სულგუნის ინდექსი - 2018 წლის იანვარი

სულგუნის ინდექსი გვიჩვენებს სულგუნის მწარმოებლის მომგებიანობის ცვლილებას. ინდექსის მიხედვით, უკანასკნელ პერიოდში მომგებიანობა საგრძნობლადაა შემცირებული.

წყარო: GeorgianDairy.org      

სულგუნის ინდექსი გვიჩვენებს სულგუნისა და ნედლი რძის საშუალო საბითუმო ფასების თანაფარდობას საქართველოში. რადგან სულგუნის ინდექსის დასათვლელად საბითუმო ფასები გამოიყენება, ამ ინდექსით აღწერილი მდგომარეობა მის მწარმოებლებს, ანუ პირველად მიმწოდებლებს (ბითუმად მოვაჭრეებს) ეხებათ. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ საბითუმო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია როცა საქმე საცალო ფასების განსაზღვრას ეხება: გაზრდილი საბითუმო ფასები ხშირად საცალო მოვაჭრეებს თავიანთი ფასების გაზრდისაკენ უბიძგებენ.

სულგუნის ინდექსის ზრდა სულგუნის მწარმოებლების მომგებიანობის გაზრდაზე, კლება კი პირიქით - შემცირებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ სულგუნის ინდექსი არ არის მომგებიანობის აბსოლუტური საზომი. ის გვიჩვენებს 1 კგ სულგუნი ყველის საწარმოებლად, რძეზე გაწეული დანახარჯების რენტაბელურობას: რაც მაღალია ინდექსი, მით მეტი შემოსავალი მოაქვს თითოეულ ლარს, რომელიც სულგუნის საწარმოებლად, ადგილობრივი ნედლი რძის შეძენაზე დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ხარჯების კლებასთან და შემოსავლების ზრდასთან ერთად, სულგუნის მწარმოებლისთვის მომგებიანობა იზრდება - შესაბამისად, სულგუნის ინდექსი პირდაპირ კავშირშია გადამამუშავებლის მოგებასთან.

გრაფიკზე აღწერილი სიტუაცია ძირითადად ადგილობრივი ნედლი რძის სეზონური წარმოებითაა განპირობებული:  სხვა პერიოდებთან შედარებით, წველის სეზონისთვის ნედლი რძის საბითუმო ფასების მკვეთრი კლება სულგუნის მწარმოებლის მომგებიანობას თვალშისაცემად ზრდის. ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს რომ წველის სეზონზე რძის ფასები (პროცენტულად) უფრო მეტად მცირდება ვიდრე სულგუნის ჩაბარების ღირებულება.

რაც შეეხება უკანასკნელ რამდენიმე თვეს, ჩვენ ვხედავთ რომ ინდექსი 1-ზე დაბლაა, რაც იმას ნიშნავს რომ მწარმოებლის სიტუაცია 2017 წლის დასაწყისთან შედარებით გაუარესებულია. თუ შევადარებთ ანალოგიურ პერიოდებს, მაგალითად ავიღოთ 2018-ისა და 2017 წლის იანვარი, ვნახავთ რომ მიმდინარე მომგებიანობა შარშანდელზე ნაკლებია. წელს იანვარში ინდექსმა 0.85 უჩვენა, შარშან კი 1.00. 

რატომაა წელს მომგებიანობა უფრო დაბალი ვიდრე შარშან? - რძის ფასების მატების გამო. მომდევნო გრაფიკში ვნახავთ რომ უკანასკნელ პერიოდში ნედლ რძეზე საშუალო ფასები გაზრდილია (წინა წელთან შედარებით), ხოლო სულგუნზე კი - არა. 

წყარო: GeorgianDairy.org      

თებერვლის განმავლობაში სულგუნის ინდექსის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის: რადგან ნედლ რძეზე ფასები კვლავ მეტნაკლებად მაღალ დონეზე რჩება, სულგუნის ფასი კი, როგორც გრაფიკიდან ჩანს, დაცემულია. ყველის მწარმოებლების მომგებიანობის მატებას თებერვლის შემდეგ, ნედლი რძის მიწოდების ზრდის პარალელურად უნდა ველოდეთ.

მასალის გამოყენების პიროებები

333

 

მსგავსი

 

კონკურსი: 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს
გამოსავლენად და იწვ...

 

comments powered by Disqus