემებზე, ფერმის მართვის ეკონომიკურ საკითხებზე, ვეტერინარულ მომსახურებაზე, ძირითადი საკვების წარმოების აგრონომიულ საკითხებზე, ფერმის შენობების კონსტრუქციულ საკითხებზე, აღწარმოებაზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზე, გაიმართა შეხვედრები და ვიზიტები სხვადასხვა ფერმებში, ფერმერულ ასოციაციებთან და კოოპერატივებთან, ამ სფეროში მომქმედ სხვადასხვა კომპანიებთან.

თუ მიიღეთ ებრაელი სპეციალისტებისგან რეკომენდაციები ქართველი ფერმერებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე?

რეკომენდაციებში ითქვა, რომ პირდაპირი გადმოტანა ისრაელის მერძეული საქონლის მოვლა-შენახვის მოდელის არაა გამართლებული, ისრაელისგან განსხვავებით ჩვენს ფერმერებს ბევრი უპირატესობა გააჩნია, საქრთველოში არ არსებობს კვოტირების სისტემა, არ არის ფიქსირებული ფასები ნედლ რძეზე, უკეთესი კლიმატია ცხოველის საკვების საწარმოებლად, ამიტომ ადგილობრივი პირობების გათვალისწინება და გამოყენებაც აუცილებელია.

იგეგმება თუ არა ასოციაციის მიერ ებრაელი სპეციალისტების მოწვევა საქართველოში?

ასოციაცია გეგმავს საქართველოში ისრაელის საელჩოს დახმარებით ითანამშრომლოს საქართველოში  CINADCO - ისრაელის სოფლის მურნობის განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრთან, მერძვეობის დარგის სპეციალისტების მოსაწვევად ადგილობრივი ფერმერების სწავლება-კონსულტირების მიზნით.

მასალის გამოყენების პირობები

 

101

 

მსგავსი

 

ისრაელის მერძევეობის დარგის თავისებურებები და წარმატების საიდუმლო

სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიუხედავად ისრაელმა  შეძლო და მსოფლი...

ტრენინგი მერძევე მესაქონლეებისთვის და სარძეო ფერმის სპეციალისტებისათვის

2018 წლის 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში...

 

comments powered by Disqus