სულგუნის ინდექსი - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ 6 თვეში პირველად, სულგუნის ინდექსმა, რომელიც რძის გადამამუშავებელთა მომგებიანობას აფასებს, წინა ორივე წლის მაჩვენებელს გადაასწრო. როგორც წესი ამ დროს ინდექსი უკვე კლების სეზონურ ფაზაშია ხოლმე, თუმცა წლევანდელი წელი განსხვავებულია: სულგუნის ინდექსი ბოლო 3 თვეა შეუქცევადად მატულობს.


მოკლედ შეგახსენებთ თუ რა არის სულგუნის ინდექსი: სულგუნის ინდექსი სულგუნი ყველის დიდ ქსელებსა და სუპერმარკეტებში ჩაბარების საბითუმო საშუალო ფასისა და რძის მოსახლეობისაგან შესყიდვის საშუალო ფასის თანაფარდობის ამსახველი ინდექსია. ამ ფასების შეფარდებით, ჩვენ ვცდილობთ შევაფასოთ რძის გადამუშავების მომგებიანობის დინამიკა საქართველოში.

მაგალითად, ყველზე ფასის მატება ზრდის ინდექსს, ანუ გადამუშავების მომგებიანობას - გადამამუშავებლის მიერ გაყიდული ერთეული პროდუქტი უფრო ძვირად იყიდება, შესაბამისად იმატებს მიღებული შემოსავალი. რძეზე ფასის ზრდა პირიქით, გადამამუშავებელს უმცირებს მომგებიანობას - ყველის საწარმოებელი მთავარი პროდუქტის, რძის, გაძვირება ნიშნავს გაზრდილ წარმოების ხარჯებს.

რას გვეუბნება თავად მომგებიანობა? - როცა ბიზნესის მომგებიანობა უმჯობესდება, იქმნება სტიმულები წარმოების ზრდისთვის. წარმოების ზრდა თავის მხრივ გულისხმობს დამატებით ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს. ჩვენს შემთხვევაში წარმოება, პირდაპირ სულგუნის წარმოებაა, ირიბად კი მთლიანად რძის გადამუშავება საქართველოში (რადგან სულგუნი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რძის პროდუქტია).


როგორც ხედავთ, სულგუნის ინდექსი სეზონურია. წლის შუა ნაწილში გადამუშავების მომგებიანობა იზრდება რძეზე ფასების ხისტი სეზონური ვარდნის გამო: იაფი რძე, იაფ საწარმოო მასალას ნიშნავს; რათქმაუნდა წარმოების გაიაფება მომგებიანობაზე დადებითად მოქმედებს. საინტერესოა რომ წელს ინდექსი გასული წლების სეზონურობისაგან განსხვავდება, რაც სულგუნზე ფასის სწრაფი ზრდითაა განპირობებული (რაზეც შემდგომში ვისაუბრებთ).

აღსანიშნავია რომ ბოლო 3 წელიწადში ინდექსი წლიდან წლამდე უარესდება: სულგუნზე ფასები ვერ მატულობდა იმ დონეზე რომ რძეზე მზარდი ფასები დაეკომპენსირებინა (გადამამუშავებელთა შემთხვევაში რძე ხარჯია, სულგუნი კი შემოსავალი). გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. მიუხედავად ბოლო 2 თვეში წლიური ზრდისა, პირველი 8 თვის საშუალო მაინც ჩამორჩება 2018 წლისას (დაახლოებით 1-2%-ით).

GeorgianDairy-ს მონიტორინგის მიხედვით:

  • აგვისტოში, კილოგრამი სულგუნის (ქსელებსა და სუპერმარკეტებში) ჩაბარების საშუალო ფასმა 12.00-12.50 ლარი შეადგინა
  • რაც შარშანდელზე 13%-ით მეტია, რაც ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდაა განხილულ პერიოდში
  • გაძვირდა რძის მოსახლეობისაგან შესყიდვაც
  • აგვისტოში კილოგრამი რძის შეძენა საშუალოდ 0.86 ლარად ხდებოდა
  • რაც შარშანდელ მაჩვენებელს 7.5%-ით აჭარბებს
  • საერთო ჯამში სულგუნის ინდექსმა შარშანდელი აგვისტოს მაჩვენებელს 5%-ით გადააჭარბა

იმისათვის რომ 2019 წლის მომგებიანობის საშუალოწლიური მაჩვენებელი შარშანდელს გაუტოლდეს, ივლისი-აგვისტოს დინამიკა 2018 წელთან მიმართებაში წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს რომ სულგუნის წლიური 10-13%-იანი გაძვირება უნდა შენარჩუნდეს, რაც რთული მისაღწევია იქნება, რადგან დიდი ალბათობით მომხმარებლის ფასები არანორმალურად სწრაფი ტემპებით გაიზრდება. პარალელურად, რძე წლიურად 5-8%-ზე მეტად არ უნდა გაძვირდეს, რაც განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნება, სავარაუდოდ ეს ასეც მოხდება. საერთო ჯამში არ ველოდებით რომ სულგუნის ინდექსის წლევანდელი საშუალო მაჩვენებელი შარშანდელს გადაასწრებს, რადგან ფასების მსგავსი ტემპების შენარჩუნება უპრეცენდენტო იქნება.

 

ბოლოსთვის ვუპასუხოთ კითხვას თუ რატომ გაძვირდა სულგუნის ჩაბარება ასეთი სწრაფი ტემპებით?

პირველ რიგში სულგუნის გაძვირება შეგვიძლია გვალვებს მივაწეროთ. გვალვა ნიშნავს რძის სეზონის დროზე ადრე დასრულებას, რადგან საძოვრები ნაადრევად ხმება. წველის სეზონის დასრულება ნიშნავს რომ შინამეურნეობები იწყებენ წარმოებული ყველის გაძვირებას. ეს ყველი ძირითადად არარეგულირებად ბაზრობებზე ხვდება და არა ქსელებსა და სუპერმარკეტებში (რომელსაც ჩვენ სულგუნის ინდექსისთვის ვიყენებთ). ასეთ ბაზარზე სულგუნის გაძვირება საშუალებას აძლევს ქსელებსა და სუპერმარკეტებში ჩამბარებლებს რომ თავადაც გააძვირონ ყველი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ჯაჭვურად ვიღებთ რომ წელს სულგუნის ჩაბარების ფასმა უფრო ადრე დაიწყო ზრდა რადგან რძის სეზონი უფრო ადრე დასრულდა. შესაბამისად, ფასების მაღალი წლიური ზრდაც დაფიქსირდა. აღსანიშნავია რომ ჩვენი მონიტორინგის მიხედვით, ბაზრობაზე სულგუნის ჩაბარება წინა წლის აგვისტოსთან შედარებთ 2-3 ლარით არის გაძვირებული.

წველის სეზონის ნაადრევ დასრულებაზე უფრო კომპლექსური პრობლემაა ინფლაციური წნეხი. თუ ფასებიდან ინფლაციას გამოვქვითავთ, ვნახავთ რომ სულგუნის ქსელებსა და დიდ მაღაზიებში ჩაბარების საშუალო ღირებულება წლიდან წლამდე ვერ იზრდებოდა. უფრო მეტიც, პირველი 6 თვის განმავლობაში წელს რეალური ფასები უფრო დაბალი იყო ვიდრე შარშან: ანუ 1 კილოგრამი სულგუნის რეალიზაციის შემდეგ, გადამამუშავებელი უფრო ნაკლებ სხვა პროდუქტს შეიძენდა ვიდრე ერთი წლით ადრე. ასეთი წნეხის დროს ლოგიკურია რომ გადამამუშავებლებმა საკუთარ სულგუნზე ფასის ზრდა მოითხოვონ. აღსანიშნავია რომ ივლისი-აგვისტოში გაზრდილი ფასების შედეგად, წელს სულგუნის ჩაბარების საშუალო რეალური ფასი პირველი 8 თვისთვის შარშანდელის იდენტურია: წლის ცუდი დასაწყისი გაზრდილი ფასებით დაკომპენსირდა.

 


მეთოდოლოგია

სულგუნის მომგებიანობის ინდიკატორი = სულგუნის საბითუმო ფასი / რძის საბითუმო ფასი

სადაც:

სულგუნის საბითუმო ფასი = სულგუნის საშუალოთვიური ფასი უშუალოდ გადამამუშავებლებთან

რძის საბითუმო ფასი = ნედლი რძის საშუალოთვიური ფასები ფერმის კართან დაბალ-ინტენსიურ მეურნეობებში

სულგუნის ინდექსი = ინდექსირებული სულგუნის მომგებიანობის ინდიკატორი; 100 = 2017 წლის პირველ თვე

საბითუმო ფასები მიღებულია GeorgianDairy.org-ის მიერ, რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა მონიტორინგის შედეგად

 

 

227

 

მსგავსი