საწველი სისტემები და მათი შერჩევა

საწველი ცენტრი არ არის მხოლოდ ადგილი სადაც ძროხები იწველება, ფაქტიურად ის სარძეო ფერმის მენეჯმენტის უმთავრესი ჰაბია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფერმის მენეჯმენტის განხორციელებაში. ის მთლიანად სარძეო ფერმის ინტეგრირებული ნაწილია, სადაც ხდება მენეჯმეტნისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება ძროხებზე ვიზუალური დაკვირვებით ან სპეციალურ მოწყობილობების მეშვეობით, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს განახორციელოს ფერმის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები და უზრუნველყოს გარემო ცხოველის კეთილდღეობისთვის.  აქ შესაძლებელია საჭიროების მიხედვით ძროხების გადაჯგუფება-დახარისხება და განცალკევება წველამდე ან მის შემდგომ  ვეტერინარული მანიპულაციების ან სხვა სახის ღონისძიებების განსახორციელებლად.

საწველ ცენტრთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთული და მრავლისმომცველი საკითხია, ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს საწველი სისტემის რომელი ტიპი შეარჩიოს,  გადაწყვიტოს  რა ზომის (რამდენ საწველაპარატიანი) დანადგარი სჭირდება, როგორი იქნება საწველი დარბაზის დიზაინი,  განლაგება დაა.შ.

საწველი ცენტრის ელემენტები

თავად ცენტრი შედგება საწველი დარბაზისგან იქ დამონტაჟებული საწველი დანადგარით, სადაც უშუალოდ ხდება წველა, წველისწინ მოსაცდელი დარბაზისგან, დამხმარე მოწყობილობებისთვის გამოყოფილი სივრცისგან, სათავსოსგან, სადაც განლაგებულია რძის შესანახი ავზი (როგორც წესი გაცივების ფუნქციით) და პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახისგან. ამ სტატიაში ძირითადად შევეხებით  არა მთლიანად საწველ ცენტრს და დარბაზს, არამედ საწველი სისტემებს, მათ ტიპებს, მათ შორის განსხვავებას და რჩევებს მათ შესარჩევად.

სურათი 1. საწველი დარბაზის ორმო

საწველი სისტემის უპირატესობა ხელით წველასთან შედარებით

შრომის მწარმოებლურობის ზრდა

დღევანდელი ტექნოლოგიები და ავტომატიზაცია შესაძლებლობას იძლევა ერთმა ადამიანმა სრულად ავტომატიზირებულ დიდ საწველ დარბაზში საათში 130 ძროხამდე მოწველოს. ეს შრომის მწარმოებლურობის ანუ მუშახელის ეფექტური გამოყენების  მაქსიმალურად გაზრდის  შესაძლებლობას იძლევა.

ხარისხიანი რძე

როგორადაც სუფთად არ უნდა გვქონდეს  საქონლის სადგომი და ვიცავდეთ საქონლის შენახვისა და წველის დროს ჰიგიენის და სანიტარულ ნორმებს, სარძეო ფერმის გარემოში ყოველთვის არსებობს ცხოველის ბეწვი, თმა, მტვრის, ტალახისა და ნაკელის ნაწილაკები, მიკროორგანიზმები, რომელთა რძეში მოხვედრის ალბათობა დიდია თუ წველა არ ხდება დახურულ გარემოში გარემომცველ ჰაერთან შეხების გარეშე. და ასევე სუნი, რომელიც, როგორც არ უნდა ვუვლიდეთ  საქონელს და მის სადგომს, ყოველთვის არსებობს. რძე ისეთი სუბსტანციაა ასეთ სუნს სწრაფად იჭერს და საბოლოოდ ვიღებთ ე.წ. „ძროხის გემოს, ფერისა და სუნის“ მქონე რძეს. ასეთი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები მას სასაქონლო სახეს უკარგავს. ძალიან რთულია ასევე ნორმაში შევინარჩუნოთ რძის მიკრობიოლოგიური დაბინძურების მაჩვენებლები, რის გამოც რძე სწრაფად მჟავდება. საწველი სისტემიდან გამაცივებელ ავზში რძის სწრაფი გადადინება და  გაცივება კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია, რაც  უზრუნველყოფს მაღალი რძის ხარისხის მიღებას, ხელით წველისგან განსხვავებით.

შრომის უსაფრთხოება

ხელით წველა არა მარტო საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი პროცესია, არამედ საკმაოდ რისკიანიც. ზოგიერთ აგრესიულ ძროხას სჩვევია წიხლის გაკვრა, ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მანქანურ წველას თავისი უპირატესობა გააჩნია. საწველ სისტემაში წველა კომფორტულია როგორც ადამიანებისთვის, ასევე ძროხებისთვის.

რეცხვის სიმარტივე

საწველ სისტემებს გააჩნიათ ავტომატური რეცხვის ფუნქცია (CIP), რომლითაც ნახირის ყოველი წველის დასრულების შემდგომ დანადგარის რეცხვა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება ტუტე სარეცხი საშუალებით, ხოლო კვირაში ერთხელ მჟავა სარეცხი საშუალებებით, რომელიც აშორებს დანადგარის შიგა კედლებზე მყარად მიკრულ ნადებებს.

 

განმსაზღვრელი ფაქტორები საწველი სისტემის შერჩევისას

საწველი სისტემის შერჩევისას, ჩვენი საჭიროებისა და ფინასური შესაძლებლობების მიხედვით, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება დაგვჭირდება:

  • რა ტიპის სისტემა შევარჩიოთ,
  • რა ზომის,
  • ფუნქციების მიხედვით რა კომპლექტაციის იქნება ანუ მისი ავტომატიზაციის დონე. 

 

საწველი სისტემების ტიპები

ბაზარზე სხვადასხვა ტიპის საწველი სისტემებია წარმოდგენილი. თითოეულ ტიპს საკუთარი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია. არსებობს შემდეგი ტიპის საწველი სისტემები:

  • ნაძვისებური საწველი სისტემა
  • პარალელური (ანუ სწაფი გამოსვლის) საწველი სისტემა
  • ინდივიდუალური (ტანდემური, გვერდითი გაღების) საწველი სისტემა
  • როტარული ანუ კარუსელის ტიპის საწველი სისტემა
  • ზემოთ ჩამოკიდებული საწველის სისტემა
  • რობოტი ანუ ავტომატიზირებული საწველი სისტემა (AMS)
  • მილოვანი საწველი სისტემა

ნაძვისებური საწველი სისტემა

ნაძვისებური ტიპის საწველი სისტემა ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპია საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში და ძირითადად გამოიყენება შედარებით მცირე და საშუალო სულადობის მქონე ფერმებში. მისი მთავარი უპირატესობაა მინიმალური ავტომატიზაციით მუშაობის შესაძლებლებლობა იმავდროულად ნახირის წველის ოპტიმალური სისწრაფის მიღწევით და ნაკლები ფართობის საწველი დარბაზის საჭიროება (სიგანის ხარჯზე) სხვა სისტემებთან შედარებით, რაც საწველ დარბაზზე გაწეული თავდაპირველი ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

ძროხები ასეთ სისტემაში, მისი სხვადასხვა დიზაინის მიხედვით, საწველი დარბაზის ორმოს გასწვრივ, მის მიმართ 30 გრადუსიდან 50 გრადუსამდე ცერად დგანან უკანა ნაწილით მწველავისკენ, რაც მწველავს ცურთან სხვადასხვა მხრიდან წვდომის საშუალებას აძლევს. თუმცა რადგან ძროხა მწველავის მიმართ ცერად დგას, ცური მოშორებულია მწველავისგან და უკანა ფეხები ნაწილობრივ ფარავს მას, რის გამოც მისი მხედველობის არე ნაკლებია და მწველავ-ოპერატორისთვის  მუშაობა შედარებით მოუხერხებელია. 

                                                                      

სურათი 2. ნაძვისებურ საწველ სისტემაში ძროხების დგომისა და მოძრაობის სქემა

ასეთი ტიპის საწველ სისტემაში ძროხები დიდ ადგილს იკავებენ ორმოს გასწვრივ საწველ პლატფორმაზე და ერთ მხარეს 12 ერთეულზე მეტი აპარატის შემთხვევაში, ორმოს სიგრძე იმდენად იზრდება, რომ მწველავ ოპერატორებს დიდ მანძილზე გადაადგილება უწევთ და უჭირთ გაუმკლავდნენ ამოცანას, სათანადოდ ადევნონ თვალყური ყველა საწველ აპარატს და ძროხას. ამიტომ, ამაზე მეტი აპარატის შემთხვევაში უფრო რეკომენდებულია პარალელური ან სხვა ტიპის სისტემა.

ამ სისტემის ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ წველის სესიის დასრულების შემდგომ ძროხების ჯგუფის დარბაზიდან გამოსვლაში დიდი დრო იკარგება, რადგან ისინი მიმდევრობით, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან. თუმცა არსებობს ისეთი ვარიანტებიც, სადაც ძროხების წინ შემაკავებელი ბარიერი იღება და ძროხები სწრაფად გამოდიან, როგორც პარალელური ტიპის სისტემის შემთხვევაში.

მისი ნაკლოვანებაა უსაფრთოებაც, რადგან არსებობს ძროხის მიერ წიხლით ოპერატორის დაზიანების რისკი.

სურათი 3. ნაძვისებული საწველი სისტემა

პარალელური (ანუ სწაფი გამოსვლის) საწველი სისტემა

როგორც სახელწოდება გვეუბნება, ასეთ სისტემაში ძროხები საწველ პლატფორმაზე მწკვრივში განივად, ერთმანეთის პარალელურად, დგანან. ამიტომ ცურთან წვდომის შესაძლებლობა მწველავს მხოლოდ ძროხის უკნიდან, უკანა ფეხებს შორის აქვს. ეს ერთის მხრივ  მოუხერხებელია მწველავ-ოპერატორისთვის კლასტერების ცურთითებზე (განსაკუთრებით ცურის  წინა მეოთხედებზე) მისაერთებლად, მაგრამ მეორეს მხრივ, ცური უფრო ახლოსაა მწველავთან, რაც მას წველასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურების განხორციელებას უიოლებს.

                                                                    

სურათი 4. პარალელურ საწველ სისტემაში ძროხების დგომისა და მოძრაობის სქემა

ასეთ სისტემაში წველა არ იწყება სანამ ყველა ძროხა არ დადგება თავის საწველ ადგილას. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ძროხები წველის დასრულების შემდეგ საწველი სისტემიდან სწრაფად პირდაპირ გამოდიან, რადგან საწველი პლატფორმის ზღუდე (ბარიერი) ყველა ძროხისთვის ერთდროულად იღება, რაც ამცირებს  გამოსვლის დროს.

               

სურათი 5. პარალელური საწველი სისტემიდან ძროხების გამოსვლის პროცესი ბარიერის გახსნის (აწევის) შემდეგ

იმის გამო, რომ ძროხები საწველ პლატფორმაზე უფრო მჭიდროდ დგანან ერთმანეთთან, ორმო უფრო მოკლეა. შედეგად ოპერატორს ნაკლები გადაადგილება უწევს, რაც მის შრომას უფრო ეფექტიანს ხდის და ერთდროულად მეტი ძროხის მოწველის შესაძლებელობას აძლევს, რაც ამ სისტემის უპირატესობაა.

       

სურათი 6. პარალელურ სისტემაში ძროხების შესვლის პროცესი. სპეციალური მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ ყოველმა ძროხამ შესვლისას მხოლოდ საწველ პლატფორმაზე რიგში ბოლოს მდგომი ძროხის გვერდით შეუძლონ დადგომა.

უსაფრთოების მხრივ აქაც არსებობს რისკი ძროხის მიერ წიხლით ოპერატორის დაზიანების სახით.

სურათი 7. პარალელური საწველი სისტემაში ორმოს მიმართ გრძივად 90 გრადუსით  მდგომი ძროხები.

ინდივიდუალური (ტანდემური, გვერდითი გაღების) საწველი სისტემა

ასეთ საწველ სისტემაში ძროხები წველისას საწველი ორმოს გასწვრივ გრძივად, ტანდემში, ანუ ცხვირით წინა ძროხის კუდისკენ, დგანან. ეს მწველავს ცურთან გვერდიდან მიდგომის საშუალებას აძლევს, რის გამოც ცურის ხედვის არეალი უფრო დიდია და უფრო ახლოსაა მწველავ-ოპერატორთან. შედეგად სისტემა უფრო მოსახერხებელია წველის პროცედურების განსახორციელებლად.

ძროხები ყოველ ცალკეულ საწველ პლატფორმაში ინდივიდუალურად შედიან უკანა გერდითი კარებიდან და წველის დასრულებისთანავე გამოდიან წინა გვერდითი კარებიდან, რაც ნიშნავს, რომ გამოსასვლელად  ცდა არ უწევთ, სანამ სხვა ძროხები წველას დაასრულებს, როგორც პარალელურ ან ნაძვისებურ სისტემებში. ეს ამცირებს მთლიანად ნახირის წველის დროს და განსაკუთრებით აქტუალურია თუ ნახირი დაყოფილი არაა მაღალპროდუქტიულ და დაბალპროდუქტიულ ტექნოლოგიურ ჯგუფებად და ამ ჯგუფების წველა ცალ-ცალკე არ ხდება, რასაც მცირე სულადობის ფერმებში ხშირად აქვს ადგილი. ერთ აპარატზე გადაანგარიშებით ინდივიდალური-ტანდემის სისტემა ყველა სხვა სისტემაზე სწრაფია.

                                                                              

სურათი 8. ინდივიდუალურ (ტანდემურ) საწველ სისტემაში ძროხების დგომისა და მოძრაობის სქემა

მაგრამ ამ სისტემას აქვს შეზღუდვა. ის ბევრი საწველი აპარატის დადგმის საშუალებას არ იძლევა, რადგან საწველ პლატმორმაზე ორმოს გასწვრივ ძროხების გრძივად დგომის გამო ისინი დიდ ადგილს იკავებენ და ორმოს სიგრძე ძალიან იზრდება. ამიტომ მას ძირითადად შედარებით მცირე ფერმებში იყენებენ.  

ძროხის მიერ მწველავის დაზიანების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ ყველა სხვა სისტემებთან შედარებით უფრო უსაფრთხოა. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი ავტომატიზაციის გარეშე მისი ყიდვა არ გამოვა, რადგან თუ თვითოეული საწველი ადგილის კარების გაღება და დახურვა ავტომატურად არ ხდება, მოგიწევთ ხელით ამის გაკეთება ყოველი ძროხის შესვლის და გამოსვლის დროს. ეს მითუმეტეს რთული იქნება თუ  კლასტერის (ცურის მეოთხედებზე მისამაგრი ჭიქების ნაკრები მილებით) მოხსნა ცურიდან წველის დასრულების შემდგომ ავტომატურად არ ხდება. შესაბამისად ეს სისტემის თავდაპირველ ღირებულებას აძვირებს.

სურათი 9. ინდივიდუალური/ტანდემის საწველი სისტემა


სურათი 10. საწველი აპარატის კლასტერი

როტარული ანუ კარუსელის ტიპის საწველი სისტემა

როტარული, ანუ როგორც ხშირად უწოდებენ კარუსელის ტიპის საწველი სისტემა ეს წრეზე ნელა მბრუნავი საწველი პლატფორმებია.  მასში ძროხები რიგრიგობით შედიან და  წველის დასრულების შემდგომ გამოდიან ერთ ან ორ წრეზე (თუ რომელიმე ძროხისთვის ერთ წრეზე შემობრუნების დრო წველის დასრულებისთვის საკმარისი არაა) შემობრუნებისას. ასეთ სისტემაში მწველავი ოპერატორი ერთ ადგილას დგას და ელოდება სანამ მბრუნავ პლატფორმაზე ძროხა მას არ მიუახლოვდება, რომ განახორციელოს წველასთან დაკავშირებული პროცებურები ან მიამაგროს საწველი აპარატი. ასეთ სისტემაში ერთი მწველავ ოპარატორით მუშაობა ვერ მოხერხდება, რადგან ის ვერ მოასწრებს ერთდროულად წველისწინა პროცურებიც განახორციელოს და კლასტერიც მიამაგროს ცურზე.

სურათი 11. როტარულ საწველ სისტემაში (კარუსელში) ძროხების დგომისა და მოძრაობის სქემა

ასეთ სისტემას ძირითადად ისეთ ფერმებში იყენებენ სადაც მეწველი ფურების სულადობა 250 სულს აჭარბებს. ზომები მერყეობს 40-დან 100 ერთეულ საწველ ადგილამდე. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ოპერატორებს შეუძლია ბევრ ძროხას მოემსახურონ  და ერთ ძროხაზე გაანგარიშებით წველის სისწრაფე დიდია.

სიძვირესთან ერთად მისი ნაკლოვანებაა მომსახურების სირთულე და მისთვის საჭირო დიდი შენობა.

ზემოთ ჩამოკიდებული საწველის სისტემა

ჩამოკიდებული საწველის სისტემა საწველი დარბაზის სისტემის  ყველაზე მარტივი და იაფი  ალტერნატივაა. ასეთ დარბაზში რძის ერთი სადინარი მილი ორმოს თავზე შუაში,  მის გასვრივ გადის და არა ორმოს ორივე მხარეს,  როგორც სხვა საწველი სისტემების შემთხვევაში. მილს მიერთებული აქვს საწველი კლასტერები, რომლებიც ჩამოკიდებულია დარბაზის ორმოს თავზე. ასეთ სისტემაში საწველ კლასტერს მწველავები  ჯერ ერთ მხარეს მდგომ ძროხებს ამაგრებენ ცურზე, ხოლო მათი წველის დასრულების შემდგომ მის საპირისპიროდ მდგომ ძროხებს.

სურათი 13. ზემოთ დაკიდებულ საწველი სისტემის სქემა

ძროხები ასეთ სისტემაში უმეტესად ორმოს განივად 90 გრადუსით დგანან. შესაძლებელია იყოს მეორე ვარიანტიც - 70 გრადუსით ცერად დამდგარი, რაც მწველავს ცურის არა მარტო უკნიდან, არამედ გვერდიდან დანახვის საშუალებასაც აძლევს. კლასტერი ცურებზე, როგორც წესი,  უკანა ფეხებს შორის მიდგომით უერთდება.

ასეთი სისტემის ნაკლოვანება ნახირის წველის დროის გაზრდილი ხანგძლივობაა და ვიწრო ორმო, რაც არაკომფორტულია ოპერატორებისთვის. ორმოს შუაში ჩამოკიდებული საწველი კლასტერებიც ასევე აფერხებენ მწველავების გადაადგილებასა და მუშაობას.

სურათი 14. ზემოთ ჩამოკიდებულ საწველ სისტემაში ძროხების დგომისა და მოძრაობის სქემა

რობოტი ანუ ავტომატური საწველი სისტემა (AMS)

ასეთ სისტემაში ძროხა ერთაპარატიან საწველ დანადგარში ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად თავისი ნებით შედის მოსაწველად რამდენჯერაც სურს (სტატისტიკურად ერთ ძროხაზე საშუალოდ 2.5 საწველად შესვლა მოდის) და ნახირის წველის პროცესი თითქმის მთელი დღე-ღამე მიმდინარეობს.

ერთ რობოტს შეუძლია მოემსახუროს 60-70-მდე ძროხას. თუმცა ფირმა „დელავალმა“ ბოლო დროს გამოუშვა ახალი თაობის რობოტები, რომელთაც დღე-ღამის განმავლობაში გაცილებით მეტი ძროხის მომსახურებაც შეუძლიათ. ასეთი სისტემის გამოყენებისას ხელით შრომა პრაქტიკულად მიმიმუმამდეა დაყვანილი და წველასათან დაკავშირებული ყველა ოპერაცია (წინანსწარი ჩამოყველა, ცურის გამორეცხვა, გამშრალება (ჰაერის ჭავლით), ხსნარით წველისწინა დამუშავება) ავტომატურად ხდება.

რობოტი ძვირადღირებული სისტემაა და ძირითადად იმ ფერმებში გამოიყენება, სადაც მუშახელის ნაკლებობაა ან ძალიან ძვირია.

სურათი 15. საწველი რობოტი

მილოვანი საწველი სისტემა

ყველა ზემოთხსენებული საწველი სისტემა ეხება დაუბმელი შენახვის მქონე სარძეო მეურნეობებს, სადაც საწველი დარბაზი საქონლის თავშესაფარიდან გამოცალკევებულია. დაბმულ ბაგურ სისტემაში მათი გამოყენება სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ყოველი წველის წინ დაბმული საქონელი უნდა აიხსნას და წველის დასრულების შემდგომ ისევ დაიბას. ფერმაში საქონლის შენახვის დაბმული მეთოდის გამოყენებისას ყველაზე პრაქტიკულ ალტერნატივად მილოვანი საწველი სისტემა შეიძლება ჩაითვალოს.

მილოვანი სისტემა ყველაზე მარტივი და იაფფასიანი ალტერნატივაა, რომლითაც წველა არა ცალკე დარბაზში არამედ უშუალოდ საქონლის სადგომში საწოლ ბაგასთან ხდება. რძის სადინარი მილი  ძროხების  თავს ზემოთ ბაგების რიგის გასწვრივ გადის. მილს რიგ-რიგობით მარტივად უერთდება რამდენიმე საწველი კლასტერი იმ ბაგის თავზე სადაც მყოფი ძროხის მოწველის ჯერია და ჭიქები წამოეცმება ძროხებს ცურის მეოთხედებზე. მოწველის შემდეგ კლასტერები ასევე მარტივად იხსნება და სხვა ადგილას უერთდება მილს. მოწველილი რძე საერთო მილით ნასოსის მეშვეობით გადაედინება რძის ავზში. ასეთი საწველები თითქმის ყოველგვარი ავტომატიზაციის გარეშეა, მწველავ-ოპეარატორს მეტი შრომა უწევს  და სხვა სისტემებთან შედარებით წველა გაცილებით უფრო დიდხანს გრძელდება. ჰიგიენის ნორმების დაცვაც ვერ ხერხდება იმ დონეზე, როგორც სახვა სისტემებში, რადგან წველა უშუალოდ სადგომში ხდება.

სურათი 16. მილოვანი საწველი სისტემა

 

საწველი სისტემების ზომები

საწველი სისტემის ზომა ეს მასში შემავალი საწველი აპარატების რაოდენობაა, სხვანაირად  ძროხების ის რაოდენობა რამდენიც იწველება ერთდროულად. ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია ნახირის მთლიანი და ერთ ტექნოლოგიურ ჯგუფში შემავალი ძროხების სულადობა და სისტემის თავდაპირველი ღირებულება. უნდა შევარჩიოთ ისეთი ზომის საწველი სისტემა, რომ მან უზრუნველყოს ნახირის მოწველის ოპტიმალური დრო და იმავდროულად მასზე გაწეულმა ინვესტიციამ, რომელიც სისტემის ზომის პროპორციულად იზრდება, არ შეამციროს მეურნეობის რენტაბელობის მაჩვენებელი.    

როგორც წესი, საწველი აპარატები, ინდივიდუალური, დაკიდებული, ნაძვისებური და პარალელური ტიპების საწველ სისტემებში, საწველი დარბაზის ორმოს გასწვრივ ორივე მხარესაა განლაგებული, ამიტომ ასეთი სისტემის ზომის მითითებისას ამბობენ ამდაგვარად, მაგალითად: ორი სამზე, (რაც ნიშნავს რომ სისტემაში 6 ერთეული საწველი აპარატია, სამ-სამი განლაგებული ორმოს ორივე მხარეს) ორი ოთხზე, ორი ხუთზე და ა.შ. იშვიათად გვხდება ორმოს მხოლოდ ერთ მხარეს განლაგებული აპარატებიც, რაც ნაკლებად ეფექტიანია.

ნახირის სულადობასთან მიმართებაში საწველი სისტემის ზომის განსაზღვრა დაკავშირებული უნდა იყოს როგორც ნახირის ამჟამინდელ, ასევე დაგეგმილ გაზრდილ სულადობასთანაც. თუ თქვენ მკაფიოდ გაქვთ ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმები ფერმის სულადობის გაზრდაზე, ეს უნდა წინასწარ გაითვალისწინოთ და მომავალ საჭიროებაზე გათვლა თავიდანვე გააკეთოთ, რათა შემდგომ საწველი დარბაზის გაფართოვება-გადაკეთება სირთულეებთან და დიდ ხარჯებთან არ იყოს დაკავშირებული. მოგვიანებით თქვენ რომ შეძლოთ  სისტემის ზომის გაზრდა, ანუ დაამატოთ მასში საწველი ადგილები,  თავიდანვე  უზრუნველყავით,  როგორც თავად საწველი დარბაზის შენობა, ასევე საწველი სისტემის ორმო თავისი ძროხის სადგომი პლატფორმით და წველისწინა მოსაცდელი დარბაზი მომავალი გაფართოების  შესაძლებლობას იძლეოდეს.

საწველ სისტემებში თითოეულ აპარატზე შესაძლებელია საათში 4-დან 5 ძროხამდე მოიწველოს, იმისდამიხედვით: რა ტიპისაა სისტემა, რა დონის ავტომატიზაცია გააჩნია, მწველავი ოპერატორების პროფესინალიზმი, დღეში რამდენჯერ ხდება წველა, რამდენად სრულად ტარდება წველის პროცედურა (რომელშიც უშუალოდ წველასთან ერთად იგულისხმება: წველის წინა ცურის დამუშავება სპეციალური ხსნარით, წინაწარი ჩამოწველა, ცურის გამოსუფთავება და გამშრალება და შესაძლებელია მოიცავდეს ცურის წველისშემდგომი ხსნარით დამუშავებასაც).  თქვენი მიზნობრივი მაჩვენელი უნდა იყოს ის, რომ ფერმაში ნახირის წველის პროცესი დღეში ჯამში არ გაგრძელდეს 3 საათზე მეტხანს, ანუ  ერთ წველაზე მოწველის დრო არ აჭარბებდეს 1.5 საათს ორჯერადი წველის შემთხვევაში ან 1 საათს სამჯერადი მოწველის შემთხვევაში. ამ მაჩვენელის მისაღწევად, შედარებით მცირე სულადობის მეურნების შემთხვევაში (100 სულზე ნაკლები) იანგარიშეთ 6-7 ძროხაზე ერთი საწველი აპარატი (მაგალითად: 70 ძროხა - 10 ერთეული საწველი აპარატიანი სისტემა, 100 სული - 14/16 ერთეული და ა.შ) და უფრო დიდი სულადობის შემთხვევაში 7-9 ძროხაზე ერთი საწველი აპარატი.

კარუსელის ტიპის საწველი სისტემა ათ წუთში ერთ ბრუნს ე.ი. ერთ საათში ექვს ბრუნს აკეთებს. შესაბამისად მისი ზომის გამოსათვლელად ნახირის სულადობა ექვსზე უნდა გავყოთ. მაგალითად 300-400 სულიან ფერმას 40-60 ადგილიანი კარუსელი დასჭირდება.

ეკონომიკური მხარე

რა თქმა უნდა ყველა ფერმერს სურს ნახირის წველაზე რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოს და ეს საწველი დარბაზის ზომის გაზრდით სრულიად შესაძლებელია, მაგრამ საწველი სისტემის ზომის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკური მხარეც. ნახირის ზომასთან შედარებით არაადექვატურად დიდი საწველი დარბაზი და შესაბამისად მასზე გაწეული ჭარბი ინვესტიცია ფერმის რენტაბელობას შეამცირებს.    

ამიტომ მარტივად გათვალეთ, თუ საწველ დარბაზზე გასაწევი ინვესტიციის მოცულობა 5-ჯერ და მეტჯერ აჭარბებს წელიწადში თქვენს რძის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს, ასეთი ინვესტიცია გადაჭარბებულია და შესასყიდი სისტემის ზომა და/ან მისი ავტომატიზაციის დონე უნდა შეამციროთ. 

მწველავი ოპერატორის რაოდენობა

წველის სრული პროცედურების განხორციელების შემთხვევაში 14 აპარატიან ავტომატიზირებულ საწველ სისტემას მხოლოდ ერთი მწველავი ოპერატორი შეიძლება მოემსახუროს. ამის შემდგომ ოპერატორის დამატება გახდება საჭირო. ზოგადად  საწველ სისტემასთან დაკავშირებული მუშახელის - მწველავ ოპერატორების დამატება უმნიშვნელოდ ამცირებს მთელი ნახირის წველაზე დახარჯულ დროს, ამიტომ საწველის ზომა უმჯობესია ისეთი იყოს, რომ ერთმა მწველავ ოპერატორმა შეძლოს გამკლავება. ეს უფრო მომგებიანია.

 

საწველი სისტემის მექანიზაცია ანუ ავტომატიზაციის ფუნქციები

საწველი სისტემა შესაძლებელია სხადასხვა სახის  დამატებითი ფუნქციებით იყოს აღჭურვილი, როგორებიცაა: ავტომატური მოსახსნელი კლასტერი, ავტომატური შესასვლელი და გასასვლელი კარები, მონაწველის ინდივიდუალური ელექტრონული მრიცხველი, კლასტერის წყლის ჭავლით რეცხვის სისტემა, ავტომატური საკვებურა, კლასტერის საკიდარი, ძროხის იდენტიფიკატორი, რომელიც თითოეული ძროხის მონაწველის შესახებ მონაცემების კომპიუტერულ პროგრამაში გადაგზავნის საშუალებას იძლევა და ა.შ. საჭირო ავტომატიზაციის დონე მუშახელის ღირებულებამ უნდა გიკარნახოთ, რათა შერჩეული სპეციფიკაცია, რომლის ფუნქციონალურ დატვირვასთან ერთად საწველი სისტემის ფასი მკვეთრად იზრდება, ოპტიმალური იყოს.

ავტომატიზაციიდან უპირველესი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა, ეს ავტომატურად მოსახსნელი კლასტერია  რომელიც წველის დასრულების შემდგომ თავად ეხსნება ცურს.  დღეს საწველი სისტემები უმეტეს შემთხვევაში ავტომატურად მოსახსნელი კლასტერით  გამოდის, მაგრამ მცირე ზომის საწველი სისტემის შესყიდვის შემთხვევაში ფერმერები ხშირად ეკონომიის მიზნით დანადგარს მის  გარეშე უკვეთავენ. არ ღირს ამაში ფულის დაზოგვა, რადგან მისი დამონტაჟებით, მწველავისთვის სამუშაოს შემსუბუქების გარდა, დაზღვეული იქნებით ფურის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისგან, პირველ რიგში მასტიტისგან, რაც შესაძლებელი ძროხის მიერ რძის გაცემის დასრულების შემდგომ მისმა ზედმეტმა წველამ გამოიწვიოს.

ამასთან, თუ საწველი სისტემა ავტომატური მოხსნის კლასტერის საკიდარით არაა აღჭურვილი, კლასტერის ჭიქები მოწველის შემდგომ იატაკზე ეცემა, რაც მისი დაბინძურების და ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენს.

ავტომატური შესასვლელი და გასასვლელი კარები საშუალებას მისცემს ოპერატორს არ ამოვიდეს ორმოდან კარების გასაღებად, რაც ძალიან მოუხერხებელია, ამასთან მიაქვს დრო  და ამცირებს შრომის ეფექტურობას.

მონაწველის ინდივიდუალური ელექტრონული მრიცხველი საშუალებას იძლევა არა მარტო თვალი ვადევნოთ ლაქტაციის პერიოდში ცალკეული ძროხის წველადობის მაჩვენებლებს და დინამიკას, არამედ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა პირუტყვის ჯანმრთელობის შესახებ თვალსაზრისითაც და გვაძლევს მენეჯმენტისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

სისტემას შესაძლებელია მხოლოდ ერთი საერთო მონაწველის გაზომვის მრიცხველი ჰქონდეს. ამიტომ მომწოდებლის შემოთავაზების სპეციფიკაციებში დააკვირდით შედის თუ არა ის კომპლექტაციაში.

კლასტერის წყლის ჭავლით რეცხვის სისტემა რეცხავს კლასტერის ჭიქებს და მილებს და ახდენს მათ დეზინფიცირებას ყოველი ძროხის წველის დასრულებს შემდეგ, მომდევნო ძროხის მოწველამდე. ეს თავიდან აგვაცილებს გარემოთი გადამდები მასტიტებით ერთი ძროხის მიერ სხვა ძროხის დაინფიცირებას. სისტემა შესაძლებელია კომბინირებული იყოს ცურის წველისშემდგომი ხსნარით დამუშავების ფუნქციითაც. სისტემას შეუძლია ჩაირთოს ავტომატურად კლასტერების მოხსნის შემდეგ ან ჩაირთოს ხელით ჩამრთველის საშუალებით.

ამ ტიპის დამატებითი ავტომატური სისტემის დამონაჟება არ ჯდება იაფი, მაგრამ გაააჩნია თავის უპირატესობა კლასტერების ეფექტიანი რეცხვის, დეზინფიცირების, დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების და დროისა და მუშახელის დაზოგვის თვალსაზრისით.

კლასტერების რეცხვისა და დეზინფიცირების პროცესი საშუალოდ დაახლოებით 30 წამი გრძელდება.

სურათი 17. კლასტერის წყლის ჭავლით რეცხვის სისტემა

 

ძროხის საიდენციფიკაციო სისტემა  წარმოადგენს ჩიპებს, რომლითაც ხდება ძროხების იდენტიფიცირება და ინდივიდუალური მრციხველიდან მონაწველის შესახებ  ჩვენების  მონაცემების მონაცემთა ჰაბით ავტომატურად გადაეცემა კომპიუტერულ  პროგრამას. შესაბამისად,  ჩიპების შესყიდვა თავისი მონაცემთა ჰაბით ამ პროგრამასთან ერთად კომპლექტში მოგიწევთ. ჩიპები ძროხებს კისერზე ყელსაბამით, ფეხზე სპეციალური ზონრით ან ყურზე უმაგრდება.  მის გარეშე  წველადობის შესახებ მონაცემების აღრიცხვისთვის და ანალიზისთვის ინდივიდუალური მრიცხველებიდან ჩვენების ამოწერა და კომპიუტერში მათი შეტანა ხელით მოგიწევთ.

უფრო რთული ფუნქციების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა მონაცემებიც გადაიცეს კომპიუტერში: მასტიტიანი ძროხების იდენტიფიცირება (სპეციალურ დამატებით ელექტრონულ მოწყობილობას ესეც შეუძლია), რძეში ცხიმის და ცილების შემცველობა ინდივიდუალურად ყოველი ძროხისთვის და ამ მაჩვენებლებზე დაყდნობით გადმოიცეს ინფორმაცია ძროხის ჯანმრთელობის შესახებ.

ავტომატური საკვებურა განკუთვნილია ძოხებისთვის საწველ სისტემაში შესვლის წასახალისებლად კონცენტრირებული საკვების მისაწოდებლად. კვლევები ადასტურებს, რომ წველის დროს საონლის კვება ზრდის წველადობას და რძის გაცემის სისწრაფეს. ამასთან, ავტომატური საკვებურა, გვაძლევს შესაძლებლობას თითოეულ  ძროხას ინდივიდუალურად, საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების მიხედვით, მისთვის საჭირო რაოდენობით მივაწოდოთ კონცენტრირებული საკვებდანამატები, რაც ზრდის კვების და ეკონომიკურ ეფექტიანობას.

მაგრამ საკვებურას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, თუ ერთის მხრივ, ის ახალისებს საქონლის საწველ სისტემაში შესვლას, იმავდოულად გასვლის სურვილსაც უკარგავს, რაც აფერხებს მთლიანად ნახირის წველის პროცესს და ზრდის დროს.

საკვებურა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია არც იყოს ავტომატური და მასში საკვების ჩაყრა ხელით ხდებოდეს.

ყურადღება უნდა მიაქციოთ კომპლექტაციაში ისეთ დეტალებსაც, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული ავტომატიზაციასთან, როგორიცაა მაგალითად უჟანგავი ლითონის კიბე ორმოსთვის. თუ ის მომწოდებელმა დაგაკლოთ, თავად მოგიწევთ შემდეგ მისი გაკეთება, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საწველი სისტემები ხშირად იძლევა საშუალებას მასზე ავტომატიზაციის დამატებითი ფუნქციები მოგვიანებითაც გაკეთდეს.

საწველი სისტემების ფასები

საწველი სისტემების ფასები მწარმოებელი ფირმის, ტიპის, სპეციფიკაციების (ავტომატიზაციის) და ზომების მიხედვით ძალიან განსხვავდება. საბაზისო კომპლექტაციის საწველი სისტემის ფასი, ყოველგვარი ავტომატიზაციისა და დამატებითი ფუნქციების გარეშე, ერთ აპარატზე დაახლოებით 2000 აშშ დოლარამდე დაჯდება (აპარატში იგულისხმება  არა მთლიანად სისტემა, არამედ ცალკეული საწველი პლატფორმა-ბაგა თავისი აპარატით). სრული ავტომატიზაციით შესაძლებელია ღირებულებამ ერთ აპარატზე 10000 აშშ დოლარს გადააჭარბოს.

საქართველოს მერძევეობის ასოციაცია

მერაბ ჩხარტიშვილი

 

119

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის სექტემბერი

 

საბოლოო მომხმარებლისთვის გაძვირება სექტემბერშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალა...

ცვლილებები კოოპერატივების მხარდამჭერ პროგრამაში

 

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამა...

საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით - 2019 წლის სექტემბერი - მოკლე მიმოხილვა

 

გასულ თვეში, რძის პროდუქტების იმპორტმა საქართველოში 5.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგ...

 

comments powered by Disqus